ნინოს კართან და ნატოს კედელთან - ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა

ნინოს კართან და ნატოს კედელთან - ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა

არცთუ ისე იშვიათად ხდება ხოლმე, რომ ადამიანი ხელისუფლებას მძაფრად აკრიტიკებს, შემდეგ კი, მისი რომელიმე ახლობელი კარგ თანამდებობაზე მოხვდება და ეს ადამიანი ჯერ კრიტიკის ტემპებს შეანელებს, შემდეგ კი საერთოდ წყვეტხ ხოლმე კრიტიკას. ამას ზოგი სახეცვლილებას ეძახის, ქართულ ინტერნეტფორუმებზე კი, როგორც წესი “გამიშისტებად” მოიხსენიებენ. თუმცა, “გაოპოზიციონერების” შემთხვევებიც არაერთია. ასევე შეიძლება ითქვას ზოგიერთების რუსეთუმე-ამერიკისტობასთან დაკავშირებითც. მოკლედ, არავითარი პირადული, მთავარია ბიზნესი!

სამყაროში ბევრი რამ იცვლება. უცვლელი რჩება მხოლოდ ქართველების მოთხოვნები და სურვილები.

rekuso: “გახსოვთ ნოემბრის აქციების შემდეგ “კოკა-კოლას” რომ აღარ ყიდულობდა ოპოზიციის მომხრე მოსახლეობა? ეხლა რა, გაგვიჭირდება? არ შევიძინოთ რუსული წარმოების საქონელი. მოწოდება მოსახლეობისადმი და არა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის. არ მოვითხოვთ ოფიციალურ აკრძალვას. მოვუწოდებთ მოსახლეობას გამოიჩინონ სამოქალაქო თვითშეგნება.
 
გასაგებია, რომ რუსული ბენზინის ბიზნესის ლობისტებს ვერ მოვერევით და ეს სახიფათო საქმეცაა, მაგრამ მოსახლეობისთვის რუსული საქონლის ბოიკოტირებისკენ მოწოდება, მე მგონი ღირსების საკითხია!”  
 
კი, ვიცი, რომ ამას ბევრი ჩვენი თანამემამულე არ გააკეთებს, მაგრამ აჰა, ჯანი გავარდეს, აღარ ვიყიდი ამ ოხერ რუსულ ხიზილალას...

გავიხსენოთ შევარდნაძის დრო... საწყისი ეტაპი - სერიოზული ნაბიჯები: დერეფნის ახალი ფუნქცია და, ავტომატურად, ძალიან სწრაფად სვლა ნატოსკენ... რუსეთი ამ დროს სუსტი და ლოთი იყო, იყო უფრო მეტად კორუმპირებული და დაშლის ზღვარზე იდგა. აბა ასეთი კარგი პერიოდის გამოუყენებლობა იქნებოდა? ეჰ... აი რას წერეს პრესა.გეს მკითხველი: 
 
გოგი: “ყველაზე კარგი პერიოდი გავუშვით ხელიდან. საქართველოს შიგნით დიდი ხვეწნა-მუდარისა და ამერიკელების მზაობის მიუხედავათ, აღარ წავიდა ედიკა იმ ნაბიჯებზე რაც აუცილებელი იყო საქმის მოსამთავრებლად. ჯარი არ შეიქმნა, რეფორმები არ დაიწყო. ანუ, მიუხედავათ სწორი საგარეო გეზისა, შევარდნაძემ ვერ მოახერხა სწორედ შიდა პრობლემების გადალახვა, რაც აუცილებელი იყო საგარეო საფრთხის თავიდან ასაცილებლად. 

არც ნება იყო მაგისი და შეიძლება გათვალა კიდეც, რომ უფრო სწრაფი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, ის გაღლეტილი ვანიაც “დედას გვიტირებდა”. მოკლედ, ავღანური სავაჭრო ქარავანივით ნელა მიდიოდა შევარდნაძე. ზოგი ამას სიბრძნეს ეძახის, ზოგი შეგნებულ მტრობას. მე არცერთი მიმაჩნია სწორად არც მეორე”.

ახლა ბევრს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე მეტად, რუსეთის ეკონომიკა, უფრო სწორად კი, რუსეთის ეკონომიკის ნგრევა აინტერესებს.
 
Gundo: “პუტინის დროს დაიწყო მათთვის ორგანული სისტემის რეანიმირება, ვერტიკალი გაძლიერდა, “ძლიერი ხელი” მოვიდა და ამოისუნთქა რუსეთმა. თან ვოვამ ეკონომიკის თავისებური ლიბერალიზაციაც შეძლო, ნავთობდოლარებზე ააგო ძირითადად ეკონომიკა და დადგა მეორე მთავარი ეტაპიც. ახლა მათთვის აუცილებელია სატელიტური გარემოცვის, ე.წ. ზღუდის შექმნა. სწორედ ამიტომ, ნატოს გაფართოება აუცილებლად დაუნგრევს უკვე აშენებულსაც. საქართველოს ნატოში შესვლა რუსეთისთვის დაღუპვის ტოლფასია. ამიტომ “ვანია” იბრძოლებს ბოლომდე. 
 
