“აი, აი, აი, კაკოი უჟას?!“

“აი, აი, აი, კაკოი უჟას?!“

[ნინო მიქიაშვილი]
კვამლში გახვეულ რუსეთის დედაქალაქში არსებულ ვითარებაზე, პრესა.გე სკაიპის საშუალებით ესაუბრა ქეთევან გადილიას, რომელიც ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტში მუშაობს და 15 წელია მოსკოვში ცხოვრობს.

რა ხდება მოსკოვში – ქუჩაში ხალხი თუ მოძრაობს, მანქანებით თუ გადაადგილდებიან, სამსახურებში თუ დადიან და ასე შემდეგ?
ქეთევან გადილია: ძლიერი კვამლია, მაგრამ მოსკოვი მკვდარი ქალაქი არ არის – ქუჩაში ხალხი ძალიან ცოტაა; ადამიანს ჩვეულებრივად ხედავ, მაგრამ ოდნავ ბურუსში; ობიექტები, რომელსაც ჩემი აივნიდან ჩვეულებრივად ვხედავდი, ახლა აღარ ჩანს, დაფარულია, მაგრამ 200–300 მეტრში თუ მიუახლოვდები, დაინახავ; მე მაგალითად, დღეს ბაზარში ვიყავი, სადაც ვაჭრობა არის; ქუჩაში მანქანები დადიან და ხალხიც დადის სამსახურში. საერთოდ, ზაფხული მიყვარს მოსკოვში – ხალხი და მანქანები ცოტაა; ამ დროს ქალაქიდან დასასვენებლად გადიან.

ახლა რა თქმა უნდა, გარკვეული, ძლიერი ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ ხალხს არ ემსახურებიან და ისეთ ფუნქციას არ ასრულებენ, როგორსაც სასწრაფო, სახანძრო და მილიცია, მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე არიან გადასულები – თანამშრომლებს დროზე ადრე უშვებენ სამსახურებიდან, ზოგან საერთოდ, დასვენების საშუალებას აძლევენ, ხოლო ორგანიზაციები, რომლებმაც რომლებმაც ხალხის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა უნდა დაიცვან, მეტ–ნაკლებად ფუნქციონირებენ.

კრიმინალური ვითარება ხომ არ გაუარესებულა?
- ამის შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირია და დოზირებულად ვრცელდება. ამ კუთხით სიახლეების გაგება მხოლოდ ინტერნეტით და შედარებით თავისუფალი ტელეარხითაა შესაძლებელი. სწორედ ასე გავიგეთ, რომ ძალიან მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომ მორგებში ადგილი აღარ არის. ამბობენ, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელმა დაახლოებით 10%–ით მოიმატა.

ცენტრალურ არხზე გუშინ ასეთი სიუჟეტი გვაჩვენეს – სასწრაფო დახმარების ერთ–ერთ პუნქტში მედვედევი მივიდა და ჰკითხა როგორი სიტუაციააო. სიუჟეტი მოსკოვის დაკვამლიანებას ეხებოდა, მაგრამ ვერანაირ დასკვნას ვერ გააკეთებდი, თუ რატომ არის ეს კვამლი ასეთი დიდი მასშტაბით, კონკრეტულად სადაა მოსკოვის შემოგარენში ხანძარის კერები, ქალაქი რატომაა ამდენი დღე კვამლით დაფარული. ცენტრალურ ტელეარხებზე ძირითადად არაფრის მთქმელი სიუჟეტები გადის.

ტერაქტებთან დაკავშირებული სიუჟეტების გაშუქების შესახებ აქ კანონია მიღებული და გასაგებია, რომ ამგვარ სიტუაციაში დეტალურად გაშუქება მიუღებელია, რომ მას–მედიიდან ტერორისტებმა რაღაც ინფორმაცია არ მიიღონ, მაგრამ ახლა ხომ ტერორი არ არის?! – ეკოლოგიური კატასტროფაა! საერთოდ, ამ ხანძრებზე საკმაოდ გვიან გავიგეთ.

რამდენი ადამიანი დაიღუპა, ოფიციალური მონაცემებით?
– ოფიციალური მონაცემებით, ხანძარს 50 ადამიანი ემსხვერპლა.

რამდენი დღეა, რაც მოსკოვში კვამლია?
– ძალიან მცირე სუნი უკვე კარგა ხანია მოსკოვის შემოგარენიდან აღწევდა, მაგრამ ეს შემაწუხებელი არ იყო. ძლიერი დაკვამლიანება თუ არ ვცდები 4 აგვისტოს, ასე ოთხ საათზე დაიწყო და შემდეგ გაძლიერდა. ფანჯრებზე სველი ზეწრები ჩამოვაფარე, რომ კვამლი რაღაცნაირად შეეჩერებინა. მოსკოვში ასე ბევრი აკეთებს (რა თქმა უნდა, ვისაც კონდიციონერი არა აქვს). სხვათა შორის, ვინტილიატორების და კონდიციონერების გაყიდვების რეკორდია – ამბობენ, საწყობები სულ მთლად დაცლილიაო.

