ბოლო დროს საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა დაავადებით ადამიანთა დასნეულების ფაქტები ძალიან გახშირდა. აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად, ბრუცელოზი და ჯილეხი “აქტიურობს”, შავიზღვისპირეთში კი ნაწლავური ინფექციები. ფოთში ერთბაშად 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და უმეტესად მცირეწლოვან ბავშვებში.
თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თელავის რაიონში ბრუცელოზის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა: ორი - ყარაჯალაში, ერთი კი სოფელ იყალთოში.
სამსახურის ხელმძღვანელის შუქია გიორგელაშვილის ინფორმაციით, 2009 წელს ბრუცელოზის - 18, ხოლო 2010 წელს 15 შემთხვევაა გამოვლენილი. იგი ვარაუდობს, რომ ბრუცელოზით დაავადებული ადამიანების რიცხვმა, შესაძლოა, წლის ბოლომდე კიდევ მოიმატოს.
“აქედან ყველაზე მაღალი მაჩვენებლით სოფელი ყარაჯალა გამოირჩევა, სადაც ბოლო პერიოდში 8 შემთხვევა გამოვლინდა”,- განაცხადა შუქია გირგელაშვილმა. აღსანიშნავია, რომ ბრუცელოზი ადამიანებზე საქონლისგან გადადის.
კიდევ ერთი დაავადება, რომელიც ადამიანს საქონლისგან შეიძლება შეეყაროს ჯილეხია, ანუ ციმბირის წყლულია. ერთ-ერთი ასეთი დასნებოვნებული 54 წლის მამაკაცი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში უკვე მოათავსეს.
დაავადებული გარდაბნის რაიონიდან გადმოიყვანეს. ექიმების განცხადებით, მამაკაცმა რამდენიმე დღის წინ ხორცი დაამუშავა, რის შემდეგაც ხელზე ჯილეხისთვის დამახასიათებელი წყლულები გაუჩნდა.
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, ეს წელს საქართველოში ჯილეხის უკვე 22-ე შემთხვევაა.
ერთი კვირის განმავლობაში კი ფოთში ნაწლავური ინფექციის ერთბაშად 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, დაავადება, ძირითადად, მცირეწლოვან ბავშვებშია გავრცელებული.
“დაფიქსირებულია 101 შემთხვევა. მონაცემებს სასწრაფო შეტყობინებების სახით სხვადასხვა პროფილაქტიკური სამედიცინო დაწესებულებები გვაწვდიან. აღინიშნება ვირუსული ეტიოლოგიის ნაწლავური დაავადებები. არის სასმელი წყლისმიერი ინფექციური დაავადებებიც, მაგრამ ამას ეპიდემიოლოგიური ხასიათი არ აქვს”, - განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა ლეილა კასრაძემ.
გაერთიანებული წყალმომაგრაგების ფოთის სერვისცენტრის უფროსის, ნუგზარ ფაცაციას განცხადებით, სასმელი წყალი მომხმარებელს რამდენჯერმე გაფილტვრის შემდეგ მიეწოდება, შესაბამისად, ინფექციის მიზეზად სასმელი წყლის დასახელება გამორიცხულია.
ინფექციური დაავადებების რიცხვის ზრდაზე საუბრობენ ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაშიც.
“ძირითადად არის გასტროენტერიტების შემთხვევები, შეიძლება ეს იყოს ტემპერატურისა და ინტოქსიკაციის გამოვლინების გარეშე, მაგრამ ხშირია შემთხვევები ფაღარათის თანხლებით, სისხლიანი მინარევით.
რით არის ეს ინფექცია გამოწვეული, ამის თქმა ძნელია, რადგან ამის დიაგნოსტირება ჩვენთან არ ხდება”, - აცხადებს ინფექციონისტი ხათუნა ადამია.