სამი შეკითხვა საქართველოს პრეზიდენტს

სამი შეკითხვა საქართველოს პრეზიდენტს

„რამდენიმე წლის წინ რაჭის ერთ-ერთ სოფელში ვიყავი. მათი შრომისმიყვარეობით პირდაპირ აღვფრთოვანდი - ციცაბო ფერდობზე თესავდნენ სიმინდს. ორი წლის შემდეგ ისევ იმ სოფელში ავედი და სიმინდი აღარ დამხვდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მადლიერებით მომახსენეს, რომ სიმინდი აღარ სჭირდებათ, ვინაიდან სოციალურ დახმარებას იღებენ და პურს ყიდულობენ.

 

ეს მაგალითია იმისა, რომ სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამები ქრონიკურ სიღარიბეს აჩენს. დახმარების მიმღებს უყალიბდება დამოკიდებულება - კმაყოფილდება იმით, რასაც იღებს და მეტის მისაღებად შრომა აღარ უნდა. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნების უფლება, რომ საზოგადოების ერთი, შრომისმოყვარე ნაწილის ხარჯზე ვარჩინოთ ამავე საზოგადოების მეორე, ასევე შრომისუნარიანი ნაწილი, რომელსაც საკუთრი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად მუშაობა არ უნდა. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს მხოლოდ იმათ, ვინც საკუთარი თავის დახმარების უნარს მოკლებულია.“

 

საქართველოს პრეზიდენტმა ეს განცხადება ჟურნალ „ტაბულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა („ტაბულა“ 20-26 სექტემბერი, 2010 წელი, #24). ამ ორ აბზაცში ორი მნიშვნელოვანი რამ ითქვა: პირველი ის, რომ ქრონიკურ სიღარიბეს სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამები აჩენს და მეორე - ამ პროგრამების ფარგლებში ისეთი დახმარება გაიცემა, რომ ადამიანი „კმაყოფილდება იმით, რასაც იღებს და მეტის მისაღებად შრომა აღარ უნდა“.

 

კმაყოფილი ქართველების გამოძახილი

 

„თელავის რაიონის სოფელ აკურაში მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული ნატო მოსაშვილი, სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის რაიონულ განყოფილებას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს და დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს. რადიო „ჰერეთთან“ საუბარში 70 წლის მოსაშვილი ამბობს, რომ სააგენტომ ერთი თვის წინათ სოციალური დახმარება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოუხსნა. „ჩემთვის გაუგებარია, ეს სამსახური რა დანიშნულებას ასრულებს.

 

მაშინ, როდესაც ოჯახში არც მე და არც ჩემი შვილი არ ვართ დასაქმებული და ერთადერთი საარსებო წყარო სწორედ 54-ლარიანი დახმარება იყო, დღეს ესეც აღარ გვაქვს და, ფაქტიურად, შიმშილის ზღავრზე ვართ,“ - აღნიშნა ნატო მოსაშვილმა. სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის რაიონული საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მოსაშვილისთვის სოციალური პაკეტის შეჩერება ოჯახში დასაქმებული წევრის არსებობამ გამოიწვია. „ინფორმაცია ადგილზე გადამოწმდება, შემდეგ კი მოსაშვილის სტატუსი განისაზღვრება,“ - განმარტა ლევან ახალაურმა.“

 

ეს ინფორმაცია სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენმა“ ამ კვირაში გაავრცელა. ერთი წლის წინათ კი, 2009 წლის აგვისტოში, „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საზოგადოებას სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში მცხოვრები ალექსანდრე სიყმაშვილის ოჯახის ამბავი უამბო. ცენტრის ინფორმაციით, სიყმაშვილების ოჯახი იმდენად გაჭირვებული იყო, რომ, სიცივისა და შიმშილისგან, ბავშვი მოუკვდა. ოჯახის მთელი ქონება დანგრეული სახლი, ორი რკინის საწოლი, ფეხმოტეხილი სკამი, რკინის ღუმელი, ერთი მაგიდა, მეზობლების მიერ ნაჩუქარი 70-ლარიანი შავ-თეთრი ტელევიზორი და რამდენიმე თეფში გახლდათ, შემოსავლი კი - თვეში სამჯერ, მეზობლის საქონლის მწყემსვით მიღებული 21 ლარი. ამ ინფორმაციის გავრცელების დროისთვის სიყმაშვილები ყოველთვიური საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვში არ ირიცხებოდნენ.

 

ყოველთვიური საარსებო შემწეობა სოციალური დახმარების ახალი ტიპია და საქართველოში 2006 წლის ზაფხულიდან მოქმედებს. ამასთან, ოჯახი, რომელსაც იგი დაენიშნა, პერიოდულად მოწმდება (ოჯახის წევრის დაბადების, გარდაცვალების, დასაქმების - მიუხედავად ხელფასის ოდენობისა; მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის; სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების; იძულებით სამკურნალოდ გაგზავნის და სხვა შემთხვევებში) და, შეიძლება, დანიშნული დახმარება გაუუქმონ კიდეც.

