თუკი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ტოტო კუტუნიოს (მრავალგზის) და კრის დე ბურგის კონცერტებს ახარჯავენ მილიონებს, დედაქალაქის სარეზერვო ფონდი მეტად “ხელმომჭირნედ” იქცევა.
ჯერ ერთი, რომ მილიონებს კი არ ხარჯავენ, არამედ ათასებს და თანაც უცხოელებს კი არ ახმარენ ამ თანხას, არამედ “კომედი შოუს” და ხელისუფლების კართან ატუზულ მომღერლებს. ოპოზიცია კი მაინც “ვერ ისვენებს” და ყოველ თეთრს ბოლომდე მიჰყვება.
რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი საკრებულოში თინა ხიდაშელი მერიას სარეზერვო ფონდის არამიზნობრივად ხარჯვაში ადანაშაულებს. როგორც თინა ხიდაშელმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რესპუბლიკელები საბიუჯეტო პროცესის დაწყებისთვის ემზადებიან, რათა ყველა პრობლემა, რაც ერთი წლის განმავლობაში თბილისის ბიუჯეტში არსებობდა, საზოგადოებას გააცნონ.
“საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაში ხარჯავს თბილისის მერი ფულს, რომელიც უნდა იხარჯებოდეს სოციალურად გაჭირვებული ადამიანებისთვის. ჩვენ გვაქვს დოკუმენტები, რომ 100 000 ლარი გადაირიცხა “კომედი გროუპ”-ისთვის. ასევე, თანხები დაიხარჯა სხვადასხვა მომღერლების კონცერტებზე.
ვითხოვთ ამ საბუთებს, რომ გავარკვიოთ, რა ფინანსური დახმარება სჭირდებოდათ ამ ხალხს, თუმცა ამ დოკუმენტებს არ გვაწვდიან. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მათ დასამალი ნამდვილად აქვთ”, - აღნიშნა ხიდაშელმა.
მისი თქმით, აინტერესებს, რა ფინანსური გაჭირვება ჰქონდა მომღერალ ბუბა კიკაბიძეს, რომ თბილისის მერს ფინანსური დახმარებისთვის მიმართა მაშინ, როდესაც თბილისში ხალხი ქუჩაში ცხოვრობს, ზოგიერთ მათგანს კი, სახლები თავზე ენგრევა.
როგორც ხიდაშელმა განაცხადა, მან მერიის საფინანსო სამსახურიდან შესაბამისი დოკუმენტაცია არაერთხელ გამოითხოვა, თუმცა ის დღემდე ვერ მიიღო. სწორედ ამ ფაქტს მიჩნევს დეპუტატი იმის დასტურად, რომ დედაქალაქის მთავრობა თანხებს არამიზნობრივად განკარგავს.
“შემიძლია, წარმოვადგინო სამარცხვინო სია იმ ხელოვანებისა, რომლებმაც მერიის სარეზერვო ფონდიდან დახმარება მიიღეს, თუმცა მეეჭვება, ამის საჭიროება რეალურად ჰქონოდათ. მათ შორისაა ბუბა კიკაბიძე, ვანო ჯავახიშვილი, და მთელი “კომედი კლაბი”, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებს ართობს.
გარდა ამისა, ასობით ათასი ლარია გამოყოფილი იმ მომღერლებისთვის, რომელთაც სახელისუფლებო კონცერტებზე ხედავთ”, - განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა, რომ მერიისგან შესაბამის დოკუმენტაციას სასამართლო მეშვეობით მაინც მოიპოვებს.
თბილისის მერიის სარეზერვო ფონდის განკარგვასთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა მოკრძალებული განმარტებები გააკეთა.
მისი განცხადებით, თბილისის მერიის სარეზერვო ფონდის 70-80 პროცენტი მიმართულია სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე, მაგრამ ფონდი აფინანსებს ასევე სტიქიური უბედურების შემთხვევებს, კულტურულ და სხვა ღონისძიებებს, რომლებიც თბილისის ბიუჯეტში გაწერილი არ არის.
“კონკრეტული სახელების დასმა და საუბარი იმაზე, რომ ეს თანხები კონკრეტული პიროვნებებისთვის გაიღო, ასე არ არის. ეს არის კულტურული ღონისძიებების დაფინანსება, რომელიც თბილისის მერიამ პრიორიტეტულად მიიჩნია”, - აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა, თუმცა მაინც არ დააკონკრეტა თუ რატომ არ აღირსეს ოპოზიციონერ დეპუტატს მერიის საფინანსო სამსახურიდან შესაბამისი დოკუმენტაცია.