პოლიციის უფლებები „უსაზღვროდ“ იზრდება

პოლიციის უფლებები „უსაზღვროდ“ იზრდება

იზრდება თუ არა პოლიციელთა უფლებები, რა შემთხვევაში  ექნებათ ძალოვანებს ქუჩაში ნებისმიერი გამვლელის გაჩერების უფლება და რას ნიშნავს დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ „გონივრული ეჭვის“ საფუძველზე, სამართალდამცველებისთვის პირის ზედაპირული შემოწმების უფლების მინიჭება - პოლიციის შესახებ კანონში შესატანი არსებითი ხასიათის ცვლილებების პროექტს, რომელიც უმრავლესობამ პარლამენტში ტექნიკური ცვლილებების ქოლგით შემოიტანა – სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის სერიოზული გაღიზიანება მოჰყვა.  

„პოლიციელი უფლებამოსილია, შეაჩეროს პირი, თუ არსებობს გონივრული ეჭვი მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ. 

შეჩერების ვადა არის გონივრული ეჭვის დადასტურების ან გამორიცხვისათვის აუცილებელი გონივრული ვადა. 

პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია, შეჩერებულ პირს გააცნოს მისი ვინაობა და წარუდგინოს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და განუმარტოს მას შეჩერების კანონიერებისა და დასაბუთებულობის გასაჩივრების უფლება“. 

-ასე ფორმულირდება „პოლიციის შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებათა პირველი სამი პუნქტი, რომელიც პოლიციის უფლებების განმსაზღვრელ მეცხრე მუხლს პრიმას სახით დაემატება. 

გონივრული ეჭვის საფუძველზე პირის შეჩერების და ზედაპირული შემოწმების  უფლება ქართველი პოლიციელებს მას შემდეგ მიეცემათ, რაც პარლამენტი პოლიციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით დაამტკიცებს.

ცვლილებების ავტორთა განცხადებით, ინიციატივის მიზანი პოლიციელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. 

ლაშა თორდიას განმარტებით, თუ პირი ჩათვლის, რომ სამართალდამცველის მხრიდან მისი შეჩერება უკანონოდ მოხდა, მას შეუძლია ეს ფაქტი სასამართლოში გაასაჩივროს და როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს. 

„საუბარია კონკრეტულ შემთხვევებზე, როდესაც პოლიციელი კონკრეტულ ადამიანზე მიიტანს ეჭვს, რომ ის შეიძლება იყოს დამნაშავე. სამართალდამცველის მიერ პირთან კონტაქტის დამყარება მხოლოდ ამის შემდეგ ხდება. მე შეგახსენებთ, რომ ასეთ ადამიანთან კონტაქტის დამყარება 4 პოლიციელს სიცოცხლის ფასად დაუჯდა და ზუსტად ამაზეა საუბარი. დაცული პოლიციელი ნიშნავს დაცულ საზოგადოებას. პოლიციელი თუ დაცული არ არის,  მაშინ საზოგადოებაც დაუცველია“, – ამბობს ლაშა თორდია. 

ავტორებისგან განსხვავებით, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილებები პოლიციელთა ისედაც ფართო უფლებებს უსაზღვროდ გაზრდის და ხელისუფლებისთვის არასასურველი პირების უკანონოდ დაკავების პროცესს „დააკანონებს“. 

„პოლიციის შესახებ კანონში ამ ტიპის დამატებების შეტანა დაუშვებელია. რადგან გონივრული ეჭვი ადამიანის შინაგანი განწყობაა. ადამიანმა რანაირად შეიძლება განსაზღვროს ვინ შეიძლება ჩაითვალოს გონივრული ეჭვის ობიექტად და ვინ არა. ეს ხომ წარმოუდგენელია“, – ამბობს დამოუკიდებელი გია ცაგარეიშვილი. 

პარლამენტარის აზრით, ამ ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, პოლიცია „საზოგადოებაზე სრულ და ტოტალურ კონტროლს დაიკანონებს.“ 

„იმას, რასაც ივანე მერაბიშვილი აქამდე უკანონოდ და ფარულად აკეთებდა, ახლა „კანონიერად“ და ღიად გააკეთებს“, – აცხადებს ცაგარეიშვილი. 

ცვლილებების დამტკიცებას დაუშვებლად მიიჩნევს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეც.  დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ პოლიციელის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა პოლიციელმა თავისი დისკრეციული  უფლებამოსილებით მიიღოს გადაწყვეტილება გაჩხრიკოს ნებისმიერი პირი, რომლის გაჩხრეკასაც მიზანშეწონილად ჩათვლის, „უკან ტოტალიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია“. 

