“სითი პარკი” ავტომფლობელების ჯიბეს ემტერება

“სითი პარკი” ავტომფლობელების ჯიბეს ემტერება

ერთი წლის თავზე, თბილისში პარკირების გადასახადი გაორმაგდა. გამორიცხული არ არის, მომავალში ეს მოსაკრებელი კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან ”სითი პარკს” კონკურენტი არ ჰყავს და პარკირების სიტემა 15 წლით აქვს გადაცემული. ასე რომ, მათი განმკითხავი ჯერჯერობით არავინაა.

 

1-ლი ოქტომბრიდან კომპანია ”სითი პარკი” ერთწლიანი პარკირების საფასურს აძვირებს. კომპანიის ინფორმაცით, ერთწლიანი 25-ლარიანი პარკირების საფასურის ნაცვლად, 50 ლარს გადაიხდის.

 

”სითი პარკის” ინფორმაციით, პარკირების თანხის გაზრდის მიზნით, კომპანიამ მერიას განაცხადით მიმართა, რომელმაც მოთხოვნა დააკმაყოფილა. ”დედაქალაქში ახალი პარკირების ადგილები გაჩნდა, რომელთაც შესაბამისი იფრასტრუქტურის მოწყობა სჭირდება.  ყველაფერი კი დანახარჯებთან არის დაკავშირებული”, - აცხადებენ კომპანიაში.

 

”სითი პარკში” განმარტავენ, რომ ცვლილებები არასწორი პარკირებისთვის განსაზღვრულ ჯარიმებს არ შეეხება და იგივე დარჩება, რაც იყო.

 

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 9 ნოემბერს თბილისის მერიაში პარკირების უფლების გადაცემისთვის გამართულ აუქციონზე შპს ”ამაგონი და შოჰან პარკინგ სერვისმა” გაიმარჯვა, რის შემდეგაც კომპანია ”სითი პარკი” დააარსა. კომპანია ”სითი პარკს” პარკირების მართვის უფლება 15-წლიანი ვადით გადაეცა.

 

”სითი პარკმა” თბილისში პარკირების სისტემის ოპერირება 2009 წლის 1-ლი მარტიდან დაიწყო. თავდაპირველად მისი მუშაობა არავის გაუკრიტიკებია და მოქალაქეები დადებითადაც კი უყურებდნენ საქართველოში პარკირების ევროპული სისტემის დანერგვას.

 

”სითი პარკის” წინააღმდეგ მას შემდეგ ამხედრდნენ, რაც პარკირებისათვის უპრეცენდენტოდ მაღალი ტარიფები დააწესეს.  ავტომფლობელების პროტესტს დედაქალაქის საკრებულო და პარლამენტიც შეურთდა.

 

ზონების მიხედვით საათობრივმა სატარიფო სისტემამ, დაახლოებით, თვენახევრის იმუშავა და მოსახლეობაში უზარმაზარი უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც კომპანია ”სითი პარკთან” ხელშეკრულების გადახედვის საკითხი დაისვა. 

 

დეპუტატები უკმაყოფილო დარჩნენ მაღალი ტარიფებით და პარკირების საფასურის გადახდის სისტემებით. დიდი ბჭობის შემდეგ თბილისში ფიქსირებული გადასახადი დაწესდა - 25 ლარი.

 

თბილისის მერიამ პარკირების ახალი ტარიფები პირველი ოქტომბრიდან აამოქმედა და ზუსტად ერთი წლის თავზე კომპანიის მოთხოვნით გააორმაგა. ამჯერად ასეთი გადაწყვეტილება ჯერ არავის გაუპროტესტებია.

 

როგორც მძღოლები აცხადებენ, ”სითი პარკი” რომ ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა, იმთავითვე ცხადი გახლდათ, უბრალოდ, 1 წლის წინ დედაქალაქის ხელმძღვანელობა მოსახლეობის გაღიზიანებას მოერიდა, მით უმეტეს, რომ წინ თვითმმართველობის არჩევნები იყო.

 

ახლა კი, როდესაც არჩევნები ჩავლილია, ხოლო ნამოცძრაობა სავარძლებში განმტკიცებული უზარმაზარი დანახარჯების ამოღების დრო დადგა. ერთ-ერთ რგოლი ამ საქმეში ”სითი პარკიც” არის, რადგან პარკირებიდან მიღებული მოგების 40 პროცენტი კომპანიას რჩება, დანარჩენი კი დედაქალაქის მერიის საჭურჭლეში მიემართება.