ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ინტენსივობა მაღალია, თუმცა ეფექტი არ არის

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ინტენსივობა მაღალია, თუმცა ეფექტი არ არის

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ინტენსივობა მაღალია, თუმცა ეფექტი არ არის, - ამის შესახებ ქალაქის პროკურატურაში საგამოძიებო ჯგუფთან შეხვედრის დაწყებამდე ეროსი კიწმარიშვილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იგი ამ დროისთვის არ ელოდება საგამოძიებო მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას, რომელიც თვითმკვლელობის ვერსიას გულისხმობს. როგორც ზურაბ კიწმარიშვილმა განაცხადა, გამომძიებლებთან გუშინ მას და ადვოკატებს საკმაოდ მწვავე საუბარი ჰქონდათ სწორედ ეფექტის არარსებობასთან დაკავშირებით.

"ცხარე საუბარი გვქონდა იმაზე თუ რა იყო გუშინდლამდე გაკეთებული. გამოძიების ინენსივობა მაღალია, თუმცა ეფექტი არ არის, ის რისი მოლოდინიც გვქონდა. ჩვენ უახლოესი დღეების განმავლობაში გვექნება ინტენსიური შეხვედრები საგამოძიებო ჯგუფთან, რის შემდეგაც შევხდებით პროკურატურის ხელმძღვანელობას და მოვასხენებთ იმას რა გაკეთდა კარგად, რა გაკეთდა უხარისხოდ და რა შეიძლება გაკეთდეს, იმისათვის, რომ ვერსია დადასტურდეს ან პირიქით. ვეცდებით ამ დღეებში ამ მიმართულებით წინ წავიდეთ", - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.

მისი თქმით, რაც შეეხება ახლად გამოკვეთილ ადამიანებს, რომლების მიმართაც გამოძიების პროცესში კითხვები გაჩნდა, თუკი გამოძიება მათ შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ვერ მოიპოვებს, ძნელია იმის განსაზღვრა იძლევიან თუ არა ეს პირები საგამოძიებო ვერსიის შეცვლას.

"მათ შესახებ მოპოვებული უნდა იყოს ამომწურავი ინფორმაცია და არა ზერელე. სხვა შემთხვევაში ძნელია საუბარი იმაზე ნამდვილად მონაწილეობდნენ თუ არა ეს პირები ამ საქმეში", - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, როგორ შეაფასებდა იგი პროკურატურის პოზიციას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, გარდაცვლილის ძმამ აღნიშნა, რომ ძნელია ამაზე საუბარი, რადგან დაზარალებულ მხარეს დიდი ხანია პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეხვედრები არ ჰქონია და ხელმძღვანელობა ინფორმაციას მხოლოდ გამომძიებლებისგან იღებს. მსგავსი ტიპის შეხვედრები ქალაქის პროკურატურაში მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

ეროსი კიწმარიშვილი გასული წლის 15 ივლისს გარდაიცვალა.