„ეს პოლიციური სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი მოქმედებაა. თუმცა, ბუნებრივია, მისი ინიციატორები ცდილობენ ეს ყველაფერი თავს დემოკრატიის სახელით მოგვახვიონ“, – ამბობს ლორთქიფანიძე. 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, „უკანონობა ამ ნორმისა მდგომარეობს იმაში, რომ საგამოძიებო მოქმედება ჩხრეკა–ამოღება, ამ შემთხვევაში აღარ საჭიროებს ოქმის შედგენას და პოლიციელს შეუძლია ხელის ფათურით, ზედაპირული დათვალიერების შედეგად მიიტანოს ე.წ. გონივრული ეჭვი და გონივრულ ეჭვს მიღმა, რაც თავისთავად ფილოსოფიური კატეგორიაა და სამართალთან არანაირი შეხება არ გააჩნია, მიიღოს გადაწყვეტილება, რომ კომპეტენტურმა პირმა და არა მან თავად,  დაიწყოს ჩხრეკის პროცესი“. 

„საუბარი იმაზე, რომ თუ პირი მის შეჩერებას და ზედაპირულ შემოწმებას უკანონოდ ჩათვლის შეუძლია სასამართლოში გაასაჩივროს მისი კანონიერება, ეს უკვე ძალიან სასაცილოა, რადგან ჩვენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც გვიდევს ნორმა, რომ ჩხრეკის ოქმი და ჩხრეკის დაკანონების შესახებ ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, მაგრამ ერთი პრეცენდენტიც კი არ არის ქართულ სასამართლოში, როდესაც ჩხრეკის კანონიერება გაუქმდა“, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42–ე მუხლის“ ხელმძღვანელი მანანა კობახიძე. 

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის აზრით, ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოქმედების პირობებში, როდესაც ნებისმიერი დაკავებული პირი უკვე ბრალდებულად ითვლება, ამ ცვლილებების ამოქმედება დაუშვებელია. 

„სისხლის სამართლის ახალი კანონმდებლობით,  მერაბიშვილი კაცს რომ გააჩერებს, ის უკვე ბრალდებულია. ეს ანომალიაა. არც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ამ სახით ამოქმედება შეიძლებოდა და არც პოლიციის შესახებ კანონში ამ ცვლილებების შეტანა შეიძლება. მაგრამ ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ამ ცვლილებებს დიდი მიზანი აქვს. პოლიციელები რამდენიმე ცნობილ პირს ზედაპირულ შემოწმებას ჩაუტარებენ, შემდეგ გაჩხრეკენ და სამოქალაქო საზოგადოებას ამით აჩვენებენ, რომ აი, ეს ადამიანი გაიჩხრიკა და თქვენ თუ რაიმე პრეტენზია გექნებათ თქვენც აუცილებლად გაიჩხრიკებით! მერაბიშვილის პოლიციელი ჯიბეში რომ ხელს ჩაგიყოფს და იქ რამე არ დაგიტოვოს ეს ცოტა რთულად წარმოსადგენია“, – აცხადებს ზაზა ხატიაშვილი. 

ცვლილებების ამ სახით მიღებას დაუშვებლად მიიჩნევენ  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც“. ორგანიზაციის წარმომადგენლის, თიკა ავალიანის განმარტებით, პროექტის მიხედვით შეჩერებულ პირს, რომელსაც პრაქტიკულად შეზღუდული აქვს მიმოსვლის თავისუფლება, პოლიციელი კი, მის „არაფორმალურ“ დაკითხვას აწარმოებს, არ გააჩნია განსაზღვრული სტატუსი და ის, არ სარგებლობს ადეკვატური პროცესუალური უფლებებით. 

„შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების ინსტიტუტის დანერგვას ჩვენ  ცალსახად არ ვეწინააღმდეგებით. უბრალოდ გვინდა, რომ მართებულად დაინერგოს. ამ პროექტის ერთ–ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ზუსტად არ არის განსაზღვრული მიზანი, რისთვის შეიძლება მოხდეს პირის შეჩერება და ზედაპირული შემოწმება. ანუ შეჩერების მიზანი პირველ რიგში  იარაღის აღმოჩენის მიზნით ზედაპირული შემოწმება უნდა იყოს“, – ამბობს თიკა ავალიანი. 

ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ერთ–ერთი ხელმძღვანელი გელა ნიკოლეიშილი, რომელიც იმავდროულად პრაქტიკოსი ადვოკატია ფიქრობს, რომ პოლიციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები „სრულიად უხსნის ხელ-ფეხს პოლიციელთა განუკითხაობას“. 

„ცვლილებების ამოქმედების შემდეგ პოლიციელი აღარ იქნება ვალდებული შეადგინოს ოქმი, ან ვინმეს ანგარიში ჩაბაროს იმასთან დაკავშირებით, რატომ და რის საფუძველზე მოახდინა პირის შეჩერება და მისი ე.წ. ზედაპირული დათვალიერება“, – აცხადებს გელა ნიკოლეიშილი. 