 

ამგვარი ფაქტებს ქართული მედია უკვე წლებია აშუქებს. მაგალითად, „გურიის მოამბე“ წერდა, რომ ლურსმანაშვილების შვიდსულიან ოჯახს, ხელახალი გადამოწმების შედეგად, სოციალური დახმარება იმიტომ შეუწყდა, რომ ციხიდან ოჯახის კიდევ ერთი წევრი გამოვიდა. არადა, ოჯახი სამ ავარიულ ოთახში ცხოვრობდა, მთელ მის მეურნეობას 20 ძირი თხილი შეადგენდა და ორი - პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდი ჰყავდა.

 

მოქალაქე ქეთო შიხაშვილი, მაგალითად, ცდილობდა გაერკვია, რატომ იქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა მისი ქულების რაოდენობაზე მცირეხელფასიან სამსახურში ქალიშვილის დასაქმებამ, - „ერთ პატარა, დაობებულ კედლებიან, 10 კვადრატულ ოთახში შვილთან ერთად ვცხოვრობ, ასთმა მაქვს და თვეში 70 ლარის წამლები მჭირდება. როგორ შეიძლება ჩემი პენსია და ჩემი შვილის 150 ლარი საარსებოდ გვეყოს? ოჯახისთვის არაფერი შემიმატებია და როგორ უნდა გამხდარიყო ჩემი ქულა 126150? არაფერი მესმის...“ („სამომხმარებლო კალათა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები“, გაზეთი „მონიტორი“, www.polity.ge).

 

იმავეს ჩიოდა იქვე მოქალაქე ჟუჟუნა გაჩეჩილაძე, - „ოჯახში სამი წევრი ვართ, შვილი მეორე ჯგუფის ინვალიდია და 62 ლარსაც კი არ გვაძლევენ. მეზობლების ნაჩუქარი ძველებური ტელევიზორი და სარეცხის მანქანა მაქვს, „ფანერკების მინები“ მაქვს ჩასმული და აბანოდან წყალი ვედრით გამაქვს, ისე ჟონავს. მომანიჭეს 79920 სარეიტინგო ქულა. ვერ ვხვდები, ამ ქულას როგორ ანგარიშობენ, ჩემს მეზობელს „მარშრუტკა“ ჰყავს, კარგად ცხოვრობს და ის იღებს სოციალურად დაუცველი ოჯახის დახმარებას.“

 

შეკითხვა საქართველოს პრეზიდენტს: ეს კმაყოფილი ადამიანების ნაამბობს ჰგავს?

 

სოციალური დახმარების პროგრამები

 

ახალი ტიპის, ე.წ. საჭიროებებზე დაფუძნებული დახმარებების სისტემით საქართველოში სოციალური დახმარებების არსებული, კატეგორიებზე დაფუძნებული სისტემა ჩაანაცვლეს. კატეგორიებზე დაფუძნებული სისტემის ფარგლებში, დახმარებას ადამიანები იღებდნენ იმ შემთხვევაში, თუკი იყვნენ პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირები ან ომის ვეტერანები. სისტემაში ცვლილებების მთავარ მიზეზად მთავრობაში სწორედ ეს დასახელდა – შესაძლებლობა, ადამიანი ყოფილიყო მარტოხელა პენსიონერი, მაგრამ - შეძლებული და მაინც მიეღო დახმარება მაშინ, როცა რეალურად გაჭირვებული ადამიანი, იმის გამო, რომ ჩამოთვლილ კატეგორიებში ვერ მოხვდა, დახმარების გარეშე რჩებოდა.

 

საჭიროებეზე დაფუძნებული დახმარება, დღეს, სოციალური დაცვის სისტემის მთავარი ნაწილია, თუმცა, ძალაშია კატეგორიებზე დაფუძნებული დახმარებების ნაწილიც, საოჯახო დახმარებებისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიების სახით. საოჯახო დახმარების ოდენობა 22-დან 35 ლარამდე მერყეობს, იგი თვეში ერთხელ გაიცემა და მისი მიმღები, იმ პერიოდისთვის, რომელზეც ჩვენი პრეზიდენტი საუბრობდა, საშუალოდ, 23964 ბენეფიციარი იყო. საყოფაცხოვრებო სუბსიდია (ყოველთვიური ფულადი გასაცემი სოციალური შეღავათებით მოსარგებლე პენსიონერებისთვის დაწესებული საყოფაცხოვრებო-კომუნალური საჭიროების ხარჯების გასაწევად), 7-22-44 ლარის ოდენობით, თვეში ერთხელ გაიცემა და მას, იმავე პერიოდის მონაცემებით, 70930 ბენეფიციარი იღებდა.

