ათი წლის წინ სამხრეთ კავკასია ევროკავშირის ორბიტისგან ძალიან შორს იყო. დღეს სიტუაცია იცვლება.
ევროკავშირი სულ უფრო ძლიერ კონტაქტებს ამყარებს რეგიონის სამ ქვეყანასთან (სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო). 2007 წლიდან, სამივე ეს ქვეყანა ევროკავშირის „ევროპული სამეზობლო პოლიტიკის“ (ENP) ნაწილი გახდა, ამ პროექტმა შექმნა ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამა. მართალია, ჯერ რთულია იმის თქმა, რომ ევროკავშირს რეგიონთან დაკავშირებული მკაფიო სტრატეგია აქვს, თუმცა ის მის სტრატეგიულ მნიშვნელობას აღიარებს. სხვა რეგიონული მოთამაშეებისგან განსხვავებით, ევროკავშირს წარსულის „ტვირთი“ არ აწევს, რაც უიოლებს მას იყოს ნეიტრალური მოთამაშე.
სამი ქვეყნიდან, საქართველოს ევროკავშირთან ყველაზე ღრმა და ყველაზე წარმატებული ურთიერთობა აქვს. სწორედ საქართველო ლობირებდა „ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში“ რეგიონის ჩართვას და თბილისი ყოველთვის უფრო აქტიურობდა. სომხეთი და აზერბაიჯანი საქართველოს შემართებით სარგებლობდნენ. არ არსებობს კითხვები არც იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო თავს მომავალში ევროკავშირის ნაწილად ხედავს, და საკუთარ თავს სულ უფრო აღიქვამს სამაგალითო ქვეყნად რეგიონისთვის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის დღეს ცერემონიაზე ევროკავშირის დროშაც ფრიალებდა.
ქართველები, რომლებიც არასტაბილურ სამეზობლოში ცხოვრობენ, საკუთარი უსაფრთხოების ერთადერთ გარანტიას ევრო-ატლანტიკური ინსტიტუტების წევრობაში ხედავენ. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა საქართველოს ევროპული არჩევანი აღიარა, მისი გაწევრიანება ძალიან შორეულ პერსპექტივად რჩება. თუმცა საქართველო არ შეშინდა და სჯერა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ევროკავშირთან შესაძლებისდაგვარად ბევრი სხვადასხვა მიმართულებით კავშირების განმტკიცებით, მას გაუიოლდება საბოლოო ინტეგრაცია. სწრაფი წინსვლაა მოლაპარაკებებში ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე და ტექსტის 75% უკვე შეთანხმებულია, მაშინ როდესაც მოლაპარაკებები ღრმა და ყოველმხრივი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ დეკემბერში დაიწყო. საქართველო მუშაობს ასევე ვიზების გამარტივების და რეადმისიის ხელშეკრულებაზე, რათა გაიხსნას თავისუფალ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული დიალოგი. სამწუხაროდ, მას შემდეგ რაც საქართველომ ხელი მოაწერა რეადმისიის ხელშეკრულებას, ბლოკის ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ გაამკაცრა სავიზო მოთხოვნები მისი მოქალაქეებისთვის.
„კარგი“ არჩევნების ჩატარება ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის დემოკრატიული სტანდარტების ტესტია. საქართველოს წინ ელის ასეთი ორი ტესტი – საპარლამენტო არჩევნები შემოდგომაზე და საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს. უშუალოდ არჩევნების შეფასებასთან ერთად, ევროკავშირი ძალიან ყურადღებით დააკვირდება წინასაარჩევნოდ განვითარებულ მოვლენებს, რაც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობა, რაზეც გაკრკვეული შეშფოთება რჩება. საქართველოს ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ახლოს ითანამშრომლებდა ოპოზიციურ პარტიებთან და შექმნიდა სპეციალურ კომისიას საარჩევნო სიების ჩამოყალიბებაზე ზედამხედველობისთვის…, რასაც ოპოზიციური „ახალი მემეარჯვენეები“ უხელმძღვანელებდნენ. საზოგადოებრივი ტელევიზია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის თანაბარი პირობებით და ახალი კანონით მედია ბიზნესში ერთი აქციის ქონაც კი ყველა ოფშორულ კომპანიას ეკრძალება.
მიუხედავად ამისა, შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას დემოკრატიის, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ზრდისკენ. საქართველო, უსაფრთხოების მხრივ კვლავ სერიოზული გამოწვევების წინაშეა – მისი ტერიტორიის დაახლოებით 20% ოკუპირებულია და ქვეყანას ჰყავს დაახლოებით 250 000 იძულებით გადაადგილებული პირი. მაშინ როდესაც რუსეთთან ურთიერთობა კვლავ დაძაბულია, საქართველომ გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და „ძალის გამოუყენებლობის“ პირობა დადო. რუსეთმა ამას ანალოგიური ნაბიჯით არ უპასუხა. მეტიც, საქართველო წუხდა რუსეთის მიერ დაგეგმილ სამხედრო წვრთნაზე „კავკასია 2012“, რომლის ჩატარებაც რუსეთის, სომხეთის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იგეგმება. წვრთნები, რომელიც 2008 წლის ზაფხულში, აჯანყებული რეგიონების საზღვრებთან, შეიარაღებული ინციდენტების დროს ტარდებოდა, ანალოგიურ სახელს ატარებდა. ბევრი ქართველის აზრით, „კავკასია 2008“-მ ხელი შეუწყო ქართული არმიის სწრაფ მარცხს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. „რუსული საკითხის“ გარდა, თბილისი შეშფოთებულია ირანის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით და იმ შესაძლო ვაკუუმით, რაც აშშ-ს არმიის ავღანეთიდან გამოსვლის შემდეგ გაჩნდება. არსებობს შიში, რომ ავღანეთს ისლამისტები დაეპატრონებიან, რაც რეგიონზე ძალიან ნეგატიურად აისახება.
ევროკავშირი „ჟენევის პროცესის“ სამშვიდობო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა და ევროკავშირის მონიტორინგის მიისიის სახით ასევე წარმოდგენილია (იარაღის გარეშე) რეგიონში, მაგრამ მას ხელი არ მიუწვდება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიებზე. წელს მოგვიანებით, მისიის მანდატი განახლებას საჭიროებს. ევროკავშირს სურს იპოვოს გზა სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან თანამშრომლობის (აღიარების გარეშე), მიაჩნია რა, რომ იზოლაცია არაკონსტრუქციული პოლიტიკაა. არსებობს იმედი, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის გაღრმავება, საქართველოს უფრო მიმზიდველს გახდის სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მოსახლეობისთვის. ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს ხელისუფლებას „თანამშრომლობის უფრო ეფექტური პოლიტიკის წარმართვასა და პრაგმატული, პოზიტიური და კონსტრუქციული მიდგომის განსაზღვრაში ვაჭრობის, მოგზაურობისა და ინვესტიციების წახალისებისთვის ადმინისტრაციული საზღვრის ირგვლივ“.
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და კვლავ შეშფოთებულია რუსეთის სამხედრო და უშიშროების ძალთა გახანგრძლივებული ყოფნით გამოყოფილ რეგიონებში. თუმცა, ვიდრე ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, ის ამის მიღწევას ვერ ახერხებს, და როგორც ჩანს, ამ მხრივ ევროკავშირსაც და ნებისმიერ სხვა ორგანიზაციასაც, ცოტა რამის გაკეთება თუ შეუძლიათ.
foreignpress.ge