ინტერნეტგამოცემა “ახალი 7 დღე“, პროკურატურის პარალელურად იწყებს ჟურნალისტურ გამოძიებას, გასულ კვირას, მათ მედიასაშუალებაზე განხორციელებულ ჰაკერულ შეტევაზე, რომლის პარალელურადაც კიდევ სამ მედიასაშუალებას შეუტიეს. “ახალი 7 დღის“ საიტი წუხელვე სრულად აღდგა. ამის შესახებ პრესა.გე–ს “ახალი 7 დღის“ დამფუძნებელთა და რედაქტორთა საბჭოს ერთ–ერთმა წევრმა, ლია ტოკლიკიშვილმა განუცხადა.
როგორც “ახალი 7 დღის“, ისე სხვა გატეხილი საიტების პროვაიდერმა კომპანიამ, “კავკასუს ონლაინმა“ დღეს ასეთი შინაარსის ოფიციალური განცხადება გაავრცელა:
“შპს “კავკასუს ონლაინი“ ჰოსტინგ მომსახურებას ახორციელებს კონტრაქტის საფუძველზე შეძენილი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით. აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის სისტემაში იყო კრიტიკული შეცდომა (BUG), რომლის საშუალებითაც მესამე პირს შეეძლო სერვერზე განთავსებული მონაცემების ცვლილება, რაც გამოიხატა კავკასუს ონლაინის რამდენიმე მომხმარებლის ვებ გვერდის სახეცვლილებაში, ე.წ. “deface”.
იმის გამო, რომ “კავკასუს ონლაინი“ რეგულარულად ახორციელებს მომხმარებლების ფაილების რეზერვულ კოპირებას, არც ერთი დაზიანებული ინტერნეტ–გვერდის მასალები არ დაკარგულა. ამჟამად ეტაპობრივად მიმდინარეობს ინტერნეტ–გვერდების აღდგენა სარეზერვო მასალების გამოყენებით.
კომპანიის ტექნიკური სამსახურის მიერ ხდება ფაქტის დეტალური შესწავლა და შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვება. კომპანია საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართავს შესაბამისი განცხადებით სამართალდამცავ ორგანოებს რეაგირებისათვის“.
ინტერნეტგამოცემა “ახალი 7 დღის“ საიტზე კვირას, დაახლოებით 15 საათზე დახვდათ წარწერა – “გატეხილია ჰაკერების მიერ!“ და თურქული დროშა. ლია ტოკლიკიშვილი ამბობს, რომ დასახელებული იყო ჰაკერთა თურქული ჯგუფი “კაბუსი“. რედაქციაში ეჭვი შეეპარათ, რომ ეს თურქი ჰაკერების გაკეთებული იყო და სანამ პოლიციას შეატყობინებდნენ, მათ პროვაიდერ კომპანიაში დარეკეს, მაგრამ ვინაიდან დასვენების დღე იყო, ვერანაირი პასუხი ვერ მიიღეს; თუმცა, მათი ინტერნეტგამოცემა იმ დღესვე აღდგა.
ლია ტოკლიკიშვილი ამბობს, რომ რედაქციაში საიტის გატეხვის ორ ვერსიას განიხილავდნენ: არ გამორიცხავდნენ იმას, რომ საიტის გატეხვა უკავშირდებოდა მათ მედიასაშუალებაში ამ ბოლო დროს შსს–ს მაღალჩინოსნებზე დაბეჭდილ დასაბუთებულ მასალებს. ტოკლიკიშვილმა მაგალითად შიდა ქართლში ოპკუპაციის გაფართოების თაობაზე შსს–ს მიერ გავრცელებული და მეორე დღეს შეცვლილი განცხადება დაასახელა და თქვა, რომ მათმა მედიასაშუალებამ, შსს–ს პირველი განცხადების გავრცელების შემდეგ, იმავე დღეს დაბეჭდა რეპორტაჟი ზემო და ქვემო ნიქოზიდან, რითაც შსს სიცრუეში ამხილა.
“ასევე გამოვაქვეყნეთ სვანეთიდან მოსული, კონკრეტული პირების მიერ ხელმოწერილი წერილი, რომელიც მერაბიშვილს იქაურ კლანებთან ურთიერთობასა და მაქინაციებში ბრალს სდებდა“, – ამბობს ლია ტოკლიკიშვილი და აქვე მეორე ეჭვის შესახებაც გვიამბობს, რომელიც საიტის გატეხვას თან ახლდა:
“ყველა სერვერი, რომელიც გატეხეს, ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერაა დაფინანსებული. ვიფიქრეთ ეს ხომ არ იყო ამ სოლიდური ფონდის მიმართ შეტევა, რომელიც თავისი შესაძლებლობის ფარგლებში უჭერს მხარს თავისუფალი მედიის განვითარებას. თუმცა, ეს ვერსიაც გამოირიცხა, რადგან როგორც რამდენიმე საათის წინ შეგვატყობინეს, კვირას არა მხოლოდ თავისუფალი გამოცემები, არამედ 200–მდე ქართული ორგანიზაციის ვებსაიტი გატეხეს“.
“ახალი 7 დღის“ წარმომადგენლებმა პროკურატურას კვირას სატელეფონო შეტყობინებით მიმართეს. პოლიცია იმავე დღეს მივიდა და გამოცემის რედაქტორი, ხათუნა მაისაშვილი დაკითხა. საქმეც აღიძრა, მაგრამ ლია ტოკლიკიშვილი ეჭვობს, რომ ეს შემთხვევაც ისევე დარჩება გამოუძიებელი, როგორც წინა შემთხვევები:
“ახალი 7 დღის“ დარბევის, დაყაჩაღების, ჩვენი პატიმრობაში აყვანის გამო საქმე არაერთხელ აძღრულა, მაგრამ ბოლომდე არც ერთი მისულა. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე რატომღაც მგონია, რომ ეს შემთხვევაც გამოუძიებელი დარჩება. თუმცა, ბედნიერი ვიქნები და გამიხარდება, თუ ეს შემთხვევა გამონაკლისი აღმოჩნდება და ჩვენს მიერ დაწყებული ჟურნალისტური გამოძიების და პროკურატურის დასკვნები ერთმანეთს დაემთხვევა“.