შსს-ს პირად შემადგენლობას გადადგომის განცხადება დააწერინეს

შსს-ს პირად შემადგენლობას გადადგომის განცხადება დააწერინეს

[ანი გოდერძიშვილი]

 

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს ყველა თანამშრომელი კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს. შესაბამისი განცხადება მათ ერთი თვეა დაწერილი აქვთ. რაც ყველაზე საინტერესოა, ისინი გააფრთხილეს, რომ განცხადებას თვე და რიცხვი არ მიუთითონ. განცხადება ისე დაწერეს, რომ მათთვის მიზეზები არავის აუხსნია.

 

“ერთი თვეა რაც განცხადება გვაქვს დაწერილი, კადრებში ვართ. არავინ გვეუბნება როდემდე ვიქნებით კადრების განკარგულებაში. დაგვიბარეს და გაგვიცხადეს, რომ დაგვეწერა განცხადება გადაგომის შესახებ. აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს დააწერინეს განცხადება და თან დასძინეს, რომ განცხადებას რიცხვი და თარიღი არ მიუთითოთო. ძალიან გაურკვეველ მდგომარეობაში ვარ. 

 

მე პირადად 2 თვეში პენსიაზე უნდა გავიდე, არ ვიცი რა ხდება. 

როგორც გავიგე, შემცირება იწყება და ერთ-ერთი ვერსიით ეს უკავშირდება იმ პროცესს, რომ შსს-ს უნდა გამოეყოს უშიშროება და ამბობენ, რომ ცალკე უწყება იქნება”, - გვითხრა შსს-ს ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

 

გადაიყვანეს თუ არა შსს-ს თანამშრომლები კადრების განკარგულება და რა მოტივით, ამასთან დაკავშირებით შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი კომენტარს არ აკეთებს.

 

ა-ო “სოლიდარობა უკანონო პოლიტპატიმრებს” თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ შსს-ს თანმშერომლების კადრების განკარგულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით კულუარულად საუბრობენ, მაგრამ საჯაროდ ამაზე განცხადებას არ აკეთებენ.

 

როგორც ჩანს, ხდება შიდა რესურსების გადამოწმება, კონტროლის მექანიზმების გამკაცრება და კიდევ ერთხელ ყველაზე მორჩილი და ყველაზე ერთგული კადრების გადახალისების პროცესი. მით უფრო, რომ უახლოეს პერიოდში მზადდება, და ამაზე თქვენი გაზეთი იუწყებოდა, შსს-ს რეორგანიზაცია და ხდება ამ უწყების გაყოფა.

 

“ამ შემთხვევაში ეს არის წინმსწრები პროცესი, რომელიც ემსახურება იმ მიზანს, რომ მოხდეს ხელახალი დანიშვნები და სწორედ მოქმედი თანამშრომლების კადრებში გადაყვანა ამას გულისხმობს.

 

არ შეიძლება თვითნებური მოქმედება, როდესაც ლაპარაკია შრომით უფლებებზე. ადამიანი აიძულო დაწეროს განცხადება, არა საკუთარი ნებით, არამედ იძულებით და გადაიყვანო კადრების განკარგულებაში იმიტომ, რომ მერე აქედან თავიდან შეარჩიო ის კადრები, რომლებიც შენთვის სასურველია - ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში კანონს პატივს არავი არ სცემს და შრომით კოდექსს საერთოდ არ აღიარებენ“, - ამბობს ბესელია.

 

მისივე თქმით, შსს-ში განსახორციელებელი რეფორმებისთვის მზადება იწყება და ხდება სასურველი კადრების გადარჩევა - ვინ დარჩება მერაბიშვილის უშუალო დაქვემდებარებაში და ვინ გადავა იმ გამოყოფილ უწყებაში, ანუ შსს-ში.

 

„სამწუხაროდ ქვეყანაში გრძელდება ტენდენცია, როდესაც ადამიანები სამსახურს პოულობენ ან კარგავენ იმის მიხედვით, ვის რამდენად კარგი ლობისტი ჰყავს, რამდენად კარგი მფავრელი და პატრონი და არა იმის მიხედვით, რამდენად მაღალი კვალიფიკაციის არის ის.

 

 „რაც შეეხება იმას, რომ განცხადებაზე აეკრძალათ მათ თარიღის მითითება, ესეც დარღვევაა, ვინაიდან ამ შესაძლებლობას იტოვებს ადმინისტრაცია, რომ იმ თარიღით გააფორმოს შემდეგ ეს განცხადება, რა თარიღიც მათ აწყობთ. ამიტომ ხდება ის, რომ განცხადებას არ ახლავს განცხადების ავტორის მიერ თარიღისა და დროის მითითება.

 

ეს არის უკანონობა, შრომის კოდექსის პირდაპირი დარღვევა. „ნებისმიერი ფორმის იძულება, რომელიც გამორიცხავს მოქალაქის, თანამშრომლის და მოხელის მხრიდან საკუთარი ნების მოქმედების შესაძლებლობას, არის სისხლის სამართლის დანაშაული.

 

ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის დასჯადი ქმედება და ეს კვალიფიცირდება როგორც დანაშაული. ამ შემთხვევაში შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მხრიდან ადგილი აქვს უფლებამოსილების გადამეტებას, უკვე მერამდენედ“, - ამბობს ეკა ბესელია.