სეპარატისტული ნარკომაფია

სეპარატისტული ნარკომაფია

ნარკომანია, რომელიც ნარკობიზნესის გარეშე წარმოუდგენელია, კონფლიქტურ რეგონებში აღმავლობის გზას ადგას. ექსპერტების ინფორმაციით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ნარკოტიკებით

არალეგალური ვაჭრობა კონტრაბანდის კიდევ ერთი გავრცელებელი სახეა.

 

კონფლიქტურ რეგიონებში მნიშვნელოვნად გაფართოვდა ნარკომაფიის მასშტაბები, გარდა ამისა, მომრავლდა ნარკოტიკების შემცველი მცენარეების ნათესები.

 

ოკუპირებულ რეგიონებში ნარკობიზნესის აყვავება იმდენად პრობლემატური გახდა, რომ ამას არც დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები მალავენ. ედუარდ კოკოითიმ თავის ერთ-ერთ გამოსვლაში აღნიშნა, რომ სასმართალდამცავი სტრუქტურების ოფიცრები თავად მფარველობენ ნარკოდილერებს. აფხაზეთის „პრეზიდენტი“ სერგეი ბაღაფში კი ნარკოტიკით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების საჭიროებაზე საუბრობს.

 

„ყველამ იცის, თუ სად მოჰყავთ ნარკოტიკი რესპუბლიკაში და საიდან შემოდის ის. პოლიციის მუშაობა ამ მიმართულებით თვალსაჩინო სულაც არაა“ – ეს განცხადება თვითონ ბაღაფშისთვის არის - შირმა. არა მარტო პოლიცია, არამედ სეპარატისტული ლიდერებიც ძალიან კარგად ითბობენ ხელს ამ ბიზნესით.

 

არაა გასაკვირი, რომ ამ თანხის გარკვეული ნაწილი ბაღაფშთანაც მიდიოდეს. ბაღაფშის ეს განცხადება შეიძლება გახდეს ე.წ. ძალოვანებში მისი მოწინააღმდეგების წმენდის ერთ-ერთი მიზეზი.

 

„არა მარტო ნაკრობიზნესზეა საუბარი, არამედ საკმაოდ აქტიურია იარაღით ვაჭრობის საკითხიც. ნარკოტიკები იქ ხვდება რუსეთიდან და ამას საოკუპაციო ძალები ლობირებენ. მათ გარეშე იქ არაფერი არ ხდება. შესაბამისად, ეს არის რუსული საოკუპაციო ძალებისა და სეპარატისტული რეჟიმის ერთობლივი პროექტი“, - ამბობს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ბესიკ სილაგაძე.

 

კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ აფხაზეთში ადგილზე მოჰყავთ მარიხუანა და ჰაშიში. ისეთი ნარკოტიკები კი, როგორიცაა კოკაინი და ჰეროინი, აფხაზეთში შემოაქვთ თურქეთიდან რუსეთში ტრანზიტისათვის.

„ნარკოტიკების იმპორტი ხდება თევზსაჭერი გემებით. რეგიონში ნარკობიზნესის ცენტრებად ითვლება სოხუმი და გუდაუთა. სოხუმში ძირითადი სატრანზიტო ცენტრი საზღვაო პორტია, გუდაუთაში კი ყოფილი რუსული სამხედრო ბაზა“.

 

გუდაუთისა და სოხუმის რაიონებში ხდება ყაყაჩოსა და ველური კანაფის მოშენება (ე.წ. პლანი), სოხუმში ამ ბიზნესით დაკავებული არიან ეთნიკური სომხები, გუდაუთაში - აფხაზები. ნარკოტიკებს ისინი ყიდიან როგორც რუსეთში, ისე ჩეჩნეთში, ასევე, გემებით გააქვთ თურქეთში.

ნარკოტიკების დიდი რაოდენობა აფხაზეთში ჩრდილოკავკასიიდან, კერძოდ, ყაბარდო-ბალყარეთიდან და ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან შედის.

 

საქართველოს შსს-ს ცნობით, რუსეთის სახმელეთო და საზღვაო ძალებისთვის, რომლებიც იყენებენ გუდაუთაში მდებარე პორტსა და აეროდრომს, ნარკოტიკის გადატანა მეტად მოსახერხებელია. რუსეთის საჰაერო ძალებს ადვილად შეუძლიათ მისი ტრანსპორტირება ცენტრალური აზიიდან გუდაუთის აეროპორტში. ამის შემდეგ ნარკოტიკი მიემართება ევროპისაკენ.

