ადრეც ვწერდით, რომ შიდა ქართლის, განსაკუთრებით კი ცხინვალის მიმდებარე ქართული სოფლებისათვის ერთ–ერთი უმთავრესი პრობლემა, სარწყავი და სასმელი წყლის არქონაა. როგორც იცით, სეპარატისტულმა რეჟიმმა 2 წელზე მეტია, რაც ქართულ სოფლებს წყალი გადაუკეტა და ამის გამოისობით, 20–მდე ქართული სოფელი სოციალური კატასტროფის წინაშე დადგა.
ჩვენთან საუბარში, მეღვრეკისელი, ერგნეთელი, ნიქოზელი, ხვითელი და სხვა ქართული სოფლების მკვიდრი გლეხები არაერთხელ აღნიშნავდნენ იმას, რომ წყლით მომარაგების პრობლემის მოგვარება მათთვის სასიცოცხლო ხასიათს ატარებდა და აღშფოთებას ვერ მალავდნენ, რომ ამ საკითხით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები თითქმის არასოდეს ინტერესდებოდნენ.
როდესაც ზაფხულმა ჩაიარა, გვალვებისა და სიცხის პერიოდი დამთავრდა და მოსახლეობას, ფაქტობრივად მთელი წლის მოსავალი ჩაუხმა, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ საააშვილმა, 11 ოქტომბერს, თავის რეზიდენციაში სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე და შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი მიიწვია და ტელეკამერების წინ, სხვა საკითხეთან ერთად, შიდა ქართლში წყლის მომარაგების პრობლემის გადაწყვეტაც დაავალა.
ეს ყველაფერი გაკვირვებას იწვევს თუნდაც იმიტომ, რომ მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ შეიძლებოდა მოსახლეობის მოსავლისა და ხეხილის გადარჩენა, ხელისუფლებას ერთი კომენტარიც კი არ გაუკეთებია აღნიშნულ საკითხზე, ახლა კი, როცა “ურემიც გადაბრუნდა“ და “ქარავანმაც ჩაიარა“, სააკაშვილმა ყველასთვის მოულოდნელად დააყენა სარწყავის სისტემის აღდგენის საკითხი.
გიორგი ჯავახიშვილი, ცხინვალის რეგიონის მკვიდრი: - “როდესაც სააკაშვილი მინისტრებს სარწყავი არხის აღდგენაზე ელაპარაკებოდა, მაშინ მე და ჩემი მეზობლები ტყეში ვიყავით წასული, ზამთრისათვის ხის მოსაჭრელად. ჩემმა ბიძაშვილმა იქ დამირეკა და გახარებულმა მითხრა – გვეშველა, მგონი სარწყავი უნდა გაგვიკეთონო! ეს კარგი ამბავია და არც ჩვენ გვწყენია, მაგრამ აქამდე სად იყვნენ ეს ხალხი, მაგას ვერ ვხვდები. მაინც და მაინც, ყველაფერი უნდა ჩამხმარიყო და განადგურებულიყო, რომ ამაზე დაეწყოთ ლაპარაკი? სულ იმას იძახდნენ, ფული არა გვაქვს და ჯერ ვერაფერს გავაკეთებთო. ახლა ციდან ჩამოუვარდათ ეგ ფული?
