თბილისში ხვალ ჩახუტების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტიდან აცნობეს, ჩახუტების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ისინი თბილისის ქუჩებში გავლენ. მთელი დღის განმავლობაში ქუჩაში გამვლელებს ოლიმპიური ფესტივალის თილისმა - ხოხობი პიკო, ჩაეხუტება.
"გვინდა, რომ პიკო უკეთ გავაცნოთ საზოგადოებას უჩვეულო, მაგრამ სახალისო გზით, რომელსაც ჩახუტების აქცია ეწოდება. მასთან ერთად, ოლიმპიადაში მონაწილე 9 ფედერაციის სპორტსენები, მოხალისეები და სკ-ს წევრები იქნებიან", - აცხადებენ კომიტეტში.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიება დილის 8:30 საათზე სასტუმრო "რადისონის" მიდებარე ტერიტორიიდან ("თბილისი 2015"-ის უკუათვლის საათთან) აიღებს სტარტს და თბილისის სხვადასხვა ქუჩებში გაგრძელდება.
კომიტეტის ინფორმაციით, ჩახუტების დღეს მთელ მსოფლიოში 21 იანვარს აღნიშნავენ. პირველად კი ეს დღესასწაული 1986 წელს აშშ-ში ჩატარდა. ფსიქოლოგთა აზრით, ჩახუტება სტრესს ხსნის, სისხლის წნევის რეგულაციასა და გულსიცემის რიტმის აღდგენას ხელს უწყობს.
"ჩახუტების დღეს" ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი უკვე მეორე წელია აღნიშნავს.