საქართველოში ტრანსპლანტაციის (ორგანოების გადანერგვა) განხორციელებისთვის გვამი დონორების სიმცირეა. გარდაცვლილი ადამიანის ორგანოების ცოცხალი ადამიანისთვის გადანერგვის შესაძლებლობა იმ მარტივი მიზეზის გამო არ არსებობს, რომ ჩვენს ქვეყანაში გვამური დონაცია (გარდაცვლილი ადამიანების ორგანოს ცოცხალისთვის გადანერგვა) ჯერ არ დამკვიდრებულა.
რა უშლის ხელს ადამიანს, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში რომელიმე ორგანო სხვა ადამიანს აჩუქოს? (ამაზე თანხმობა სიცოცხლეში განაცხადოს) – სახელდება ეკლესიის ფაქტორი, ასევე მოსახლეობის არასრული ინფორმირება გვამური დონაციის შესახებ.
ორგანოთა დონაციაზე და ტრანსპლანტაციაზე წელს საქართველოში საინფორმაციო კონფერენცია ჩატარდება. 23 ოქტომბერს ორგანოთა დონაციისა და ტრანსპლანტაციის მე-12 ევროპული დღე სასტუმრო “შერატონ მეტეხი-პალასში” ევროსაბჭოს ეგიდით, ევროკავშირთან, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან და საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციასთან ერთად, გაიმართება. მანამდე კი საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციასთან არსებული ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ბანკის სტატისტიკურ მონაცემებს გავეცნოთ.
საინფორმაციო ბანკის ხელმძღვანელის ქრისტინე ალხაზოვის განცხადებით, გასული წლის მონაცემებს, რომლის მიხედვით ჩვენს ქვეყანაში 2 ღვიძლგადანერგილი ადამიანი იმყოფებოდა, წელს 5 ადამიანი შეემატა.
“დღეისათვის, საინფორმაციო ბანკის აღრიცხვაზე 108 ორგანოგადანერგილი პაციენტია. მათ შორის 7 – ღვიძლგადანერგილი, ხოლო 102- თირკმელგადანერგილი”.
ყველა ღვიძლგადანერგილმა პაციენტმა ოპერაცია საზღვარგარეთ გაიკეთა, ისევე როგორც თირკმელგადანერგილების ნაწილმა. თუმცა თირკმლის გადანერგვის ოპერაცია საქართველოშიც წარმატებით ტარდება.
აღსანიშნავია, რომ ღვიძლის გადანერგვა საქართველოში დღეისათვის არ ტარდება, თუმცა ამ ტიპის ოპერაციები ტარდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში თურქეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში და ევროპის ყველა განვითარებულ ქვეყანაში.
რაც შეეხება ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ბანკს, აქ ადამიანებს შეუძლიათ გამოთქვან სურვილი და მათი გარდაცვალების შემთხვევაში ორგანო მისცენ ისეთ ადამიანს, ვისაც ტრანსპლანტაცია ესაჭიროება.
თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენს ქვეყანაში დონორთა პრობლემა დგას. “პრესა.გე”-ს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გია თომაძე ესაუბრება:
- გვამი დონორია ის გარდაცვლილი ადამიანი, რომელმაც სიცოცხლეში განაცხადა თანხმობა იყოს ორგანოს დონორი ან რომელსაც სიცოცხლეში არ განუცხადებია უარი დონორობაზე და მისი გარდაცვალების შემდეგ თანხმობა განაცხადა მისმა ოჯახმა.
არსებობს თუ არა საქართველოში დონორთა რეგისტრაცია? სურვილის შემთხვევაში სად შეიძლება დააფიქსიროს ადამიანმა თავისი გადაწყვეტილება დონორობის შესახებ?
- საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციასთან არსებობს საინფორმაციო ბანკი, რომლის შემადგენლობაში სხვა რეგისტრატურებთან ერთად შედიან დონორობაზე თანხმობისა და დონორობაზე უარის რეგისტრატურები. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს დონორი ასოციაციაში პირადად მისვლით, ტელეფონზე დარეკვით (77-18-19) ან ონლაინ რეგისტრაციის საშუალებით (www.transplantation.ge). ისევე, როგორ უცხოეთში, ჩვენთანაც არსებობს დონორების ბარათი.
ჩვენს ქვეყანაში ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც თანხმობა განაცხადა, რომ გარდაცვალების შემთხვევაში მისი ორგანო სხვას გადაუნერგონ?
