[თემურ დოლიძე]
ზამთარი თითქმის კარზეა მომდგარი. ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ წლევანდელი მოუსავლიანობისა და სტიქიური მოვლენების შემოტევის ფონზე, მოსახლეობას წინ უმძიმესი თვეების გადატანა მოუწევს. გამოზამთრებულ ადამიანებს კი წინ “მშიერი” გაზაფხული დახვდება, რომლის გადატანა არანკლებ რთული იქნება, ვიდრე ცივი ზამთრისა.
ყველამ კარგად იცის, რომ ისედაც ძვირი პროდუქტი თანდათან გაძვირდება, რასაც დაემატება გაზრდილი კომუნალური ხარჯები და უამრავი ოჯახი ფინანსური კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება. მიუხედავად ამისა, ამ მომენტისათვის არ არსებობს გამოსავალი, რომელსაც უბრალო მოქალაქეები მიმართავენ, რათა მოსალოდნელი გაჭირვება თავიდან აიცილონ.
ერთადერთი საშუალება საკვები პროდუქტების მარაგების შექმნაა, მაგრამ მოსახლეობის 90%-ს ამ პირობებში ეს არ შეუძლია. რა თქმა უნდა, ქალაქად მცხოვრებლებს უფრო გაუჭირდებათ, ვიდრე სოფლის მოსახლეობას.
კონკრეტული რეცეპტი, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა, როცა ყველაფერი გაძვირებულია და რა პრევენციულ ღონისძიებებს მიმართოს მძიმე ზამთრის ასაცილებლად, არ არსებობს. ეს ის განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა ექსპერტებს ხალხისთვის რჩევის მიცემა უჭირთ. ისინი ამის მიზეზად ასახელებენ იმ მძიმე ყოველდღიურობას, რომელშიც მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ცხოვრობს.
ექსპერტების ნაწილი იმასაც ფიქრობს, რომ მოსახლეობის 90 პროცენტისთვის მარაგის შექმნა წარმოუდგენელია და ამისკენ მიმართული მათი ყოველი ცდა უშედეგო იქნება.
“ვერავის ვურჩევ, როგორ მოიქცეს და რა ღონისძიებებს მიმართოს პრობლემების თავიდან ასაცილებლად. ეს არის წარმოუდგენელი. ძნელია, ვინმემ ამა თუ იმ პროდუქტის მარაგი შექმნა მოახერხოს. ისედაც ყოველდღიური გადაგორების პრინციპით ცხოვრობს ხალხი. თადარიგის დაჭერის საშუალება არ არის.
სახელმწიფომ უნდა შეასრულოს ვალდებულება, რომ არ დაუშვას სპეკულაციური ფასების ზრდა. ამის წინაპირობაა ნამდვილი კონკურენტუნარიანი ბაზრის ჩამოყალიბება, რასაც ამ ქვეყანაში ყველანაირად უშვლიან ხელს
წლევანდელი შემოდგომა-ზამთარიც არა სახარბიელო იქნება. სურსათის გაძვირებას კომუნალური ხარჯებიც დაემატება და ძალიან მძიმე სურათს მივიღებთ.
შარშანდელზე ბევრად უარესი პრობლემებია მოსალოდნელი. ინფლაცია იქნება საკმაოდ მაღალი. არ მინდა პანიკური განწყობა შევქმნა, მაგრამ ჩამოთვლილ პრობლემებს თუ დაემატება სხვა ეკონომიკური რისკებიც, შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს სიტუაცია”, - ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი.
გამორიცხლი არ არის, გარკვეული მარაგის შეძენა მოახერხონ სოფლად მცხოვრებლებმა, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ ის პროდუქცია, რომელსაც გლეხები თავის შინამეურნეობაში აწარმოებენ. დანარჩენის ყიდვა მათ არ შეუძლიათ. შესაძლოა დასავლეთ საქართველოში ადამიანებმა სიმინდის მარაგები შეიქმნან ან აღმოსავლეთში კარტოფილის, მაგრამ ეს საერთო მდგომარეობას ოდნავადაც ვერ შეცვლის.
გარდა ამისა, ექსპერტების აზრით, რამდენი დღის თუ კვირის მარაგი არსებით შეღავათს ვერ მისცემს მოსახლეობას. ამასთან, მათი რჩევით, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ დანაზოგი (ვისაც აქვს) კვებისთვის გამოიყენოს, რათა მძიმე შედეგები თავიდან აიცილოს.