მას შემდეგ, რაც ჩვენს პორტალზე კომენტარების ფუნქცია ჩაირთო, ქართული ინტერნეტფორუმების მომხმარებლების დიდი ნაწილი პრესა.გე–ს სტატიების აქტიური შემფასებელი გახდა. განსაკუთრებული აქტივობა, ბუნებრივია, პოლიტიკური თემატიკისადმია. მოგვიმრავლდნენ უხამს სიტყვათა მოტრფიალენიც, თუმცა ჭეშმარიტ ფორუმულ სულს ეგრე ადვილად ვერვინ დასძლევს.
წინა კვირის მთავარ განსახილველ თემათა შორის, კვლავ ნატო–საქართველოს ურთიერთობა იკავებს პირველ ადგილს. სტატიაზე: “ნატო საქართველოს: გმადლობთ თქვენი სამსახურისთვის, მაგრამ…“, გურამ სანადირაძე წერს.
გურამ სანადირაძე: “საქართველოს ნატოში გაერთიანების პერსპექტივა მანამდე იქნება ძალიან შორი, სანამ არ გაირკვევა განდგომილ ტერიტორიათა ბედი. ან უნდა დამოუკიდებლად მოვაგვაროთ ურთიერთობა ეთნოტერიტორიებთან (რასაც ამჟამინდელი ჩვენი ხელისუფლება ვერ გააკეთებს), ან უნდა ვაღიაროთ მათი სეპარაცია და უარი ვთქვათ მათზე. სხვათა შორის, ვაშინგტონის მხრიდან მიშას ხელისუფლებაში დარჩენაზე დაყაბულების ერთ-ერთი (თანაც, ძალიან მნიშვნელოვანი) ვარიანტი ესეც არის. იმიტომ ხომ არ არის, ჩვენი პრეზიდენტი ასე დაჟინებით რომ უთვლის მოსკოვს მოლაპარაკებების დაწყებას ყოველგვარი პირობების გარეშე?“
სხვათა შორის, საქართველოს მდგომარეობა ძალიან წააგავს სერბიისას - იქაც, სერბიის ევროკავშირში გაერთიანება პირდაპირ არის დამოკიდებული კოსოვოს აღიარებაზე.
ასევე განსაკუთრებული ინტერესი მოჰყვა, სტატიას: “კონსტიტუციას დაჩქარებული წესით კიდევ ერთხელ აუპატიურებენ“ მეტად საინტერესო თიკუნის მფლობელი ჩვენი მომხმარბელი ბევრ რამეს, ახალგაზრდების პასიურობას მიაწერს.
2323: “ძალიან მიკლავს გულს ახალგაზრდების პასიურობა. სტუდენტობა, ეს მოწინავე ნაწილი ჩვენი ახალგაზრდობისა, ძალიან დიდი ძალა უნდა იყოს წესით და ხმა აღიმაღლოს ყველანაირი უზნეობისა და უმსგავსოების წინააღმდეგ, მაგრამ გინახავთ სადმე დარაზმული და შეუპოვარი ახალგაზრდების, სტუდენტების პროტესტი?
შარშან, 15 ივნისის შემდეგ, რაც მათ პოლიციის სამმართველოსთან დამართეს, თითქოს დააშინეს და ჩაუკლეს ყველანაირი პროტესტის სურვილი. ამასთანავე მიმდინარეობს იდეოლოგიური გახრწნის მიზანმიმართული პოლიტიკა“.
იდეოლოგიურ გახრწნაზე ვერაფრს ვიტყვი, მაგრამ უსაქმურობა და არაფრისმაქნისობა რომ არის დღეს მოდაში, ამაზე კამათიც კი ზედმეტია!
