მსოფლიო 8 აგვისტოს მოლოდინშია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთთან დაკავშირებით. აშშ-ის ულტიმატუმი სწორედ ამ დროს იწურება, თუმცა ტრამპი აცხადებს, რომ სანქციები საკმაოდ დამაზიანებელი და მტკივნეული იქნება კრემლისთვის. ამის პარალელურად კი ტრამპმა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბირთვული იარაღის გამოყენების დაუსრულებელ მუქარას უპასუხა და განაცხადა, რომ მისი ბრძანებით, წყალქვეშა ბირთვული გემები რუსეთთან ახლოს გადაისროლა, მაგრამ არ აკონკრეტებს, სად. ტრამპი აღნიშნავს, რომ რუსეთის მუქარის პარალელურად, აშშ მზად უნდა იყოს, კრემლი კი იხტიბარს არ ტეხს და აცხადებს, რომ მათ სანქციების მიმართ იმუნიტეტი გამოუმუშავდათ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ რუსეთთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, სანქციებს დააწესებს.
„მე ბევრჯერ ვესაუბრე პუტინს და მგონია, რომ ძალიან კარგი საუბრები გვქონდა. შემდეგ სახლში მივდივარ და ვხედავ, რომ კიევსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში ბომბი ჩამოაგდეს და ხალხი დაიღუპა. შესაძლოა, მას უკრაინის მთლიანად ხელში ჩაგდება უნდა. მგონია, ეს მისთვის ძალიან რთული იქნება“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
კითხვაზე, შეიცვალა თუ არა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ვლადიმერ პუტინზე შეხედულება, ტრამპმა უპასუხა, რომ „არა“.
„თუ რუსეთთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მაშინ სანქციებს დავაწესებთ. პუტინმა იცის, როგორ აირიდოს სანქციები. ის ნამდვილად კერკეტი კაკალია. ამ თვალსაზრისით, ჩემი დამოკიდებულება არ შეცვლილა, თუმცა გაკვირვებული ვარ. არაერთი კარგი საუბარი გვქონდა, სადაც შეგვეძლო ომის დასრულება და შემდეგ უცებ ბომბები ცვივა“, - დაამატა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის განცხადებით, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი ხშირად ბევრს ლაპარაკობს და მის მიერ გაგზავნილი ბირთვული წყალქვეშა ნავები რუსეთთან ახლოს არიან.
„მსგავსი რაღაცები წარსულშიც უთქვამს, ამიტომ ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ. ამ მიზნით, რეგიონში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავი გავგზავნე. უბრალოდ, მინდა დავრწმუნდე, რომ მისი სიტყვები მხოლოდ სიტყვებია და სხვა არაფერი. ისინი რუსეთთან უფრო ახლოს არიან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox Radio-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მშვიდობის მიღწევაზე რუსეთთან პროგრესი არ შეინიშნება და ტრამპს ვარიანტები აქვს: მეორადი სანქციები ნავთობზე და საბანკო სანქციები.
სახელმწიფო მდივანმა კომენტარი გააკეთა რუსეთის ყოფილ პრეზიდენტზე, დიმიტრი მედვედევზე და აღნიშნა, რომ ის რუსეთის პოლიტიკაში „რელევანტური მოთამაშე“ და „გადაწყვეტილებების მიმღები“ არ არის.
ასევე, ცნობილი ხდება, რომ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი ისრაელსა და ღაზას სექტორში ოფიციალური ვიზიტით ჩავა, ამის შემდეგ კი რუსეთს ეწვევა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა. ტრამპს არ განუმარტავს, კონკრეტულად, რა თარიღებში ჩავა სტივ უიტკოფი რუსეთში, ან ვისთან გამართავს შეხვედრებს.
„ის მიდის ისრაელში, ხოლო შემდეგ, გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, რუსეთში“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
უიტკოფი ბოლოს რუსეთში აპრილში იმყოფებოდა და კრემლში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
ამის პარალელურად, უკრაინაში ომი გრძელდება - დონეცკის რეგიონში სიტუაცია გამწვავდა. რუსეთი აცხადებს, რომ ქალაქი ჩასოვ-იარი ხელში ჩაიგდო, თუმცა უკრაინაში ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ და ამბობენ, რომ თავდასხმები კვლავაც გრძელდება. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევზე განხორციელებულ რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს ერთ-ერთ, ყველაზე სასტიკ თავდასხმას უწოდებს.
„დღე მსოფლიომ კიდევ ერთხელ იხილა რუსეთის პასუხი ჩვენს სურვილზე მშვიდობისკენ, ამიტომ მშვიდობა ძალის გარეშე, შეუძლებელია“, - განაცხადა მან.
„ჟურნალ არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ატომური წყალქვეშა ნავების საბრძოლო მორიგეობა მუდმივად ხორციელდება ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდიდან, როგორც ამერიკის, ასევე რუსეთის მხრიდან.
