დიღმის მასივში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში თბილისის მერმა გიგი უგულავამ მეოთხე ქვეითი ბრიგადის არტილერიის მეთაურის, კაპიტან ერეკლე ყულოშვილის ობელისკი გახსნა.
ობელისკის გახსნას დაესწრნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი, ქალაქის მთავრობისა და საკრებულოს წევრები. გახსნის ცერემონიალზე, ასევე, იმყოფებოდნენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ერეკლე ყულოშვილის მეუღლე, მცირეწლოვან შვილთან ერთად.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილის განცხადებით, ერეკლე ყულოშვილი ერთ-ერთი გმირთაგანი იყო, რომელმაც თავი სამშობლოსთვის გასწირა და ობელისკი, ყულოშვილის და მისი მეგობრების სახელის უკვდავსაყოფად გაიხსნა.
გიგი უგულავამ, ობელისკის გახსნის შემდეგ, მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე მდებარე ტაძარში გადაინაცვლა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი გაიმართა. პანაშვიდს დაესწრო თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაიაც.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ტრაგიკულ ფურცლად ჩაიწერა; ამავე დროს, ეს ომი ქართველი ჯარისკაცებისა და ქართველი ერის გმირობის ისტორიაცაა. ქართველ მებრძოლებს შორის კაპიტანი ერეკლე ყულოშვილი ერთ–ერთი გამორჩეული იყო.
ერეკლე ყულოშვილი 1978 წელს თბილისში დაიბადა. 1995 წელს აზერბაიჯანის, კახის რაიონის (საინგილო) N1 ინტერნაციონალური სკოლა, 2000 წელს კი, საქართველოს გაერთიანებული სამხედრო აკადემია დაამთავრა (არტილერისტის სპეციალობით).
2000 წელს IV ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის მართვის ოცეულის მეთაურად დაინიშნა. 2007 წელს IV ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის მეთაურის მოადგილე გახდა. 2007 წელს ერაყში სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა. 2008 წელს IV ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის მეთაურად დაინიშნა.
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით; მიღებული აქვს მედალი მხედრული მამაცობისთვის; 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში ერეკლე ყულოშვილი გმირულად დაიღუპა... დაღუპვის შემდეგ მას ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი მიენიჭა...
ერეკლე თანატოლებში სიცოცხლეშიც გამოირჩეოდა. წარმატებების მიუხედავად, ის უჩვეულოდ თავმდაბალი ადამიანი იყო. დივიზიონში კი, მკაცრი, შეუვალი და მტკიცე მეთაური. ერეკლეს სამხედრო ნაწილში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხშირად დასთენებია.
აღსანიშნავია, რომ მეოთხე ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის ჩამოყალიბება, სწორედ, მის სახელს უკავშირდება. ის საქართველოს სადარაჯოზე იდგა მუდამ, საქართველოსა თუ ერაყში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს.
თანამებრძოლებს შორის ერეკლე ყულოშვილი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა. აგვისტოს ომში მან თავის დაქვემდებარებაში მყოფი საარტილერიო დივიზიონი ხეთაგუროვისა და ტყვიავის მხარეს ბოლომდე მიიყვანა. განახორციელა ზუსტი საარტილერიო დარტყმები და დროულად უზრუნველყო საცეცხლე წერტილების ჩახშობა.
ერეკლე საავიაციო დაბომბვის დროს დაიღუპა...
მის მშობლიურ კუთხეში, საინგილოში ერეკლეს გმირობის ისტორია არავის გაკვირვებია, მეტიც, სწორედ, მისგან ელოდნენ გმირობის მაგალითს, რომლის მიხედვითაც მომავალი თაობები აღიზრდებიან. ერეკლე ხომ თავადაც წინაპრების სამშობლოსთვის თავდადების, თავგანწირვის მაგალითზე იზრდებოდა.
დარწმუნებულები ვართ, რომ ერეკლეს გმირული სულისკვეთება მის შვილს, ნიკოლოზ ყულოშვილს გადაეცემა, რომელიც მამის დაღუპვის შემდეგ დაიბადა...
საქართველოში, ალბათ, არ არსებობს ოჯახი, რომელსაც აგვისტოს ომი არ შეხებია. ოდითგან ასე იყო, ჩვენი სამშობლო მუდმივად გარეშე ძალთა საცილო ყოფილა... ამიტომაც ვართ თავგანწირული გმირების – ერეკლეს, თევდორე კველთელის, დიმიტრი თავდადებულის... ქვეყანა.
ერეკლეს გმირობის ისტორია რომ მოუსმენიათ, ინგილოებს უთქვამთ, ტყუილად ხომ არ დაურქმევიათ მისთვის ჩვენი სახელოვანი მეფის სახელი – ერეკლე... საქართველოს კიდევ ერთი გმირი ჰყავს – ერეკლე ყულოშვილი!
პრეზიდენტი სააკაშვილი: „მე მახსოვს კაპიტანი ერეკლე ყულოშვილი, რომელიც ღრმად შევიდა მოწინაღმდეგის რიგებში იმისათვის, რომ იმ მტრის განლაგების კოორდინატები გადმოეცა ჩვენი არტილერიისათვის, რომელიც მოიწევდა ქართული ხეობებისკენ. იმის გამო, რომ საქართველომ ბოლომდე შეასრულა ყველა საერთაშორისო ვალდებულება, მხოლოდ მსუბუქად შეიარაღებული პოლიციით იყო დაცული. ხეობები და მათი მოსახლეობა გარშემორტყმული იყო და მათ გარდაუვალი განადგურება ემუქრებოდა. ერეკლე იქ შევიდა, მიუხედავად იმისა, რომ უკან დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო მისთვის.
ჩვენს არტილერიას კოორდინატები გადმოსცა, რამაც ჩვენს არტილერიას საშუალება მისცა ჩვენთვის ძალზე ძვირფასი რამდენიმე დღით შეეჩერებინა მტერი ქუფთის ხიდთან, რითაც იქაური მოსახლეობის სიცოცხლე იხსნა. მან კოორდინატები გადმოსცა, მაგრამ მან იცოდა, რომ ისე ღრმად იყო შესული, უკან ვერ დაბრუნდებოდა. მე მახსოვს ერეკლე და მუდამ მემახსოვრება...
იგი ვერ მოესწრო თავის პატარა ვაჟკაცის დაბადებას, რომელიც გმირი მამის გარდაცვალებიდან სამ თვეში მოევლინა ქვეყანას. ერეკლეს სიცოცხლე დასრულდა, მაგრამ მან ათეულობით ათასი სიხოცხლე გადაარჩინა საკუთარის სანაცვლოდ. მინდა ჩემი უდიდესი პატივისცემა გამოვხატო ერეკლეს მეუღლის მეუღლის, ქარბატონი ნინო კანდელაკის მიმართ, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება“.