ამავე თემაში, ვინმე ირაკლი წერს:
ირაკლი: “ნუ გეშინიათ აჯანყების! ასეთი აჯანყებები ყოველთვის იგეგმება და ფინანსდება ქვეყნის გარედან, ანხორციელებენ ფანატიკოსები და სარგებლობენ ავანტურისტები. რომლები ხართ ან ერთი ან მეორე? ამოიღეთ ხმა! ხედავ – ხმას არ იღებენ, ესე იგი ეს საკითხიც მოხსნილია. აქ საუბარია კონსტიტუციაზე. წაკითხული თუ გაქვთ ვინმეს და რაში არ ეთანხმებით ? (მე არ წამიკითხავს და მაინტერესებს) რა მუხლებია შესაცვლელი? რას არ ეთანხმებით? მიშას “კამანდა“ არ მოგწონთ? მარიონეტია? რა პრობლემაა – არჩევნებზე ხმას ნუ მისცემთ, ოპოზიციას დაუჭირეთ მხარი“
რა ადვილია... მიდი, მხარი დაუჭირე... თითქოს შვეიცარიაში ვცხოვრობდეთ და სიტყვა “გაყალბება“ ნამეტანი უცხო რამეს ნიშნავდეს...
ახალგაზრდებისადმი მოწოდებები სტატიის: “რუსები ბოძებს არჭობენ, ქართველები შეშფოთებით კმაყოფილდებიან“ გარშემოც ისმოდა...
დავითი: “საჭიროა შეიქმნას ახალგაზრდების მობილური ჯგუფები (კმარას ტიპის მოძრაობა),რომლებიც იმოძრავებენ ავტომანქანებით და რუსების და ოსების უკანონო საქმიანობას საზოგადოებრივ წინააღმდეგობას გაუწევენ.კარგი იქნება თუკი ისინი თან იქონიებენ ვიდეოკამერებს, რომლებითაც დააფიქსირებენ თავიანთ საქმიანობის არაძალადობრივ აქტივობებს. ეს ყველაფერი ევროკავშირის მონიტორების თანხლებით უნდა მოხდეს“.
და თანხა? თანხას რამდენს გადავუხდით ამ ახალგაზრდებს ეგაა მთავარი. ჩვენთან პატრიოტობაშიც კი ხშირად ფულის გადახდაა საჭირო.
თურმე ნუ იტყვთ და, “მაიკროსოფტი“ საქართველოში 150 მილიონ დოლარს კარგავს
გურია: “მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების გიგანტი „მაიკროსოფტი“ საქართველოში ყოველწლიურად 150 მილიონ დოლარს კარგავს. საქართველოს ბიუჯეტში კი 50-60 მილიონი ლარის ოდენობის გადასახადები არ შედის. ასეთია “მაიკროსოფტის“ თბილისის წარმომადგენლობის კვლევის შედეგი, რომელიც საქართველოში მოპარული კომპიუტერული პროგრამების გავრცელების მაშტაბების დადგენას ისახავდა მიზნად. საინტერესოა, რომ მოპარული კომპიუტერული პროგრამებით ჩვენს ქვეყანაში, თითქმის თანაბრად სარგებლობენ, როგორც კერძო სექტორში, ისე სახელმწიფო დაწესებულებებში.
ქართული საზოგადოება არ თვლიდა და დღესაც არ თვლის საჭიროდ ფული გადაიხადოს იმაში, რისი მიღებაც შეუძლია სხვა და სხვა ცუდი და უკანონო გზით, უფასოდ“
მომიტევოს ძია ბილმა, გეიტსად წოდებულმა, რომ ესოდენ ურცხვად არ ვიხდი 700 დოლარს, ლიცენზირებული “ვინდოუსის“ დაყენებაში, რომელსაც ჩემი მეგობარი მახო ორი კათხა ლუდის საფასურად მიკეთებს.
ისე კი, ფორუმებზე ბოლო დროს რაღაც გახშირდა ასეთი თემები გარკვეული მიზნით. ალბათ მალე მიშას “რობოტები“ სახლში შემოგივარდებიან და კომპიუტერის არალეგალური პროგრამების გამოყენებაში კოლოსალურ ჯარიმებს დაადებენ ხალხს. მთავრობას ბიუჯეტი აქვს შესავსები!
“სითი პარკი” ავტომფლობელების ჯიბეს ემტერება“ ჩვენს პორტალზე დადებული ამ სტატიით არამხოლოდ მძღოლები დაინტერესდნენ.
