სახალხო დამცველის ანგარიშს დევნილთა მდგომარეობის შესახებ პარლამენტში დიდი დაპირისპირება მოჰყვა. სახალხო დამცველმა სამინისტრო დაადანაშაულა, ოპოზიციამ - უმრავლესობა, უმრავლესობამ კი - ოპოზიცია.
სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და განსახლების სამინისტროს პოლიტიკის კარგად გააზრებას სთხოვს. როგორც ტუღუშმა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, დღემდე არაერთი პრობლემა რჩება მოსაგვარებელი, რაც დიდ ძალისხმევასა და აქტიურ მუშაობას მოითხოვს.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ დევნილთათვის ინფორმაციის მიწოდების, საინფორმაციო კამპანიის უკეთ განხორციელებისა და უფრო ეფექტური შედეგის მისაღებად, მიზანშეწონილია სამინისტრომ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რაც შეიძლება გამოიხატოს როგორც მედია საშუალებებით ინფორმაციის გავრცელებაში, ისე სხვადასხვა სახის საინფორმაციო ბროშურების დამზადებასა და გავრცელებაში.
ტუღუში განსაკუთრებით ყურადღებას დევნილების, ჯანდაცვის მომსახურების მხრივ, მძიმე მდგომარეობაზე ამახვილებს. იგი ხაზგასმით აცხადებს, რომ დევნილებისთვის გამოცხადებული ფასდაკლება მედიკამენტებზე არარეალურია და თითქმის არაფერს ცვლის. შესაბამისად, სახალხო დამცველი ითხოვს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას, რათა დევნილი მოსახლეობისათვის მედიკამენტების შეძენა ხელმისაწვდომი გახდეს.
სახალხო დამცველი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სთხოვს, გაითვალისწინოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის, განსაკუთრებით სოფელ ერგნეთის თხოვნა და უახლოეს მომავალში დაიგეგმოს და განხორციელდეს ექიმთა მობილური ჯგუფების ვიზიტები აღნიშნულ სოფლებში.
ტუღუშმა ხაზგასმით ისაუბრა გალში არსებულ რთულ ვითარებაზე.
ყველასათვის ცნობილია, რომ რეგიონში ეკლესია-მონასტრებში ქართულ ენაზე ღვთისმსახურება იკრძალება, ძარცვავენ და არბევენ ისტორიულ ძეგლებს, მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ სარგებლობს იმ სამედიცინო მომსახურებით, რომელიც ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის ხელმისაწვდომია. გალის რაიონში ახალგაზრდებს აფხაზურ ჯარში სამხედრო სამსახურს აიძულებენ, სკოლებში განათლების ქართულ ენაზე მიღებას ზღუდავენ და ა.შ.
ადამიანებს უჭირთ გალიდან ზუგდიდში გადაადგილება, თუმცა ამ დარღვევაზე ხმამაღლა საუბარი უჭირთ და შიშობენ, რომ უკან დაბრუნებისას დაისჯებიან. რეგიონში ხშირია სროლა და ადამიანის გატაცებები.
სახალხო დამცველის ანგარიშს საპარლამენტო ოპოზიციის გააქტიურება მოჰყვა. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს დევნილთა მდგომარეობისადმი გულგრილობაში ადანაშაულებს.
როგორც მან კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, დევნილთა არაერთი ოჯახი ისეთ მძიმე პირობებში ცხოვრობს, სადაც “ძაღლსაც ვერ აცხოვრებ”. მიუხედავად ამისა, უმრავლესობის წარმომადგენელი კოლეგების დიდი ნაწილი შექმნილ ვითარებას არ ეცნობა.
ლორთქიფანიძის განცხადებას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილის უკმაყოფილება მოჰყვა, რომელმაც ოპოზიციონერ კოლეგას მიკროფონიც კი გამოურთო.
არსენიშვილის ასეთი გადაწყვეტილება დიმიტრი ლორთქიფანიძემ პროვოკაციად შეაფასა. კამათში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია ჩაერთო. მისი ინფორმაციით,მსოფლიოში 27 მილიონი დევნილია, რომლებიც დღემდე კარვებში ცხოვრობენ. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ დევნილებს კი,გაცილებით უკეთესი პირობები აქვთ შექმნილი და საცხოვრებელი ფართით მათი დაკმაყოფილება სახელმწიფომ მოკლე დროში შეძლო.
მალაშხიამ აქვე არც ის უარყო, რომ დევნილთათვის აშენებულ კოტეჯებში გარკვეული ხარვეზებია და მათი გამოსწორება საჭიროა.
მალაშხიას პასუხად ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ დევნილთა დასახმარებლად საერთაშორისო დონორების მიერ გამოყოფილი1 მილიარდი აშშ დოლარიდან 75 პროცენტი „წყალში გადაყარა“. „ის, რაც მილიარდი დოლარის ფონზე გაკეთდა, დანაშაულია“, - აღნიშნა დეპუტატმა.
მალაშხიამ მეტი რომ ვერაფერი მოიფიქრა, ოპოზიციონერი კოლეგა „ცირკის მოწყობაში“ დაადანაშაულა. მას არც ლორთქიფანიძე ჩამორჩა და მალაშხიას „ფსიქო-თერაპიული ტონის“ გამოყენება უმრავლესობაშივე ურჩია. საბოლოოდ მალაშხიამ მიკროფონთან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, განსახლებისა დალტოლვილთა მინისტრის მოადგილე თამარ მარტიაშვილს მოუხმო, რათა მას დევნილთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ესაუბრა და „ოპოზიციას რამე შეესმინა“.
მარტიაშვილმა კი აი რა თქვა: „დევნილებისთვის 10 ათას დოლარიანი კომპენსაციების დარიგების პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. ბოლო ორი თვის განმავლობაში კომპენსაცია კიდევ 250-მა ოჯახმა მიიღო, უკანასკნელი ერთი კვირის მონაცემებით კი, შესაბამისი თანხა ჯამში უკვე 1920 ოჯახზეა გაცემული. შესაძლოა, ეს პროცესი ობიექტური მიზეზებით ნელა მიმდინარეობდეს, თუმცა აღნიშნულ კომპენსაციას ყველა შესაბამისი პირი მიიღებს“.
აღსანიშნავია, რომ მარტიაშვილის გამოსვლამდე სახალხო დამცველმა კომპენსაციების გაცემის პროცესიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ აუცილებელია სამინისტრომ დროულად გასცეს კომპენსაციები იმ კატეგორიის დევნილებზე, რომელთაც კოტეჯის სანაცვლოდ არჩევანი ფულად კომპენსაციაზე შეაჩერეს.