პროდუქტებზე ფასებმა მოიმატა?
– არა, ჯერ–ჯერობით ეს არ შემინიშნავს.

ქალაქში მაღაზიები ჩვეული რეჟიმით მუშაობენ, თუ შეზღუდული გრაფიკით?
– მაღაზიები ჩვეულებრივად მუშაობენ, ყოველ შემთხვევაში, ჩემს რაიონში. მე მთელი მოსკოვი არ მომივლია. ხომ გეუბნებით?! არ არის ისეთი სიტუაცია, რომ მოსკოვი წარმოიდგინოთ მკვდარ ქალაქად.

რას ამბობს ხალხი, როგორია მათი განწყობა?
– რა უნდა თქვან?! “აი, აი, აი, კაკოი უჟას?!“ – აი, ამას ამბობენ, მეტს არაფერს. ამ სიცხესა და კვამლში ვგონებ, გაანალიზების თავი არავის აქვს. ვისაც ფინანსური საშუალება გააჩნია, უცხოეთში მიდის, რომ ამ კვამლს და უბედურებას თავი დააღწიოს.

პროტესტი თუ აქვთ, რეალურ ვითარებაზე ინფორმაციას, რომ არ აწვდიან?
– პროტესტის თაობაზე განსაკუთრებულად არავისთან მისაუბრია, მაგრამ, რომ გითხრათ, მძიმე პროტესტია–მეთქი, მართალი არ ვიქნები. აი, მაგალითად, ვინმე თუ დარეკავს და თავის აღშფოთებას გამოხატავს “ეხო მოსკვიზე“... ზოგადად ხალხში უგრძნობლობა, გულგრილობაა. ხანძარზე და კვამლზე კი არა, მეტროში, რომ ტერაქტი იყო, აი, იმაზე არ ყოფილა მძაფრი რეაქცია და ემოციები.

თქვენი აზრით, ასე რატომ ხდება?
– ერთის მხრივ ეს ალბათ, თავდაცვის მექანიზმია, რადგან აქ ცხოვრება ძალიან მძიმეა და მეორეს მხრივ, რაღაც პრობლემა ადამიანს თუ პირადად არ შეეხება, საერთო პრობლემაზე ნაკლებად ღელავს და განიცდის. ჩვენთან რა, ასე არ ვართ?! – ვერც ჩვენ დავიკვეხნით განსაკუთრებული მოქალაქეობრივი სოლიდარობითა და თანაგრძნობით.

ქუჩაში სამედიცინო ნიღბების გარეშე მართლა არ გადიან?
– ეს არის ძალიან გადაჭარბებული ნათქვამი. გუშინ მაგალითად ნიღაბი მეც გავიკეთე, მაგრამ, ქუჩაში ნიღბებით ძალიან ცოტანი დავდივართ.

ხელისუფლების წარმომადგენლები როგორ იქცევიან?
– ქალაქის მერი, იური ლუჟკოვი მოსკოვში არ არის, დასასვნებლადაა წასული. მის პრესმდივანს (მომღერალ ანიტა ცოის ქმარია ლუჟკოვის პრესმდივანი), რომ უთხრეს, ეგებ ჩამოვიდეს და მოგვხედოსო, ამაზე განაცხადა – “რატომ უნდა ჩამოვიდეს, რა ხდება ამისთანა?! ისვენებს და იქიდან გვიწევს ხელმძღვანელობასო“.

სად ისვენებს კვამლში გახვეული ქალაქის მერი?
– არ ამბობენ.

რაც შეეხებათ პუტინსა და მედვედევს?
– შეიძლება ეს ზოგადად მიღებულია, მაგრამ რუსეთში განსაკუთრებულად მუშაობს – კატასტროფის ფონზე ფიარის კეთებას ვგულისხმობ. პუტინი მაგალითად, ვორონეჟში ჩავიდა, თეთრ, გახამებულ პერანგში იყო გამოპრანჭული, განკარგულებებს ტელეფონით იძლეოდა, ყველას ფულები დაურიგა.

შემდეგ აქ დაბრუნდა, მინისტრები შეკრიბა და თქვა, რომ ახლა დაიწყებენ დამწვარი სახლების აღდგენას. 300–ზე მეტი სოფელია დამწვარი, თუ მეტი არა და ყველა მშენებლობაზე ვიდეო–თვალს დაამონტაჟებენ და მონიტორებს დააყენებენ: პუტინის სახლში, მთავრობის სახლში და პრემიერ–მინისტრის საიტზე. ანუ მშენებლობის პროცესს თავად პუტინი გააკონტროლებს, რაც არის საშინელება – სახლს ვერ ააშენებ, ამხელა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა თუ არ უყურა, რომ იქ აგური, ან შიფერი არ მოიპარონ?!