 

„აფხაზეთში კუსტარულ ლაბორატორიებში წარმოებული ნარკოტიკი დამნაშავეებს გამართული არხებით შეაქვთ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, მდინარე ფსოუს გავლით. ნარკოტიკის გავრცელების აღნიშნულ მარშრუტს თითქმის მთლიანად აკონტროლებენ

აფხაზეთისა და რუსეთის სამხრეთ რეგიონში მცხოვრები სომხები.

 

მათ მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების საზღვარზე გადატანა ძირითადად აგვისტო-თებერვლის პერიოდში ხდება. მოთხოვნილება ნარკოტიკულ ნივთიერებებზე რუსეთის სამხრეთ რეგიონებში მნიშვნელოვანწილად აფხაზეთიდან და ცხინვალიდან კმაყოფილდება“, - გვითხრა შსს-ს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

 

ნარკობიზნესი საკმაოდ წარმატებით ვითარდება ცხინალის რეგიონშიც. როგორც მამუკა არეშიძე ამბობს, სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთს შორის კორიდორი (როკის გვირაბი) დღემდე ღიაა იარაღისა და ნარკოტიკების კონტრაბანდისათვის.

 

„ცხინვალის რეგიონში ნარკობიზნესით არა მარტო ხელისუფლება, არამედ რამდენიმე კრიმინალური დაჯგუფებაცაა დაკავებული. ამ საქმეში ჩართულია თავად დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ძმა და ადგილობრივი ძალოვნები. ახალგაზრების უმრავლესობა ნარკომანია.

 

გიორგი ბარამიამ თქვა, რომ 500-მა აფხაზმა აიღოო საქართველოს მოქალაქეობა და იცით რომ, ამ ხალხის გარკვეული რაოდენობა არის ავადმყოფი. დაავადებული ადამიანები, რომლებიც აქ მკურნალობენ სხვა და სხვა დავადებებს, მათ შორის არიან შიდსით დაავადებულები. კატასტროფული მდგომარეობაა ამ მხრივ აფხაზეთში, ეს ძალიან კარგად იცის „ხელისუფლებამ“ მაგრამ თვალს ხუჭავენ.

 

ნარკოტიკების შესვლა იქ პრობლემა არაა. საკმაოდ დიდია ნარკომანების რიცხვი, ანალოგიური ვითარებაა სამხრეთ ოსეთშიც. რაც შეეხება იმას, ვინ მფარველობს ამ ბიზნესს, მინდა გითხრათ, რომ საოკუპაციო ძალებიც მონაწილეობენ ამ ბიზნესში და მათ გარეშეც აქვთ აწყობილი საქმე.

 

საერთოდ აფხაზეთშიც და ცხინვალში კრიმინალები და ძალოვანები ისე არიან გადაჯაჭვული ერთმანეთს, რომ ძალიან რთული გასარჩევია სად იწყება ძალოვანები და სად მთავრდება კრიმინალი. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ყველანი ჩართული არიან ამ საქმეში სხვა და სხვა ფორმით“, - ამბობს

მამუკა არეშიძე.

 

ოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად აფხაზეთში აღრიცხვაზე 3 ათასზე მეტი ნარკომანია. ყველაზე თამამი განცხადებით, აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე 200 ათასზე მეტი ადამიანი არ ცხოვრობს. შესაბამისად, კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ამის ფონზე 3 ათასი ნარკომანი აფხაზეთისთვის ძალიან ბევრია.

 

„ძალიან ბევრი ნარკომანია. აფხაზეთის ტერიტორია სატრანზიტო ტერიტორიაა, ბევრი ნარკოტიკი შედის და გადის. ზუსტი სქემები არ ვიცი. მაგრამ, როგორც ამბობენ, ორივე მხრიდან მოძრაობს ეს ნარკოტიკები, როგორც რუსული ასევე ქართული მხარისგან. ტრასასავით არის. იმდენად უკონტროლო ტერიტორიაა, რომ კრიმინალები ამ უკონტროლო ტერიტორიას თავის სასარგებლოდ იყენებენ“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.