- ბევრი სამწუხაროდ ჯერჯერობით არ არის. ასზე მეტი ასეთი ადამიანია ამ ეტაპზე. ეს ინფორმაცია ჯერჯერობით, მოსახლეობამდე არ არის სათანადოდ დასული. როგორც უკვე ავღნიშნე, ჩვენთან არის როგორც დონორობაზე თანხმობის, ასევე დონორობაზე უარის რეგისტრატურა. თუ კი ადამიანი დააფიქსირებს, რომ არ უნდა დონორობა, მისი გარდაცვალების შემთხვევაში ამ ადამიანის ორგანოს გამოყენების უფლება არავის ექნება, მიუხედავად იმისა, თუ რას გადაწყვეტს მისი ოჯახი.
ბატონო გია, ცოცხალ ადამიანებს შეუძლიათ დაეხმარონ უცხოებს? გარდა ნათესავებისა, მხოლოდ ნათესავებს უჩნდებათ ხოლმე სურვილი, რომ ორგანო გადაუნერგონ ნათესავს...
- არა. საქართველოში 2000 წლიდან მოქმედი კანონმდებლობით ცოცხალმა ადამიანმა შეიძლება მისცეს ორგანო მხოლოდ მის გენეტიკურ ნათესავს და მეუღლეს. 2010 წლის ივნისში კანონში შეტანილი იქნა შესწორება, რომლის მიხედვითაც ორგანოს დონორი შეიძლება იყოს მეუღლის ნათესავების გარკვეული წრეც. ამით გაიზარდა ცოცხალ დონორთა არეალი, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, რაც დღეისათვის საქართველოში არსებობს.
რა “ღირს” საქართველოში თირკმელი?
- ორგანო უფასოა, ისევე როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში, იგი არ იყიდება, უფრო მეტიც, ორგანოს გაყიდვა კრიმინალური ქმედებაა, რომელიც გულისხმობს 8-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საქართველოში უცხო ადამიანებს არ აქვთ უფლება სხვა ადამიანს გადაუნერგონ თირკმელი. დღეისათვის საქართველოში მხოლოდ ნათესავს შეუძლია გადაარჩინოს ნათესავი, ან საქართველოში უნდა ამუშავდეს გვამური დონაცია – უნდა შეიძლებოდეს, რომ გარდაცვლილისგან აღებულ იქნეს ორგანო და გამოყენებულ იქნეს გადასანერგად. საქართველოში 2000 წლიდან მოქმედი კანონის თანახმად ამგვარი გადანერგვების განხორციელება შესაძლებელია, თუმცა მოსახლეობა ფსიქოლოგიურად არ არის მზად იმისათვის, რომ დათანხმდეს გარდაცვლილი ახლობლის ორგანოს გადასანერგად გამოყენებას. ასეთი გადანერგვების შედეგად ადამიანი უბრუნდება ნორმალური ცხოვრების რეჟიმს.
რატომ არ კეთდება საქართველოში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია?
- იმიტომ არ კეთდება, რომ ჯერ ერთი არ არსებობს გვამური დონაციის პროგრამა (ორგანოთა გადანერგვების უმრავლესობა გვამიდან წარმოებს), ხოლო მეორე – არ არის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იმისათვის, რომ ეს ოპერაციები იქნეს განხორციელებული. ჩვენ ამ მიმართულებით რამოდენიმე ნაბიჯი უკვე გადავდგით, კერძოდ, გვაქვს მოლაპარაკებები შვეიცარიის, თურქეთისა და რუსეთის სპეციალიზირებულ კლინიკებთან და იმედი გვაქვს რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ ამ ოპერაციის საქართველოში განხორციელებასაც.
თუმცა ალბათ ძალიან ძვირი ეღირება…
- ყოველშემთხვევაში არა ისეთი ძვირი, როგორც დასავლეთ ევროპაში. თუ ჩვენთან თირკმლის გადანერგვა ღირს 15 ათასი ლარი, მოსკოვში შეიძლება ღირდეს 150 ათასი დოლარი.
რითი ეხმარება სახელმწიფო ორგანოგადანერგილ ადამიანებს?
