ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი, ხელისუფლებაში შვიდი წლის წინ მოვიდა და პირობა დადო, რომ ესპანეთის პოლიტიკას კორუფციისგან გაასუფთავებდა. როგორც გამოცემა telegraph-ი იუწყება, ახლა მისი სოციალისტური პარტია (PSOE) კორუფციულ სკანდალშია გახვეული, რომელიც პროსტიტუციას, სახელმწიფო კონტრაქტებს, ქრთამს, ფარულ ჩანაწერებს, ღამის კლუბის ყოფილ დაცვას და პორნოვარსკვლავს უკავშირდება.
გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრის მეუღლის წინააღმდეგ, გავლენით ვაჭრობის ბრალდებებთან დაკავშირებით ცალკე საქმეა აღძრული და არსებობს ბრალდებები, რომ პარტიის ჩინოვნიკებმა მისი მუსიკოსი ძმისთვის, დევიდისთვის, სპეციალური სამუშაო ადგილი შექმნეს.
telegraph-ის ინფორმაციითვე, პრემიერ-მინისტრის სახელთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალი, მის თანამდებობას საფრთხეს უქმნის და დიდი ალბათობით მას დააკარგვინებს.
როგორც გამოცემა წერს, ევროპის ყველაზე გავლენიანი მემარცხენე ლიდერი კარგად აცნობიერებს თავისი პოზიციის რისკებსა და ირონიას.
სანჩესმა, 2018 წელს უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებით, თანამდებობიდან გადააყენა თავისი წინამორბედი მარიანო რახოია, რომელიც კონსერვატორი იყო და ასევე კორუფციულ საქმეებთან იყო დაკავშირებული.
ესპანეთის ეროვნულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რახოის სახალხო პარტია (PP) დამნაშავეა "ინსტიტუციურ კორუფციაში". მაშინ სანჩესმა პირობა დადო, რომ "დემოკრატიული განახლების" ახალ ერას დაიწყებდა.