გია: “უგულავა დაძვრება და დაძვრება ჩვენს ჯიბეებში, პრეზიდენტი დაბოდიალობს უცხოეთის საროსკიპოებში, “მიშისტები“ სუქდებიან და სუქდებიან ქართველი ხალხის სისხლით, ამასობაში კი რუსეთი მოჩოჩავს და მოჩოჩავს!“
რუსეთი მეტი სადამდე უნდა მოჩოჩდეს? ა, ჰო, თბილისამდე? თბილისი ეგ რომელია? უგულავა მერად რომ აირჩია, ის ქალაქი?
“ძაღლი ყეფს - ქარავანი მიდის” – ზუსტად გამოხატავს საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას
ვასილი: “ჩვენ ერთი სერიოზული პრობლემა გვაქვს (ჩვენში ვგულისხმობ - ზოგი აქ “გოსურდვანიკს“, ზოგი “ლიბერასტს“ “მიშისტს“ გვეძახის) – ვართ რუსული საინფორმაციო სივრცის, მისი აგიტაციის გავლენის ქვეშ. მაგალითად და არგუმენტად მოგვყავს ხოლმე რუსული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მასმედიის მიერ გადმოცემული ინფორმაციები. აუცილებლად ამ სივრციდან როგორმე უნდა გამოვიდეთ.
ამ ზღვა ნეგატიური ინფორმაციის ფონზე, (რომ სადააცა დავიღუპებით და დავიქცევით). ამ ძაღლი/ღორების ყეფის ფონზე, ჩვენი “ქარავანი“ მიდის! გაიხსნა ნატოს ოფიციალური ოფისი (ძალიან მნიშვნელოვანი თემა) გაიხსნა თბილისი გომბორის გზა, ევროკავშირმა გრანტის სახით გამოგვიყო 30 მილონი ევრო. საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირებული წევრობის და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობისათვის. ქვეყანა ვითარდება და წინ მიდის! ჩვენ სამშობლოს საქართველოს გაუმარჯო!“
გახსოვთ ჟიულ ვერნის რომანი “მოგზაურობა მთვარეზე?” იქ არის ორი მთავარი გმირი: კაპიტანი ბარბიკენი და კაპიტანი ნიკოლი. ბარბიკენი არის მოგზაურობის იდეის ავტორი და გუნდის კაპიტანი. ნიკოლი კი თავიდანვე კრიტიკულად იყო განწყობილი მთვარეზე გაფრენის იდეის მიმართ. ვითომ ჩვენ ყველანი ნიკოლები ვართ?
ბაღდასაროვმა თქვა, ფხაზეთი-ფოთი-აჭარა-ჯავახეთის კორიდორი უნდა შეიქმნასო...
OrionTSEP: “მთელი თავისი მრავალათასწლიანი ისტორიის განმავლობაში 5 წელი არ
გადის ისე რომ ჩინეთმა ვინმეს მაინც არ დაარტყას და მიწები არ “აახიოს“...
ჰოდა, სტატისტიკის მიხედვით, რუსეთსაც უნდა მოხვდეს ერთხელ მაინც
ხომ?
ისე, ძალიან მაინტერესებს, სრულიად თეორიულად რომ მოხდეს
კონფლიქტი ქართველებს და სომხებს შორის... ორი აზრი არ არის,
რომ ძალიან მალე შავ ზღვაში აშშ-ს ფლოტი შემოვა. მაგრამ,
რა შანსია, რომ ეს ფლოტი ჩვენ დაგვეხმარება და არა სომხებს?
(იმისდა მიუხედავად, რომ დავუშვათ ჩვენ ცამდე მართლები ვიყავით
და პირველებმა სომხებმა გაისროლეს და საერთოდ ყველაფერი იმათ
დაიწყეს)“
თუ ეგ მოდელირებული ომი დაიწყო, ამერიკაზე ჩქარა აქ სულ სხვა ქვეყანა შემოვა. აბა თუ გამოიცნობთ რომელი...