- გარდა იმისა, რომ ფინანსდება გადანერგვის ოპერაცია, ორგანოგადანერგილები სახელმწიფოსგან იღებენ სპეციალურ იმუნიტეტის დამთრგუნველ მედიკამენტებს. ეს მედიკამენტები აუცილებელია იმისათვის, რომ ორგანიზმმა არ მოიცილოს სხვისი (გადანერგილი) ორგანო, რომელიც როგორც არ უნდა შეარჩიო იმუნოლოგიურად, მაინც ითვლება განსხვავებულად. ეს პრეპარატები ძალიან ძვირია, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10-15 პაციენტისთვის გამოიყოფა თანხები, რათა მათი პრეპარატებით უზრუნველყოფა მოხდეს. შედარებისთვის გეტყვით, რომ რაც ღირს საქართველოში თირკმლის გადანერგვა, ერთი იმდენი ღირს წელიწადში იმუნიტეტის დამთრგუნველი პრეპარატები.
იმის გამო, რომ დონორები არ არიან, ბერვი გადანერგვა ვერ ხორციელდება. ამჟამად თირკმლის დიალიზზე 1000-მდე პაციენტი იმყოფება. დონორების არარსებობის გამო, მათ გადანერგვა ვერ უკეთდებათ. ეს ადამიანები ელოდებიან გვამური დონაციის დაწყებას.
გვამური დონაციის არ არსებობა ხომ არ არის იმით განპირობებული, რომ ამას მართლმადიდებლობა ეწინააღმდეგება?
- ამ საკითხთან დაკავშირებით ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში აზრთა სხვადასხვაობაა. სინოდის გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. შესაბამისად, რომ იმსჯელო მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციაზე, შეუძლებელია. ჩვენ შეგვიძლია მსჯელობა ამა თუ იმ ცალკეული სასულიერო პირის მოსაზრებაზე. მათი დიდი ნაწილი არ არის მკურნალობის ამ მეთოდის წინააღმდეგი. აზრთა სხვადასხვაობაა საკითხზე – თუ როდის არის ადამიანი გარდაცვლილი – როცა თავის ტვინი კვდება, თუ როცა გული ჩერდება?. კლასიკური გაგებით, ადამიანი გარდაცვლილად ითვლებოდა მაშინ, როდესაც გული და სუნთქვა ჩერდებოდა.
მაგრამ დღეს, მედიცინის თანამედროვე დონიდან გამომდინარე, შეიძლება, რომ ადამიანს სუნთქვა არ ჰქონდეს, მაგრამ აპარატის მეშვეობით ისუნთქოს იმდენ ხანს რამდენ ხანსაც აპარატი იმუშავებს. რომ არა ეს მეთოდი გულიც გაჩერდებოდა. ამიტომ თანამედროვე მედიცინამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ ადამიანი შეერთებულია აპარატთან, მაგრამ დაფიქსირებულია თავის ტვინის სიკვდილი, მაშინ ადამიანი მკვდრად ითვლება. აქედან გამომდინარე, თავის ტვინის სიკვდილი ადამიანის სიკვდილის იდენტურად ითვლება. საეკლესიო პირების ნაწილი ამბობს, რომ სიკვდილი ხდება მაშინ როცა სული ტოვებს სხეულს. ჩნდება კითხვა, სად არის სულის ადგილსამყოფელი? ზოგიერთი ამბობს, რომ ეს გულშია, მეუფე იოანე ამბობს, რომ თუ ერთი ადამიანი თავისი ნებით გასცემს ორგანოს, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, გარდა ამისა, -ამბობს, რომ სულის ადგილსამყოფელი თავის ტვინია და იგი ეფუძნება წმინდა მამების მოძღვრებას.
კერძოდ, გაბრიელ ეპისკოპოსი თავის წიგნში “ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები” წერს, რომ “სულის უმაღლეს უნარს გააჩნია თავისი ადგილსამყოფელი ორგანო, და ასე ვთქვათ, იარაღი თავის ტვინში”. წმინდა მამა გაბრიელ ეპისკოპოსი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტორიტეტია.
ცნობისთვის: სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად წელიწადში 100 ათასზე მეტი ორგანო ინერგება, არც ამდენსავე გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. მათ შორის თირკმელი - 65 ათასზე მეტი, ღვიძლი 20 ათასზე მეტი, გული 5 ათასზე მეტი, ფილტვი 3 ათასზე მეტი, პანკრეასი 2 ათასზე მეტი. საქართველოში თირკმელი პირველად 1977 წელს გადაინერგა.