დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა - „ნაციონალებს“ პოლიტიკური სანაგვე ემუქრება, სააკაშვილს კი ახალი ბრალის წარდგენა აგვისტოს ომზე

დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა - „ნაციონალებს“ პოლიტიკური სანაგვე ემუქრება, სააკაშვილს კი ახალი ბრალის წარდგენა აგვისტოს ომზე

საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელიც 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობას სწავლობდა, საბოლოო დასკვნა წარადგინა. დოკუმენტი, რომელსაც კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა 430-გვერდიანი უწოდა და რომელშიც არ შედის ათობით გვერდი დანართი, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომავლისთვის. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ აანონსებდა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის მოთხოვნით, და ახლა, კომისიის დასკვნის შემდეგ, ეს საკითხი დღის წესრიგში კვლავ გააქტიურდება.

კომისიის დასკვნა, რომელიც თეა წულუკიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილისა და მათთან დაკავშირებული პირების 2003 წლის ნოემბრიდან დღემდე ჩადენილ ყველა ფაქტსა და ქმედებას აერთიანებს, მოიცავს რამდენიმე ძირითად თავს:

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას: ეს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც წლების განმავლობაში, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, არაერთი კრიტიკული დასკვნა მომზადდა;

სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილ მკვლელობებსა და ძალადობას: ბრალდებები ეხება სავარაუდო ძალადობრივ დანაშაულებს, რომლებიც სახელმწიფო მოხელეების მონაწილეობით მოხდა;

ქონებრივი უფლებების დარღვევასა და ბიზნესის რეკეტს: ეს ნაწილი ყურადღებას ამახვილებს ბიზნესზე ზეწოლის, ქონების ჩამორთმევისა და რეკეტის სავარაუდო ფაქტებზე;

მედიის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის მესაკუთრეების წინააღმდეგ ტერორსა და მათი უფლებების დარღვევებს: დასკვნაში განხილულია მედიაზე ზეწოლის, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და ჟურნალისტების დევნის სავარაუდო შემთხვევები;

მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელყოფის უხეშ ფაქტებს, ფარულ ჩანაწერებსა და შანტაჟს: ეს თავი ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარეა და ეხება მოქალაქეების პირადი სივრცის ხელყოფისა და ამ მასალების შანტაჟისთვის გამოყენების ფაქტებს;

2008 წლის აგვისტოს ომსა და ასევე, 2012 წლიდან დღემდე, ომის პროპაგანდასა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობებს: ამ ნაწილში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 2008 წლის მოვლენებს და, ასევე, შემდგომ პერიოდში განვითარებულ პროცესებს, რაც შესაძლოა გახდეს მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალდებების დამძიმების საფუძველი.

5 თებერვლის შემდეგ, კომისიამ 46 სხდომა გამართა, 139 პირი გამოკითხა (ზოგი ორჯერ), დაათვალიერა სასჯელაღსრულების ყოფილი დაწესებულება ხონში და შეისწავლა 775 განცხადება. ასევე, გაანალიზდა საერთაშორისო ანგარიშები, შეფასებები და სასამართლო გადაწყვეტილებები.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საგამოძიებო კომისიის დასკვნას „პოლიტიკური დევნის ნაწილად“ მიიჩნევს. პარტიის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კომისიის წევრები, მათ შორის, თეა წულუკიანი „დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე აგებენ პასუხს“ და „საბრალდებო სკამზე აღმოჩნდებიან“.

მან კომისიას „ეროვნული ღალატის კომისია“ და „საქართველოს უახლესი ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერის მცდელობა“ უწოდა. ბოკუჩავას თქმით, ეს არის „პუტინის დაკვეთით“ შექმნილი კომისია, რომელიც ვერაფერს დააკლებს „ნაციონალურ მოძრაობას“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ამ ბრძოლის მთავარი ფლაგმანი და რაც არ უნდა წეროს და იკითხოს მეორე თაობის საბჭოთა ჯალათმა თეა წულუკიანმა, ეს ძალა მოიტანს ცვლილებებს ჩვენი ქვეყნისთვის, ქართველ ხალხთან ერთად.

ქართული სახელმწიფოს იდეა უკვდავია და მას ვერაფერი დააკლო და ვერ დაასამარა ვლადიმერ პუტინმა და მას ვერაფერს დააკლებენ ივანიშვილის მონები. დღევანდელი დასკვნა ვერაფერს დააკლებს ჩვენს საერთო ბრძოლას. ეს არის სამშობლოს მოღალატეობის საბრალდებო დასკვნა.

მრავალი მცდელობის მიუხედავად, ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ვერ დაშალა, ვერ დაამარცხა, ვერ გააჩერა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ასე იქნება ხვალაც. თავისუფლება მიშას, თავისუფლება მზიას, ნინოს, ყველა პოლიტპატიმარს. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ. ღმერთი ფარავდეს საქართველოს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

ცხადია, მმართველი გუნდის წევრებს სრულიად სხვა პოზიცია აქვთ. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა აღნიშნა, რომ კომისიის დასკვნა ფაქტებით არის გამყარებული. მან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში შესაძლო დაბრუნებაზეც ისაუბრა და განაცხადა:

„ეგენი თუ ხელისუფლებაში მოვლენ, ჩემი ფეხით გამოვცხადდები იქ, სადაც მეტყვიან, რადგან მე არ მინდა, საქართველოს დაღუპვას ვუყურო. თუ მომკლავენ, უკეთესი იქნება, რადგან არ მინდა, ეს დავინახო. ისინი რომ გრძნობდნენ ამ დანაშაულებს, გრძნობდნენ, რომ დიდი შეცდომები დაუშვეს, მაშინ ამ სიტყვებს არ გეტყოდით. მაგრამ, ისინი აპირებენ ამის გამეორებას - ეს არის მთავარი უბედურება და იმიტომ ვთქვი ასე მძაფრად. ღმერთმა არ მანახოს ამის განმეორება“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა. 