ყველაფერი უცნაური ჩვენს ქვეყანაში როგორ უნდა ხდებოდეს კაცო... ამ დალოცვილებს, ჯერ კიდევ შარშან რომ ეზრუნათ წყლის ამბავზე, განა მოხდებოდა რამე? ამდენი ბაღ–ვენახი ხომ გადაურჩებოდათ ჩვენებს? ახლა, ამ გაგანია შემოდგომაზე და სიცივეების პერიოდში რომ გაახსენდათ, მოეხედათ აქეთ ცოტა ადრე და ყველანი კმაყოფილები დავრჩებოდით. რაც უწყლობით გაფუჭდა და გადაიხრუკა, იმას უკვე აღარაფერი ეშველება. იმედია, სააკაშვილის სიტყვები მხოლოდ სიტყვებად არ დარჩება და მომავალ ზაფხულს მაინც დაგვადგება საშველი. თუ ესეც ტყული გამოდგა და, წასულია ჩვენი საქმე და ის არის...“
11 ოქტომბერს, პრეზიდენტსა და მინისტრებს შორის შეხვედრის დროს, პრეზიდენტი დაინტერესდა, რა მდგომარეობაა ოკუპირებული ზონების მიმდებარე სოფლებში,როგორც სარწყავი, ასევე სასმელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით და როდის დაურიგდებათ მათ შეშა. თუ როგორ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა, ამ კითხვით მიხეილ სააკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრს მიმართა. როგორც ბაკურ კვეზერელმა თქვა, ოკუპირებულ ზონებთან მდებარე 7 სოფელშია სარწყავი წყლის პრობლემა, თუმცა მომზადებულია პროექტი, რომლის მიხედვითაც მომავალი ზაფხულისათვის ეს პრობლემა აღარ იქნება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, საინტერესოა, რა ლოგიკით დაადგინა, რომ სარწყავი წყლის პრობლემა შიდა ქართლში მხოლოდ 7 სოფელს აქვს და არა მთელს ლიახვის ხეობის ქვემო წელის სოფლებსა და ორივე ფრონეს (საუბარია აღმოსავლეთ და დასავლეთ ფრონეების ხეობებზე) ხეობას, სადაც 20–ზე მეტი ქართული სოფელი თანაბრად განიცდის უწყლობასაც და უგზოობას.
კობა ბერთვიშვილი, ფრონეს ხეობის მკიდრი: - “ივლისის თვეში წვიმა სულ ერთხელ მოვიდა და მთელი ჩვენი მოსავალი განადგურდა. ამ ამბავში ოსები ჩვeნზე უარეს დღეში არიან, რადგან იმ მიწების უმეტესობა მთლად მოუსავლიანია და სარწყავის გარეშე მწვანილის მოყვანაც კი შეუძლებელია. ჩვენს ხელისუფლებას იარაღის ჟღარუნს თავიდანვე სარწყავის გაყვანაზე ფიქრი ერჩია და ამით ყველა კმაყოფილი დავრჩებით.
რამდენიმე დღის წინ სარწყავის არქონის პრობლემებზე გორში ერთ-ერთ ჩინოვნიკს ველაპარაკე და მითხრა, რომ ახალი არხის გაყვანა ძალიან ძვირი ჯდება და ჩვენი ბიუჯეტი მაგას კარგა ხანი ვერ გასწვდებაო. ახლა თქვენ მითხარით, რას აკეთებს ჩვენი მთავრობა და პრეზიდენტი ამ დროს?! არც არაფერს აკეთებს.
სააკაშვილმა მინისტრებს კი დაავალა, მაგრამ ჯერ ბოლომდე კიდევ არ მჯერა, რომ სარწყავის გაყვანას აქ ოდესმე მაინც დაადგება საშველი. თბილისში ხსნიან ფანტანებს, რომელიც არავის არ სჭირდება, მხოლოდ წყალი იღვრება უაზროდ და ამ დროს აქაურებისათვის ხანდახან სასმელი წყალიც კი საძებარია. შარშანაც და იმის წინაც ასეთი მდგომარეობა იყო და ყველას ვეხვეწებოდით ჩვენთვის მოეხედა. თუ ეს 3-4 მილიონი მართლა ასეთი უშოვარი თანხა იყო ჩვენი ხელისუფლებისათვის?“
ზაფხულობით სამაჩაბლოში უწყლობის პრობლემა ერთგვარ ცუდ ტრადიციად ჩამოყალიბდა. ადგილობრივი სასოფლო და საოჯახო მეურნეობები სარწყავ წყალზე სასიცოცხლოდ არიან დამოკიდებულნი. საბჭოთა კავშირის დროს დიდი ლიახვის ხეობაში სამი, პატარა ლიახვის ხეობაში ორი, მდინარე ფრონის ხეობაში კი ერთი ცენტრალური სარწყავი მაგისტრალი არსებობდა და წყლის ეს რესურსი მეტნაკლებად ჰყოფნიდათ გლეხებს.
ბოლოს კი, მთელს კონფლიქტის ზონაში ერთადერთი სარწყევი არხიღა ფუნქციონირებდა და მისი სათავეც სეპარატისტების ხელშია. ეს არხი დიდი ლიხვის ხეობაში გადის და არაერთხელ გამხდარა დაპირისპირებების მიზეზი.