რაც შეეხება ევროატლანტიკურ ქვეყნებს. ხშირად ისმის კითხვა - უღირს ამ ქვეყნებს რუსეთს ეჭიდავონ საქართველოს გამო? და მერე საუბარია ენერგეტიკაზე და მის ალტერნატივებზე მხოლოდ. საქმე იმაშია, რომ საქართველოს გამო არავს არაფერიც არ უღირს. კითხვა ასე უნდა დაისვას - უღირს ევროატლანტიკურ გაერთიანებას მეორე პოლუსი, მეორე ზემძლავრი გაერთიანების წარმოქმნა? იქნება ეს მეორე პოლუსი უკვე მათი საფრთხის შემქმნელი?”

ყველამ კარგად ვიცით, ვინ ვისი და რისი “შემქმნელი” და გამქნელია, მაგრამ ვინაა პატრონი...

ისევ რუსეთი და ისევ ეს ყბადაღებული “მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია”. ეს საკითხი დღის წესრიგიდან ალბათ არასოდეს გადავა.

jj: “თუ მეხსიერება არ მღალატობს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ჯერ კიდევ ედიკას დროს გავხდით და ნუ მიაწერთ მაგასაც პატივცემულ პრეზიდენტს. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ რუსეთის გააქტიურება სწორედ ამ ორგანიზაციაში რუსეთის მიღების ჩვენს მიერ დაბლოკვამ გამოიწვია, და არა ევროპასთან საქართველოს ინტეგრაციამ. 

ნატოს საკითხი კი გაცილებით იოლი გადასაჭრელი იქნებოდა, ჩვენ რომ ევროკავშირთან ვიქნებოდით. და რა გამოვიდა? ჯერ დემოკრატიის დრო არ არის, ჯერ ნატო, მოვითმინოთ და მერე – დემოკრატია. აწი უკვე მინიმუმ 4 წელი დემოკრატია არ იქნება ქვეყანაში, და არც ნატოს და ევროკავშირის მოკიაფე შუქები... თუ მთავრობა უკვე აღებულ კურს არ შეიცვლის და გააგრძელებს მხოლოდ საკუთარი სკამის გამყარებაზე ფიქრს”
 
ეჰ, ლოდინის მეტი ისედაც არაფერი დაგვრჩენია. ვიჯდეთ და ველოდოთ...

ახალი ენერგეტიკული მარშრუტი, “ნაბუკო”, რომელზეც საქართველო დიდ იმედებს ამყარებს, შესაძლებელია საქართველოზე საერთოდ არ გავიდეს და სომხეთზე გაიაროს. მე ეს ყველაფერი სრული აბსურდი მგონია თუნდაც იმიტომ, რომ აზერბაიჯანიდან გამომავალმა გაზსადენმა სომხეთზე და ყარაბახზე უნდა გაიაროს. რიგით აზერბაიჯანელს კი, უწინამც დღენი დალევია, ვიდრე ამას დაუშვებს. თუმცა ახლა მეტი არც არაფერი უნდა მავან დაზაფრულ გურჯს, რომელსაც ცხვირსახოცი ისედაც სატირლად აქვს მომზადებული...
 
VOK: “თურქეთმა "ნაბუკოს" ახალი მარშრუტი დაგეგმა: კასპიის ზღვა, სომხეთი, თურქეთი. თურქეთის პრეზიდენტმა სომხეთში ვიზიტისას უპრეცედენტო იდეები გაამჟღავნა - აღმოჩნდა, რომ საქართველო თურქეთისთვის არასაიმედო პარტნიორია და ცენტრალური აზიიდან გაზის ტრანსპორტირებისას საქართველოს სომხეთი უნდა ჩაენაცვლოს”

აჰა, კიდევ ერთი მიზეზი ჩხუბისა და თავში ცემისა...

ჩვენს საიტზე ახლადგაკეთებულ კომენტარების განყოფილებაში თანდათან უფრო მეტ საინტერესოო კომენტარს ვნახულობ ხოლმე. თუნდაც ეს რად ღირს:

ეზოპე: “რეალურად რუსეთმა დაიწყო ნატოსთან კედლის მშენებლობა. ამგვარი კედელი უნდა ააგოს საქართველოთი, თუკი ეს შერჩა - ოდნავ სულ მოითქვამს და დაიწყებს ირანის საკითხის გადახედვას. წავა ლათინური ამერიკის “ამოქოქვაც”, ვენესუელა-ნიკარაგუა-ბრაზილიიის, ეგეც ნავთობის ექსპორტიორია და დაიწყება II პოლუსის გამაგრება. ახლა ნუ მეტყვით იმას, რომ ამდენს მე ვხვდები და სარკოზი ვერა. 6 მილიარდ ევროსაც ალბათ იმიტომ გვაძლევენ რომ რუსეთის გავლენის ქვეშ დაგვტოვონ არა? ევროპელები ცდილობენ “თავისთვის” მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გააჩერონ რუსები. მოიგონ დრო და ჩამოყარონ სამოქმედო გეგმაც. ესენი რუსეთის სამართლებრივ და ეკონომიკურ “გაფარჩაკებაზე” იზრუნებენ”

რუსეთის “გაფარჩაკების” წინააღმდეგი რატომ უნდა ვიყოთ?! მაგრამ ერთია სიტყვა და მეორეა...