 

საჭიროებებზე დაფუძნებული სისტემის მიხედვით, სოციალური დახმარების მიღების მსურველი ოჯახი (ადამიანი), რომელიც მიიჩნევს, რომ უკიდურესი სღატაკის ზღვარს მიღმა იმყოფება, სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივ განყოფილებაში სპეციალურ ფორმას ავსებს. ამის შემდეგ, მასთან მიდის სოციალური აგენტი, რომელიც, საოჯახო მეურნეობის დათვალიერების, ოჯახის წევრებთან გასაუბრების, მათ შესახებ ინფორმაციის შეკრების შედეგად, ავსებს ოჯახის დეკლარაციას (დეკლარაციას ხელს ოჯახის წარმომადგენელიც აწერს).

 

სარეიტინგო ქულა, რომელიც გადამწყვეტია დახმარების მიღებისთვის, დეკლარაციის საფუძველზე ითვლება და ოჯახს მიეცემა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა“. ამასთან, თუკი ოჯახი იღებს საოჯახო დახმარებას ან/და დევნილობის ყოველთვიურ შემწეობას (28 ლარი დევნილზე), არჩევანის გაკეთება უწევს - საარსებო შემწეობის დანიშვნის შემთხვევაში, ეს დახმარებები მას შეუწყდება.  

 

დაახლოებით იმ პერიოდისთვის, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა, დახმარება ეძლეოდა მას, ვისი ქულა 57001 და უფრო დაბალი იყო და იგი შეადგენდა 30-დან 390 ლარს, ოჯახის სულადობის მიხედვით (ერთსულიანიდან - თექვსმეტსულიანი ოჯახის ჩათვლით). სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში იმ დროისთვის (მაგალითად, გასული წლის ზაფხულში) რეგისტრირებული 531 273 ოჯახიდან საარსებო შემწეობას იღებდა 161 264 ოჯახი. აქედან ერთწევრიანი ოჯახი იყო 51 572 (30 ლარი), ორწევრიანი - 36 226 (54 ლარი), სამწევრიანი - 19 525 (78 ლარი), ოთხწევრიანი - 21 166 (102 ლარი), ხუთწევრიანი - 15 560 (126 ლარი), ექვსწევრიანი - 9 457 (150 ლარი), შვიდ და მეტწევრიანი - 7 758 (174 ლარი და მეტი).

 

როგორც ხედავთ სოციალური დახმარების მისაღებად დიდი დროისა და ენერგიის დახარჯვაა საჭირო, მიუხედავად ამისა, მისი მიღების სურვილი  531 273 ოჯახმა გამოთქვა. მოსახლეობის ბოლო, საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოში, სულ, 1,174,275 ოჯახია და, როგორც ოფიციალური სტატისტიკა გვეუბნება, მათი 45% დახმარებას ითხოვდა. სახელმწიფო დახმარება მთხოვნელების 30,4%-ს დაენიშნა, ამასთან, 80 ლარზე მეტს აქედან 28 924 (ოთხ, ხუთ და მეტწევრიანი) ოჯახი იღებდა, სოციალური დახმარების მიმღებთა 17%. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2010 წლის ზაფხულის მონაცემებით, სოციალურად დაუცველთა შემწეობის მიღებას უკვე 548,907 ოჯახი ითხოვდა. შემწეობის მთხოვნელთა შორის, ამავე სააგენტოს მონაცემებით, 18-დან 65 წლამდე ასაკის 1,070,8 ადამიანია. “საქსტატის” ბოლო, 2009 წლის მონაცემებით კი, საქართველოში ეკონომიურად აქტიური, სულ, 1.991,8 ადამიანია.  

 

შეკითხვა საქართველოს პრეზიდენტს: 80 ლარი ის ფულია, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 53,7%–ს სამუშაოზე ხელს რომ ააღებინებს?

 

კიდევ ერთი შეკითხვა

 

მუდმივმა და საგრძნობმა დახმარებამ, შეიძლება მოადუნოს ადამიანი, მაგრამ სიღარიბეს ვერ გააჩენს. სიღარიბეს აჩენს სამუშოს არარსებობა.

 

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში, რომელსაც, ჩვენი უმაღლესი ხელისუფლების არაერთი განცხადებით, მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ვერაფერი დააკლო, სიღარიბის დონემ 16,9 პროცენტი შეადგინა. ეს მაშინ, როცა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, დსთ-სა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, უმუშევრობის დონე 10 პროცენტია.

 

NDI-ის მიერ, წელს, ივნის-ივლისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომლის დროსაც 2053 ადამიანთან პირისპირი ინტერვიუ შედგა, გამოკითხულთა 65% მათი ოჯახებისთვის უმნიშვნელოვანეს ეროვნულ საკითხად სამუშაო ადგილებს მიიჩნევს. გასული წლის დეკემბერში ამაზე გამოკითხულთა 57%, წელს, აპრილში კი – 59% საუბრობდა. ეს არ უნდა ჰგავს იმ ადამიანების პასუხებს, ვისთვისაც სოციალური დახმარება სიმინდის თესვის ალტერნატივად გამოდგება.    

 

შეკითხვა საქართველოს პრეზიდენტს: ასე არ არის?