საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ოთო კახიძე, რუსეთის მიერ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მასალების სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გაგზავნის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს.
"მასალების გადაგზავნას არ ვადასტურებ, რადგან არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ოთო კახიძემ.
რაც შეეხება, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის, ვლადიმერ მარკინის განცხადებას, რომლის თანახმად, რუსეთში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება "გენოციდის", "მკვლელობისა" და "ომის წარმოების მეთოდებისა და აკრძალული საშუალებების გამოყენების" ბრალდებით ჩატარდა და ამ საქმის მასალები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში არის გადაგზავნილი, ოთო კახიძემ აღნიშნა, რომ ეს გასაგებია და რუსეთის სახელმწიფოს პოზიცია თავიდანვე ცნობილი იყო.
"ისინი ქართულ მხარეს, საქართველოს ხელისუფლებას აბრალდებდნენ ომის გაჩაღებას, გენოციდისა და ეთნიკური წმენდის ჩატარებას. სინამდვილეში, ეთნიკური წმენდა მათ განახორციელეს. საქართველოს ტერიტორიაზეც ისინი შემოვიდნენ შეიარაღებული ძალებით და ე.წ. სამხრეთ ოსურ ბანდ-ფორმირებებსაც ისინი აკონტროლებდნენ, რომლებიც ქართულ სოფლებს ბომბავდნენ. საკუთარი დანაშაულის დასაფარად, ბუნებრივია სურთ, ჩვენსკენ გადმობრალება. მე დარწმუნებული ვარ, ეს მცდელობა წარუმატებელი იქნება და ქართული საზოგადოებაც დარწმუნებულია იმაში, თუ ვისი ბრალი იყო აგვისტოს ომი და ის ქმედებები, რომელიც მაშინ განხორციელდა", - აღნიშნა ოთო კახიძემ.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მარკინმა გამოცემა Собеседник-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადრე თუ გვიან სასამართლოს წინაშე წარსდგება 2008 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩადენილი დანაშაულებისთვის.
მისივე თქმით, რუსეთში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება "გენოციდის", "მკვლელობისა" და "ომის წარმოების მეთოდებისა და აკრძალული საშუალებების გამოყენების" ბრალდებით ჩატარდა.
მარკინის განცხადებით, ამ საქმის მასალები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში არის გადაგზავნილი.