სულ უფრო და უფრო ფეხს იკიდებს აზრი, რომ სააკაშვილი მემკვიდრედ დასავლეთი ირაკლი ალასანიას მოიაზრებს. ამ მოსაზრებას ბევრი ოპოზიციურად განწყობილი ფორუმელიც იზიარებს, თუმცა მთლად ყველა – არა...
 
highway: “მიშას მემკვიდრე ალბათ ბურჯანაძე იქნება. ალასანია არა მგონია, არავინ არ იცნობს. თან სააკაშვილთან გაატარებენ პარალელს. გაჩეჩილაძის არჩევა რომც მოხდეს, ნახევარ წელში მის მთავრობას ხალხი დაამხობს. ვინაიდან ის ვერ შეძლებს წესრიგის დამყარებას და დისციპლინის გატარებას სახელმწიფოში. აქედან გამომდინარე ისეთი ბარდაგი და განუკითხაობა აიწევა, რომ ხალხი იძულებული იქნება ახალი რევოლუცია მოაწყოს. უსუფაშვილი სუსტია, როგორც პოლიტიკურად ისე როგორც პოლიტიკოსი. გამყრელიძეს არავინ არ აირჩევს. ოქრუაშვილიც არა მგონია. არაადექვატურია. თან მაგის პრეზიდენტობის დროს მოსალოდნელია ოფიციალური დიქტატურის დამყარება - "ლუკაშენკო და მისი საწარმო ბელორაშა". დასავლეთი არ დაუშვებს და იქნება ერთი ამბავი”
 
ამ ფორუმელს ალბათ დაავიწყდა, რომ არსებობს კიდევ ერთი კანდიდატურა. ამ კაცს ქართველი ერი მოფერებით ძალიან უცნაურ სახელს ეძახის.ვინ არის - ვთქვა, თუ თქვენ გამოიცნობთ?

ბოღმა და პოლიტიკური ბოდვები როგორც წესი თანმდევი მოვლენებია. პოლიტიკური ბოდვების მეტს ნამდვილად ვერაფერს დავარქმევთ ერთ-ერთი ფორუმელი მოსაზრებებს, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ხსნა და გამოსავალი რუსეთის შემადგენლობაში შესვლაა. ბოლშევიკთა ყრილობებზე მეტს არც არაფერს არ ამბობდა მიშა ცხაკაია, რომელიც გაჰყვიროდა: “დამოუკიდებელი საქართველო ვის გაუგია ხალხო, რუსეთის გარეშე დავიღუპებითო”. 

იასე: “სხვა რა გზაა, უნდა შევიდეთ რუსეთში იმ პირობით, რომ აფხაზეთი და ცხინვალი ისევ ჩვენი ტერიტორია იქნება და ჩვენ მთლიანად კი რუსეთის საკუთრება გავხდებით. მერე დაველოდებით 2091 წელს, მოხდება კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლა, გამოვეყოფით რუსებს და დაიწყება ყველაფერი ისევ თავიდან. კიდევ ჩამოგვაჭრეს ტერიტორია, კიდევ დავკარგეთ ქვეყნის ნაწილი - როგორც ყოველთვის. მაშინ, როდესაც ხელი ეწერებოდა ამ დოკუმენტს, იმას რომ აფხაზეთი დ ცხინვალი ჩვენი ტერიტორია აღარ იქნებოდა.”

იმ დროს, ვიღაც-ვიღაცეები თბილისში იდგნენ და დროშებს იქნევდნენ, მიშიკოს მხარდასაჭერად. მანამდე ნინიკოსთვისაც უფრიალებით დროშები. ახლა კი, ბევრს ვერ წარმოუდგენია, რომ პრეზიდენტი მიშას გარდა ვინმე - თუნდაც ნინო ბურჯანაძე გახდება. არადა, ადრე ყველა მის “მაღალ რეიტინგზე” ბჭობდა. ნინო იგივეა, რაც მისი წინამორბედი, ერთი განსხვავებით, ის ქალია და ქალის მოსვლის შემდეგ თქვენ ნახეთ, რაც მოხდება!

და, კიდევ ერთიც – პრესა.გე–ზე გამოქვეყნებული ერთ–ერთი სტატიის კომენტირებისას, ერთ–ერთმა კომენტატორმა დაწერა, რომ ჟურნალისტი რუსიკო მუმლაძე და ქ–ნი ნინო ბურჯანაძე არიან ნათესავები… მდაა… თუ წერ, ბოლომდე დაწერე – რუსიკო მუმლაძე ამავე დროს არის მარგარეტ ტეტჩერის, ჰილარი კლინტონისა და მიშელ ობამას ახლო ნათესავიც. რუსიკოს შვილის, გიგის მონათვლა უნდოდა ლუჟკოვის ცოლს, ელენა ბატურინას, მაგრამ რუსიკომ ნათლიად დიდი ბრიტანეთის დედოფალი აირჩია.