„ის ატომური წყალქვეშა ნავები, რომლებიც აღჭურვილია ბირთვული ქობინებითა და ბალისტიკური რაკეტებით, არ საჭიროებენ უშუალოდ მოწინააღმდეგე ქვეყნის სანაპიროსთან მიახლოებას გასროლის განსახორციელებლად. ამ ბალისტიკური რაკეტების სროლის რადიუსი 9-10, ან 11 000 კილომეტრია, ამიტომ მათ ოკეანის ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ რაკეტების გაშვება. მათ შეუძლიათ მოწინააღმდეგე ქვეყნის ძირითად სამიზნეებს ამ მანძილიდანაც მიწვდნენ. თუ საუბარია მრავალფუნქციურ წყალქვეშა რაკეტებზე, რომლებიც შეიარაღებულია ფრთოსანი რაკეტებით, მათ შედარებით ახლოს სჭირდებათ მისვლა მოწინააღმდეგე ქვეყნის ტერიტორიაზე. ტრამპის ბრძანება, რუსეთის ტერიტორიასთან, ან რეგიონში ამ ნავების განთავსების შესახებ, ერთგვარი პასუხია მედვედევის დაუსრულებელ მუქარაზე. ამერიკელებსაც ამოუვიდათ ყელში მუდმივად არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მედვედევის მუქარა“, - აცხადებს ალადაშვილი.
სამხედრო ექსპერტი გამორიცხავს, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის სიტუაცია ბირთვულ დონეზე დაიძაბოს.
„რა თქმა უნდა, არ ველი, რომ კუნთების ეს თამაში, ორივე ქვეყნის მხრიდან, რეალურ დაპირისპირებაში გადაიზრდება, თუმცა რა მოხდება 8 აგვისტოს და რა სახის სანქციებს აამოქმედებს ტრამპი, ამას მართლაც ძალიან დიდი ზეგავლენა ექნება კრემლსა და მის პოლიტიკაზე. აქვე, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ პესკოვის თქმის არ იყოს, რუსეთს მართლა იმუნიტეტი აქვს უკვე ამ სანქციების მიმართ გამომუშავებული.
ჯერ კიდევ ცივი ომის დროს, როცა დასავლეთი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ სანქციებს აწესებდა, მათ შორის, ავღანეთში შეჭრაზე, კორეული თვითმფრინავის ჩამოგდების გამო და ა.შ., ამ სანქციებს საბჭოთა კავშირი სპეცსამსახურების მეშვეობით ეფექტიანად უვლიდა გვერდს. ახლაც, რა სანქციებიც დაუწესეს, ყველა მათგანს გვერდი ეფექტიანად აუარეს.
აფეთქებულ უკრაინულ სახლებში, სადაც ამ იარაღის დეტალებს პოულობენ, ჩანს, რომ დასავლური წარმოშობისაა. იქ თარიღიც არის მითითებული, რომ ის ომის შემდეგ არის დამზადებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დეტალებს რუსეთი ძვირად, მაგრამ მაინც იღებს - დასავლური კომპანიები, მესამე ქვეყნების გამოყენებით, ისევ რუსებზე ყიდიან“, - ამბობს ალადაშვილი.
მისივე თქმით, თუ ეს სანქციები ნავთობსა და ბუნებრივ აირს შეეხება, მაშინ რუსეთზე დარტყმა უკვე მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს.
„უკვე არის ინდოეთის მხრიდან განცხადება გაკეთებული, რომ რუსული ნავთობის ჩამოტვირთვაზე უარს ამბობენ. თუ ეს გაგრძელდება ჩინეთისა და ბრაზილიის შემთხვევაშიც, რომლებიც რუსული ნედლი ნავთობის ძირითადი შემსყიდველები არიან, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს რუსეთის ბიუჯეტის შევსებაზე იმოქმედებს. საბოლოოდ კი, ომის წარმოებაზე აისახება, რადგან ყოველდღიურად, ეს ომი რუსეთს მილიარდობით დოლარი უჯდება“, - ამბობს ალადაშვილი.
რაც შეეხება დონეცკში მიმდინარე ინტენსიურ ბრძოლებს, ალადაშვილი მიიჩნევს, რომ პუტინისთვის ამ რეგიონის ხელში ჩაგდება მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.
„რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ახლა, სულ მცირე, ექვსი ინტენსიური საბრძოლო მოქმედება მიმდინარეობს, სადაც მოქცეულია კუპიანსკი, პოკროვსკი და სხვა რამდენიმე ქალაქი. რაც შეეხება ჩასოვ-იარს, რუსებმა მასზე შეტევა ჯერ კიდევ 2024 წლის აპრილში დაიწყეს, ამდენი ხანი გავიდა და ჯერ კიდევ ვერ ჩაიგდეს ხელში, ქალაქში არიან, მაგრამ ბოლომდე ვერ აიღეს. თუმცა, ადრე თუ გვიან, ეს შესაძლოა მოხდეს. პუტინი ცდილობს, რომ კრამატორსკი-სლავიანსკზე გასასვლელი რუსეთს დარჩეს. რუსეთს სურს, რომ ეს ოთხივე რეგიონი სრულად შეერთდეს და მისი ტერიტორიები გააკონტროლოს“, - ამბობს ალადაშვილი.