მოსაზრებას რომ, „პოლიციის შესახებ“ კანონში ასეთი  დამატების შეტანა სამართალდამცველთა მხრიდან თვითნებობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკებს გაზრდის იზიარებს საპარლამენტო ოპოზიციაც. ნიკა ლალიაშილი აზრით, ამ ცვლილებებმა შესაძლოა პოლიციის ეფექტიანობა მართლაც გაზარდოს, მაგრამ მხოლოდ მცირე ხნით. სამაგიეროდ კიდევ უფრო დააკნინებს მის ლეგიტიმურობას და სამართლიანობის განცდას საზოგადოებაში. 

„მთელი მარილი პოლიციის რეფორმის ის გახლავთ და მთელი სიბრძნე რეფორმატორებისა ის უნდა იყოს, რომ სამართლიანობასა და ეფექტიანობას შორის გარკვეული ბალანსი შეინარჩუნონ. ასეთი სახის ცვლილებები კი, არც იმდენად გაზრდის პოლიციის ეფექტიანობას, რამდენადაც ზიანს მიაყენებს მის რეპუტაციას და ავტორიტეტს საზოგადოებაში“, – ამბობს ნიკა ლალიაშვილი. 

ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილეს აზრით, „დღეს ჩვენი საზოგადოება ბევრად ლიბერალური,  წინ წასული და ევროპულია, ვიდრე პოლიცია რომელიც ჩაქვავებულია და რაღაც გაურკვეველ დროშია ჩარჩენილი. ამიტომ, საბოლოო ჯამში აუცილებლად მოხდება კონფლიქტი საზოგადოებასა და პოლიციას შორის“. 

მანანა კობახიძე ამბობს, რომ ცვლილებათა პროექტი, როგორც იურიდიული, ასევე ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით უამრავ ხარვეზს შეიცავს. მასში ბევრი ისეთი ფრაზაცაა, რომელიც ორმაგი წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა. 

„ცვლილებებით, ფაქტობრივად შემოდის დაკავების საფუძველი,  პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ გონივრული ეჭვის არსებობის საფუძველზე. სამართლებრივად ეს სრულიად აბსურდული და პირდაპირ ადამიანის უფლებათა დარღვევისკენ მიმართული დებულებაა, ვინაიდან საერთოდ არ არის განსაზღვრული, შესაძლო ჩადენაში იგულისხმება მომავალში დანაშაულის სავარაუდო ჩადენა, თუ  ის, რომ პირმა  შესაძლო უკვე ჩაიდინა დანაშაული“, – აღნიშნავს მანანა კობახიძე. 

ოპოზიციისა და არასამთავრობოთა შენიშვნებს, ლაშა თორდიას მსგავსად არც  კახა ანჯაფარიძე იზიარებს. კანონპროექტის ერთ–ერთი ავტორი ამბობს, რომ ზედაპირული შემოწმება სულაც არ ნიშნავს პროცესუალურ მოქმედებას მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. ამდენად პოლიციის შესახებ კანონში ამ სახის დამატებების შეტანაში საგანგაშო არაფერია. 

„ეს ჩვეულებრივი პრევენციული მოქმედებაა, რომელსაც ერთადერთი მზიანი აქვს, პოლიციელის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უზრუნველყოფა. ზედაპირული შემოწმების შემდეგ პოლიციელს თუ ეჭვი გაუჩნდება, რომ საჭიროა ამ ადამიანის გაჩხრეკა, ის განახორციელებს ამას ისე, როგორც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა და როგორც ხორციელდებოდა დღემდე“, – აცხადებს სახელისუფლებო უმრავლესობის წარმომადგენელი. 

რისკის თავიდან აცილების მიზნით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავტორებს კანონში შესატანი ცვლილების ახლებურ რედაქციას სთავაზობს, რომელიც  შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების საერთაშორისო პრაქტიკას შეესაბამება. 

„შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, პირის შეჩერების ვადა უნდა იყოს ეჭვის დადასტურების ან გამორიცხვისთვის საჭირო ვადა. რაც აბსოლუტურად პოლიციელის დისკრეციაზეა დამოკიდებული. ამაზე სასამართლო კონტროლს არ ახორციელებს და კონკრეტულად არ არის განსაზღვრული რამდენ ხანს შეიძება გაგრძელდეს ეს. ჩვენს მიერ  პარლამენტისთვის შეთავაზებული ცვლილებათა პროექტის თანახმად კი, შეჩერების  ვადა არ უნდა  აღემატებოდეს ზედაპირული შემოწმებისთვის საჭირო დროს. რაც შეიძება იყოს მაქსიმუმ ხუთი წუთი“, – ამბობს ლიკა ავალიანი. 

იურისტთა განცხადებით, პოლიციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებათა პროექტი კრიტიკას ვერ უძლებს. უმრავლესობამ თავის დროზე ამ ცვლილებების გატანა სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის  დამტკიცებისას სცადა.

თუმცა იურისტებთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთა ხანგრძლივი დავის შემდეგ, ავტორები იძულებულნი გახდნენ ის კოდექსიდან ამოეღოთ. როგორც პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს,   ავტორებმა ამ ნორმის შემოპარება ახლა პოლიციის შესახებ კანონში მისი დამატებით სცადეს.