ჩვენ რეგიონებში დავდივართ და კიდევ უფრო მეტად ცხადი გახდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მოსახლეობისთვის, რომ „ქართული ოცნება“ იყო ხელისუფლებაში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას.
„რასაც აკვირდებიან, რომ ჩვენს ირგვლივ ცეცხლის ალშია გახვეული, სამეზობლო არ დაგვრჩა, სადაც ომი არ არის და ერთმანეთს არ ხოცავენ. ამის ფონზე კიდევ უფრო ცხადი გახდა ის პრაგმატული და სწორი პოლიტიკის შედეგი, რაც ჩვენ დავაანონსეთ და ბოლომდე გავიტანეთ ქართველ ხალხთან ერთად. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ამ ხელისუფლების მხარდაჭერა და ეს ნეიტრალურად განწყობილმა ადამიანებმაც კარგად გაიაზრეს.
ჩასული ვიყავით წალენჯიხაში. ხალხი მოდიოდა და გვეუბნებოდა, რომ თქვენ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გვესაუბრებით და ჩვენს სამეზობლოში იმას ითვლიან, ნანგრევებიდან თავისი შვილები როგორ ამოიყვანონო. მნიშვნელოვანია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის და ეს კიდევ უფრო მეტად ცხადყოფს, რომ ჩვენ სწორ პოლიტიკას ვატარებთ“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.