აღმოსავლეთ საქართველოში რთველი მთავრდება, დასავლეთში კი ახლა იწყება

აღმოსავლეთ საქართველოში რთველი მთავრდება, დასავლეთში კი ახლა იწყება

საქართველოს რეგიონებში ყურძნის კრეფა ყოველთვის შემდეგი თანამიმდევრობით იწყება: კახეთი, ქართლი, იმერეთი და რაჭა. მევენახეები რთველის დაწყებისთანავე ესწრაფვიან ყურძნის კლიენტურა იშოვონ და მოსავლის მინიმალურ ფასად ჩაბარება მაინც მოახერხონ, თუმცა ეს არც ისე ადვილი საქმეა.

 

აღმოსავლეთ საქართველოში რთველი შეიძლება ითქვას, რომ უკვე დასასრულისაკენ მიდის. კახეთში ყველაზე მაღალხარისხიან და ძვირადღირებულ ჯიშად მიჩნეული – საფერავის ყურძენი კილო 1.2 ლარი ღირს, რქაწითელი კი 90 თეთრი.

 

ბაკურ კვეზერელის მიერ შექმნილი რთველის საკოორდინაციო შტაბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ყოველ კილოგრამ გაყიდულ საფერავზე გლეხს მთავრობა 25 თეთრს უმატებს, რქაწითელზე კი 15-20 თეთრს.

 

პრიორიტეტი მიენიჭა იმ მევენახეებს, რომლებსაც 10 ჰექტარზე მეტი სიდიდის ვენახი აქვთ და კილოგრამში დამატებითი 25 თეთრი პირველ რიგში მათ გადაუხადეს. ყველას ახსოვს, მთავრობამ იმის პირობაც დადო - მცირე ვენახების მფლობელებსაც მივხედავთო, მაგრამ სანამ ყურადღება შედარებით მდიდარ მემამულეებზე იყო გადატანილი, მანამდე მცირემიწიანი გლეხების ყურძენმა გაფუჭება დაიწყო და სწორედ ამიტომაც, გლეხები მოვლენების განვითარებას ვეღარ დაელოდნენ და იძულებულები გახდენენ, ყურძენი პირველსავე კლიენტისათვის ძალიან იაფად მიეყიდათ.

 

მათი ლოგიკა ბუნებრივია და გასაგები. გლეხებმა ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის ლოდინსა და ყურძნის დალპობას, მოსავლის უიაფესად ჩაბარება ამჯობინეს.  

 

გიორგი ყარაშვილი, მევენახე: “რაც არის, ეგ არის! ზუგდიდელი ბიჭები იყვნენ მოსულები, კილო საფერავი 90 თეთრად მივყიდე და დავისვენე. მთავრობა კი გვპირდებოდა დაგველოდეთ და კილოზე 25 თეთრს დაგიმეტებთო, მაგრამ მაგათი მოცდა იქნებოდა? ყურძენს უკვე ცვენა ჰქონდა დაწყებული და სანამ მთავრობას გავახსენდებოდი, მტევანზე ერთი მარცვალიც კი აღარ შერჩებოდა. 6-7 წლის წინ, საფერავს ლარზე ნაკლებად ვინ გაყიდიდა? მაგრამ ხომ ხედავთ, ახლა 90 თეთრადაც კი სახვეწარი გამიხდა”

 

რამდენად შეიძლება იყოს თუნდაც ოპოზიციის მიერ წაქეზებული, მაგრამ საკუთარი მოსავლის ვერგაყიდვის გამო გამწარებული გლეხი “ხალხის მტერი”, ეს უმჯობესია მკითხველმა განსაჯოს, თუმცა ყველაზე დამაფიქრებელი ის არის რომ რთველის დროს არსებულ პრობლემებზე ხელისუფლებაში კერ კიდევ ოქრუაშვილის მინისტრობიდან მოყოლებული არ საუბრობენ და როდესაც ჟურნალისტი კონკრეტულ ჩინოვნიკს მიმდინარე რთველის შესახებ კითხვას უსვამს, რესპოდენტისაგან მხოლოდ პიარ-ფრაზებსა და “რთველის ბრწყინვალედ ჩატარების” შესახებ უგრძეს მონოლოგს მოისმენს.

 

როგორც ფერმერებმა განაცხადეს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვენახს დაკრეფენ და ყურძენს ჩასაბარებლად ღვინის ქარხნებში შეიტანან, მათ პრობლემები შეექმნებათ.

 

ერთ-ერთი ფერმერის განცხადებით, რომელმაც საკუთარი ვინაობის საჯაროდ გამჟღავნება არ ისურვა, მას დაკრეფილი ყურძნის ჩაბარების საშუალება გასულ წელს არ მისცეს. “ღვინის ქარხნიდან უკან გაგვაბრუნეს. ყურძნით დატვირთული სატვირთო მანქანები წვენისგან დაიცალა. ათობით ჰექტარი ვენახი მაქვს და გასული წლის ზარალის შემდეგ აღარ დამიმუშავებია~, - ამბობს ფერმერი.

 

რთველი – 2010–ს საკოორდინაციო შტაბის უფროსის ტარიელ გაბუნიას განცხადებით, ფერმერებზე ზეწოლის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობს, არადა გლეხები სრულიად საპირისპიროს ამბობენ. ბევრი ამბობს, რომ კახეთში კონკრეტულ ფერმერებს ღვინის ქარხნებში ყურძნის ჩაბარების საშუალებას არ აძლევენო და შესაბამისი მითითება ფერმერებს ძალოვანებისგან აქვთ მიღებულიო. როგორც დასაწყისში უკვე ვთქვით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერად მხოლოდ იმ მევენახეს მიიჩნევს, რომელსაც 10 ჰექტარზე მეტი ვენახი აქვს.

 

კახეთისაგან განსხვავებით, ქართლში მიმდინარე რთველის შესახებ ინფორმაციაც ნაკლებია და ჯერჯერობით არც ჩინოვნიკები და ღვინის ქარხნის დირექტორები იწუხებენ თავს ქართლში მიმდინარე რთველით დაინტერესებით. არადა, ყურძნის ჩაბარების პრობლემა ქართლში ყველაზე მწვავედ დგას.

 

ჩვენთან საუბარში ქართლელი გლეხები ამბობენ, მათ იმედიაც აღარ აქვთ, რომ ყურძნის გაყიდვას შეძლებენ, ამიტომ რთულმა სიტუაციამ ერთი მეტად კარგი ნაბიჯი გადაადგმევინათ. ქართლელებმა დაიწყეს დიდი რაიდენობით საღვინე ჭურჭლის შეძენა, რადგან თუკი ყურძენს ვერ გაყიდიან, იმის იმედი მაინც ექნებათ, რომ ღვინოდ შეძლებენ მოსავალის გასაღებას. დოლოს და ბოლოს, ღვინო ყურძნისგან განსხვავებით არ გაფუჭდება და გლეხს მისი შენახვა ნაკლებად გაუჭირდება.

 

რაჭა ალბათ ერთადერთი კუთხეა საქართველოში, სადაც ყურძნის გაყიდვის პრობლემა ფაქტობრივად არ დგას. კილოგრამი რაჭული ალექსანდროულის ფასი 5 ლარიდან იწყება და რთველის ბოლოს განუხრელად იმატებს. ეს ყველაფერი რაჭული ყურძნის უნიკალურობასთან ერთად, იქაური ვენახების სიმცირითაც არის განპირობებული. მოგეხსენებათ, რაც ცოტაა, ძნელად საშოვნელია, ხოლო რაც ძნელად იშოვება, ის ბუნებრივია ძვირიც ღირს.