საქმე რაშია იცით?! ერთის მხრივ ანომალიური სიცხეა, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩატარებული რეფორმის გამო, რუსეთი აბსოლუტურად უსუსური აღმოჩნდა აი, ამ კატასტროფის წინაშე, იმიტომ რომ გააუქმეს სატყეო მეურნეობა, ტყეები იჯარით აქვთ აღებული; ანუ ტყეების პრივატიზაციასავით მოხდა და სახელწმიფომ მთლიანად დაიბანა ხელი ტყის დაცვაზე. ადრე ტყეში მომსახურე პერსონალი (ახლა საქართველოში რეინჯერებს, რომ ეძახიან) დადიოდა, ამოწმებდა, თუ რა და როგორ იყო. აქ ეს ყველაფერი მოიშალა და აღმოჩნდა, რომ არავინ იყო პასუხისმგებელი ამ ხანძრებზე. სახანძროს ფუნქციას ასრულებს საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო, რომლეიც პროფესიული სახანძრო ორგანიზაცია არ არის.

იმის გამო, რომ სატყეო მეურნეობა მოიშალა, არ არის ნორმალური სახანძრო რაზმები და სტრუქტურა, ხანძარმა დიდი მასშტაბები მიიღო. მოკლედ, ბევრი სისტემური შეცდომებიც არის დაშვებული.

ამ ყველაფერზე ერთმა ბლოგერმა ძალიან მწვავე წერილი დაწერა, რაც “ეხო მოსკვის“ მთავარმა რედაქტორმა პუტინს გადაუგავნა. წერილში ეწერა, რომ ადრე სოფლებში იყო სახანძრო გუუბეები, რომ სამ სოფელს ერთი სახანძრო მანქანა მაინც ემსახურებოდა და ახლა აღარც გუბეებია და აღარც სახანძრო მანქანებიო... პუტინმა ამ ბლოგერს პასუხი თავისებურ სტილში, ანგლობით გასცა. ძალიან მოკლედ, რომ გითხრათ, აქ უკვე ფაქტიურად წინასაარჩევო კამპანია დაიწყო.

სანამ ეს ხანძარი გაჩნდებოდა, ფედერალურმა მთავრობამ რატომღაც მათემატიკოსებს შეუკვეთა ხანძრებთან დაკავშირებული სიტუაციის პროგნოზირება და თურმე, წინასწარ იყო გაკეთებული პროგნოზი. ანუ, მოსალოდნელის შესახებ მთავრობა გაფრთხილებული გახლდათ.

ანუ მომზადებულიც უნდა ყოფილიყო?!
– რა თქმა უნდა, მაგრამ რადგან ხალხმა ამის შესახებ არაფერი იცის, ამიტომ, ასეთი პოზიცია აქვთ – “ნუ, იწვის და იწვის! რა ვქნა ახლა?!“

ხანძარი მოსკოვიდან რა მანძილზეა, ეს იცით?
– მოსკოვთან ახლოს, სამხრეთი მხარე ტორფითაა გარშემორტყმული, რომელიც ფაქტიურად ყოველ ზაფხულს იწვის ხოლმე. 2002–ში ძლიერი ხანძარი იყო, მაგრამ ასეთი ძლიერი კვამლი არ მოჰყოლია. მაშინ ვითომ მიიღეს რაღაც გადაწყვეტილებები, რომ ამ ტორფიანი ადგილებისთვის რაღაცნაირად მიეხედათ; არ ვიცი კონკრეტულად რა უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ მახსოვს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად 64 მილიარდი რუბლი გამოიყო; როგორც აღმოჩნდა არაფერია გაკეთებული. 2002–ის მერე ასეთი ცხელი ზაფხული არ ყოფილა და როგორც მაშინ იწვოდა, ახლაც ისე იწვის.

22 ივნისიდან სატურას რაიონში (ესაა ყველაზე ტორფიანი ადგილი მოსკოვის გარეუბანში) საგანგებო რეჟიმია გამოცხადებული. სხვთა შორის, არც ერთი სახლი არ დამწვარა, არც მსხვერპლია. ასეთი სიტუაციებისთვის რაიონის ხელმძღვანელობა მოემზადა.

იქ, სადაც ახლა ტორფია, ადრე ჭაობები იყო, რომელიც მოგვიანებით კომუნისტებმა ამოაშრეს და ტორფს, როგორც ძალიან იაფ საწვავს, მაზუთის ნაცვლად, გათბობისთვის იყენებდნენ. ჭაობები სწორედ ამ მიზნით ამოაშრეს, რომ შემდეგ ტორფი საწვავად გამოეყენებინათ, მაგრამ ახლა ტორფს საწვავად აღარავინ იყენებს. საერთოდ, ტორფის ხანძარი მძიმე ჩასაქრობია, რადგან ძალიან დიდ სიღრმეზეა და ამიტომ იწვის და იწვის. მისი წყლით ჩაქრობა ფაქტიურად შეუძლებელია – წყალი იმ წუთას შრება და ხანძარი გრძელდება. იქ რაღაც სხვა მეთოდებია გამოსაყენებელი და კაციშვილმა არ იცის, ეს როგორ გააკეთოს.