ტრამპის მოჩვენებითი ბრძოლა „დიფ სთეითთან“ და ევროპა „ჩოქმბჯენში“ - როგორ აისახება ეს პროცესი საქართველოზე

ტრამპის მოჩვენებითი ბრძოლა „დიფ სთეითთან“ და ევროპა „ჩოქმბჯენში“ - როგორ აისახება ეს პროცესი საქართველოზე

ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ანალიზი „დიფ სთეითის“  მზარდი გავლენის შესახებ, რომელიც, მისი მტკიცებით, აშშ-სა და ევროპის პოლიტიკურ და ეკონომიკურ კურსს განსაზღვრავს, სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. შათირიშვილის მიერ აღწერილი გლობალური პროცესები, როგორებიცაა ევროპის ეკონომიკური „ჩოქმბჯენ“ აშშ-ის წინაშე და კორპორაციული მმართველობის დამკვიდრების მცდელობები, პირდაპირკავშირშია იმ დისკუსიებთან, რაც საქართველოში,  სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გარშემო მიმდინარეობს. რამდენად რეალურია ეს საფრთხეები საქართველოსთვის და როგორ აისახება „დიფ სთეითის“ ჰეგემონიის გაძლიერება ჩვენს ქვეყანაზე?

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი საგანგაშო სურათს ხატავს მსოფლიო პოლიტიკისა და ეკონომიკის შესახებ, სადაც მთავარ როლს ე.წ. Deep State-ი და ოლიგარქიული ოჯახები ასრულებენ. მისი მტკიცებით, რუსეთ-უკრაინის ომისგან აშშ-ის „გვერდზე გასვლა“ და პრობლემის სრულად ევროპისთვის „ჩამოკიდება“ სწორედ „ღრმა სახელმწიფოს“ მოწყობილია.

შათირიშვილი ყურადღებას ამახვილებს აშშ-სა და ევროკავშირს შორის დადებულ შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირმა აშშ-ში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა მოახდინოს, 750 მილიარდი დოლარის ნავთობისა და გაზის პროდუქცია უნდა შეიძინოს, ხოლო აშშ-მა ევროპას ცალმხრივი, 15%-იანი საგადასახადო ტარიფები დაუწესა. ეს, მისი თქმით, „ევროკავშირისთვის კაბალური გარიგებაა“, რომელიც ევროპის ეკონომიკას კიდევ უფრო გააღარიბებს.

შათირიშვილის აზრით, ეს გარიგება ადასტურებს, რომ ევროპა „დიფ სთეითის“ მიერ იმართება, ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმოწერა კი ევროკავშირის „ხარაკირის“ სიმბოლოა.

ფილოსოფოსი ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპის „ამერიკელი ხალხის ინტერესებით მოქმედება“ მხოლოდ მოჩვენებითია. მისი აზრით, ტრამპი ოლიგარქიული ოჯახების კარნახით მოქმედებს, ხოლო მისი „დაპირისპირება“ „ღრმა სახელმწიფოსთან“ არის „შელახული იმიჯის რებრენდინგის“ მცდელობა.

ეს მოსაზრება ეწინააღმდეგება პოპულარულ შეხედულებას ტრამპის, როგორც „ისტებლიშმენტის“ წინააღმდეგ მებრძოლის შესახებ.

შათირიშვილი მიიჩნევს, რომ „ღრმა სახელმწიფო“ მიზანმიმართულად ახდენს ევროკავშირის პოლიტიკურ დისკრედიტაციას, რათა ხალხს დააჯეროს, რომ არსებული პოლიტიკური სისტემა უუნაროა. საბოლოო მიზანი კი, მისი აზრით, კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, სადაც ქვეყნებს „ღრმა სახელმწიფოს“ საკუთრებაში არსებული კორპორაციები მართავენ. ეს კონცეფცია გულისხმობს დემოკრატიული მმართველობის ფორმების საბოლოო ჩანაცვლებას ფინანსური ელიტის პირდაპირი კონტროლით.

ზაზა შათირიშვილის ანალიზი მკაცრად კრიტიკულია არსებული მსოფლიო პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის მიმართ. ის „დიფ სთეითს“ ხედავს, როგორც უმთავრეს მამოძრავებელ ძალას, რომელიც ოლიგარქიული ოჯახების ინტერესებს ემსახურება და მიზნად ისახავს ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას, სადაც კორპორაციული მმართველობა ჩაანაცვლებს პოლიტიკურ სისტემებს, ხოლო ადამიანთა მასა „კრიტიკულ ნიშნულამდე“ დაიყვანება.     

მმართველი გუნდი კი  ხაზს უსვამს შათირიშვილის მტკიცებას, რომ „დიფ სთეითი“ მანიპულირებს ევროპისა და აშშ-ის პოლიტიკით, რაც მათი აზრით, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს წინაშე მდგარ გარე საფრთხეებს. ეს კი მყარი არგუმენტია, რომ საქართველომ თავისი სუვერენიტეტი უნდა დაიცვას ასეთი „არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების“ გავლენისგან.

ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ „ივანიშვილს, მორიგ ჯერზე, ამოეწურა მოთმინების ფიალა და გადაწყვიტა, თავისი ამომრჩევლის თვალში, ისევ ეს, მაგარი ბიჭობანა ითამაშონ. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ ზაზა შათირიშვილი, ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს ახმოვანებს.

თინა ხიდაშელის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ჰიპოთეტური სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის იბრძვის ქვეყანაში, რომელიც რუსული ჩექმის ქვეშ არის“.  

საერთაშორისო საკითხების სპეციალისტი, თამარ კიკნაძე აცხადებს, რომ ზაზა შათირიშვილის განცხადება ზუსტად აღწერს იმ ფაქტობრივ რეალობას, რომლის წინაშეც დღეს აშშ და ევროპა დგანან. კიკნაძე For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ საქართველოც „დიფ სთეითის“ ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი სამიზნეა, რომლის ბოლომდე ხელში ჩაგდება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.

„მთელი ის პოლიტიკა, რასაც ჩვენ ახლა დასავლეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში ვადევნებთ თვალს, საფუძველს გვაძლევდა გვეფიქრა, რომ საქართველოს გარკვეული ფუნქცია ჰქონდა. მათი მთავარი სურვილი იყო, საქართველო რუსეთის წინაშე წითელ ნაჭრად გამოეყენებინათ და მათთვის ყურადღების მიმქცევის ფუნქცია შეგვესრულებინა, ანუ დროებით მაინც, პრობლემები შეგვექმნა. გვახსოვს ის ამბავი, როცა ირაკლი ღარიბაშვილს უთხრეს, რომ სამი დღე ხომ მაინც იბრძოლებთ და მერე პარტიზანული ბრძოლები შეგიძლიათო.

ანუ, მთელი გეგმა არსებობდა და გამიზნული იყო სქემა, თუ როგორ უნდა გავმხდარიყავით უკრაინის ომის პარალელურად, რეგიონში რუსეთისთვის თავის ტკივილი. ამაზე უარის თქმის შემდეგ, დაიწყო ის ზეწოლა, ტერორი და ყოველმხრივ წარმოუდგენელი თავდასხმები საქართველოსა და მის ხელისუფლებაზე, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს. ამიტომ, ეს გლობალური პროცესები, რაც ახლა მსოფლიოში მიმდინარეობს, ჩვენზე უდიდეს გავლენას ახდენს“, - ამბობს კიკნაძე.

მისივე თქმით, დიდი ხანია, რომ ევროპა, სწორედ „ღრმა სახელმწიფოს“ მიზანში აქვს ამოღებული და მის წინააღმდეგ მოქმედებებსაც ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს.

„ჩვენ ვხედავთ, როგორ მოხდა ფერადი რევოლუციები ევროპის ქვეყნებში. როგორ ჩართეს უკრაინა ომში და გახადეს ის ევროპაში ავღანეთი. როგორ ხდება უკრაინაში გლობალური დაპირისპირება და ეს ქვეყანა მათ პლაცდარმად აქციეს. ასევე, ვხედავთ ემიგრანტების ძალიან დიდ ტალღებს ევროპაში, რაზეც თავადაც საუბრობენ. იგივე გენდერული პოლიტიკა, რომელიც საშინელებაა.

ევროპა ყველაზე ანთროპოლოგიურად მისაღებ, განვითარების კუთხით, მაღალი შესაძლებლობის მქონე პროგრესთან ასოცირდებოდა. ახლა კი რას ვადევნებთ თვალს? წარმოუდგენელი დაპირისპირება ევროკავშირში, კორუფცია და ლობიზმი. გვახსოვს ევროპარლამენტარების აბსურდული განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით, რომლებიც რეალობას სრულად მოწყვეტილია. ამ ყველაფრის უკან, სწორედ ეს ძალები დგანან“, - აღნიშნავს კიკნაძე.

რაც შეეხება ტრამპის მიერ დაანონსებულ „დიფ სთეითთან“ ბრძოლას, კიკნაძის მოსაზრებით, ამერიკაში კრიზისული სიტუაცია გამოწვეულია იმით, რომ ელიტას, რომელიც პოლიტიკური ისტებლიშმენტის უკან იდგა, განხეთქილება აქვს.

„ეს კი იმდენად ღიაა, რომ ვხედავთ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის მოქმედებებში თავისუფალი არ არის. რაღაც მომენტამდე, მას აქვს მოქმედების თავისუფლება, თუმცა რაღაც ზღვარს იქით, ის ვეღარ მიდის. მე ვეთანხმები ბატონ ზაზა შათირიშვილს, რომ ტრამპიც სწორედ ამ ელიტის გავლენის ქვეშ არის მოქცეული. ამიტომ, მისი სიტყვები და მოქმედებები სრულიად განსხვავებულია. ერთ დღეს ერთს ამბობს, მეორე დღეს კი - მეორეს“, - ამბობს კიკნაძე.

 

 

 

Gami ამ ფილოსოფოსმა შათირიშვილმა ხანდახან რომ მოთოკოს თავისი "ანლიტიკურ- წინასწარმეტყველური" ვნებები და ლაი-ლაი არ შეიძლება. For. ce-ს -- თქვენ კი მისი ტირაჟირება. ქადაგიშვილს მაინც დაუგდეთ ყური.
1 საათის უკან