ჩნდება ლეგიტიმური კითხვები, კომისიის დასკვნა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოტენციური აკრძალვა, სავარაუდოდ, გამოიწვევს თუ არა შიდა პოლიტიკურ მღელვარებას. იქნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების მხრიდან ამ ფაქტზე მწვავე რეაქცია, რაც შესაძლოა, ახალი საპროტესტო ტალღის საბაბი გახდეს. მეორე მხრივ, შესაძლოა, ამ დასკვნამ მმართველ გუნდს მოსახლეობის დიდ ნაწილში მხარდაჭერა კიდევ უფრო გაუზარდოს.        

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიამ საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია და „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებების სრული კლასიფიკაცია მოხდა.

„ის მოხდა, რასაც ქართველი ხალხის დიდი ნაწილი ელოდა. ერთი დოკუმენტის სახით იქნება წარმოდგენილი „ნაციონალების“ დროს ჩადენილი ძალიან მძიმე დანაშაულებების შესახებ მტკიცებულებები. წლების განმავლობაში, ამ ძალამ, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, დანაშაულებები ჩაიდინა, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასევე მის შემდეგაც. ისინი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებას დღესაც აგრძელებენ. გამომდინარე აქედან, რასაკვირველია, ველოდები, რომ ეს დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, რასაც საქართველოს პარლამენტის მხრიდან, პლენარულ სხდომაზე მისი მიღება მოჰყვება. შემდეგ კი მე ველოდები, რომ „ოცნების“ დეპუტაციის საკმაოდ დიდი შემადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელსაც შეიტანს“, - ამბობს ზარდიაშვილი.

მისივე თქმით, ეს დასკვნა არის პოლიტიკურ-სამართლებრივი დოკუმენტი, ხოლო პარლამენტის მხრიდან ამას ოფიციალური შეფასება მოჰყვება, თუ საქმე რასთან გვქონდა.

„რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ პარალელურად, ამ დოკუმენტს მოჰყვება ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებების სერია. ასევე, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილს კიდევ ახალი ბრალი წარუდგინდება. აგვისტოს ომი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული, რაც კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პირადად მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა. სრული საფუძველი გვაქვს, ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო ღალატს ჰქონდა ადგილი. სააკაშვილმა, უბრალოდ, საქართველოს სამართლებრივ-პოლიტიკური მდგომარეობა შემოატრიალა იმ თვალსაზრისით, რომ პროვოკაციული ომი, რაც რუსეთის მხრიდან იქნა დაწყებული, საქართველოს წინააღმდეგ, დამოკლეს მახვილად გადააქცია.

მივიღეთ მდგომარეობა, როცა საქართველოს ტერიტორიული მისწრაფება, რომელიც სამართლებრივად უდავო იყო, პრობლემური გახადა. მივედით მდგომარეობამდე, როცა საქართველოს წინააღმდეგ, ტალიავინის საკმაოდ მძიმე დასკვნა არსებობს. ვგულისხმობ, ასევე, საქართველოს წინააღმდეგ იმ ცნობილ რეზოლუციას, რომელმაც დააზიანა ქვეყანა, სადაც ომის ინიციატორად საქართველო გამოდის, რაც თავისთავად აბსურდია, თუმცა ამის სამართლებრივი საფუძვლები სააკაშვილმა შექმნა“, - ამბობს ზარდიაშვილი.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე „ნაციონალების“ გამოხმაურებას, რომლებიც ხელისუფლებას აქეთ ემუქრებიან გასამართლებით, ზარდიაშვილი ამბობს, რომ სამართლებრივ და პოლიტიკურ სივრცეში „ნაციონალური მოძრაობა“ სრულიად გაკოტრებულია. ამიტომ, მათი მუქარის არავის ეშინია, რადგან ამ პარტიას ჩვენს საზოგადოებაში აღარ აქვს მხარდაჭერა.

„ნაცმოძრაობამ ყველა რესურსი და შესაძლებლობა ამოწურა. მათ საკუთარი მხარდამჭერების ნდობა და მხარდაჭერაც კი გაფლანგეს. ერთადერთი, რაც მათ რჩებათ, ძალისმიერი დაპირისპირებაა, თუმცა არც ამის რესურსი აქვთ. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ციხეში ზის, მის გამო, არავინ გამოდის და არც გამოსულა ქუჩაში და ახლა წარმოიდგინეთ, ხაბეიშვილის, სანიკიძის, ბოკუჩავას დაძახებულზე, რევოლუციას ვინ მოაწყობს. მეორეც, ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე დგას. ერთადერთი მხარდაჭერა, რაც აქვთ, საგარეო ფლანგზეა, თუმცა ვერც ამით ახერხებენ ვერაფერს. ამიტომ, სამხედრო ინტერვენციაღა რჩებათ, სხვა არანაირი რესურსი აღარ აქვთ. ეს არის გაკოტრებული და დამნაშავე პარტია, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ, პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა აღმოჩნდეს“, - ამბობს ზარდიაშვილი.

 

 

 

 

 

 

მარბიელი მეცოცხეები დიდი ხნის წინ იყვნენ სანაგვეზე გადასაგდები და ეს რომ არ მოხდა (არ ხდება) ოცნების ბრალია
1 საათის უკან