კონტროლის პალატას მინისტრის მოადგილეები თვალში არ მოსდის. ბეჟაშვილის უწყებამ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე უკვე გაისტუმრა სატუსაღოში და ახლა ფინანსთა მინისტრის ამჟამინდელ მოადგილესა და ეკონომიკის სამინისტროს ექს-მოადგილეზე უჭირავს თვალი.
გამორიცხული არ არის, ამათგან ერთ-ერთი, თუ ორივე არა, ერთ მეტად არასასურველ დაწესებულებაში აღმოჩნდეს.
ფინანსთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ კონტროლის პალატის დასკვნის საფუძველზე პასუხისმგებლობა, შესაძლოა, ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს პაპუნა პეტრიაშვილსა და ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრის ყოფილ მოადგილეს გრიგოლ გობეჯიშვილსაც დაეკისროს.
საქმე ისაა, რომ სწორედ პეტრიაშვილი და გობეჯიშვილი ფლობენ რეალურად შპს „კონგარს“, რომლის ფორმალური მმართველი ნუკრი კიღურაძე პროკურატურამ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობების შეუსრულებლობის ბრალდებით მიმდინარე წლის 30 სექტემბერს დააკავა.
არაოფიციალური ინფორმაციით, შპს „კონგარი“ ფინანსთა სამინისტროს მიერ 2009 წლის თებერვალში ტენდერის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, სწორედ აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით შეიქმნა, ხოლო თავად ტენდერს, რომელიც „სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის მხარდამჭერი პროექტის“ ფარგლებში საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალეობას და საბიუჯეტო დოკუმენტაციის პოპულარული ვერსიების შემუშავებას ისახავდა მიზნად, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი კურირებდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ტენდერში მონაწილე კიდევ ერთი კომპანიის, შპს “პიემსიჯის“ მიერ წარდგენილი პროექტის ღირებულება შპს „კონგარის“ მიერ წარდგენილზე 117 ათასი ლარით ნაკლები იყო, სატენდერო კომისიამ გამარჯვებულად „კონგარი“ დაასახელა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს 61 ათასი ლარის ოდენობის პირდაპირი ზარალი მიადგა.
ამასთან, 322 ათასი ლარი, რაც ინტელექტუალური შრომის ანაზღაურებისთვის გამოიყო, არამიზნობრივად დაიხარჯა, რადგან „კონგარმა“ არანაირი ახალი პროდუქტი არ შექმნა და მის მიერ გაწეული სამუშაოს შესრულება ფინანსთა სამინისტროს საკუთარი რესურსებითაც შეეძლო“, - აცხადებს კონტროლის პალატა.
სააგენტო „პირველის“ ინფორმაციით, „კონგარის“ ოფიცილური ხელმძღვანელი კიღურაძე გამოძიებასთან წარმატებით თანამშრომლობს და მის ჩვენებებში როგორც პეტრიაშვილის, ისე გობეჯიშვილის გვარები ფიგურირებს.
თავად პროკურატურაში აცხადებენ, რომ კონტროლის პალატის დასკვნის შესწავლა ჯერ არ დაუსრულებიათ.
„ამ დროისთვის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს „კონგარის“ დანაშაული გამოიკვეთა, თუმცა გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს“, - აცხადებენ უწყებაში.
ასევე აგრძელებს კონტროლის პალატის სქელტანიანი დასკვნის შესწავლას ფინანსთა სამინისტრო.
ზემოაღნიშნული ორი მოადგილიდან ერთი მათგანი - პაპუნა პეტრიაშვილი - ჯერ კიდევ მოადგილეობს, ხოლო გრიგოლ გობეჯიშვილს ვერა ქობალიას გამინისტრებისთანავე აღუკვეთეს ფეხი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან. ეს ის გობეჯიშვილია, რომელსაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა სულ „გაქსუებული“ უძახა რეალურად ტელევიზიიდანვე მოხსნა თანამდებობიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კი კონტროლის პალატის დასკვნაზე შეფასება ერთხელ უკვე გააკეთა. კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, დოკუმენტი სამინისტროში ჯერ არ შესულა და კონტროლის პალატის აუდიტის შედეგებზე კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც დასკვნას გაეცნობა.
„ერთადერთი რაც ვნახე, ეს იყო სატელევიზიო შოუს გმირის მიერ გაკეთებული განცხადება. დასკვნა ჯერ არ მინახავს. თუ ვინმე პასუხისმგებელი და ბრალეულია, დარწმუნებული ვარ, დაისჯება. თუმცა, დასკვნის გაცნობამდე კომენტარის გაკეთება ჩემი მხრიდან არასერიოზული იქნება“, - აცხადებს ფინანსთა მინისტრი.