[ნათია ორველაშვილი, გაზეთი “ვერსია”]
თუ საქართველოში სამართალი არსებობს, ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, “ნაციონალებთან” და პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული პირის, ყოფილი დეპუტატის, კახა შენგელიას წინააღმდეგ მინიმუმ სამი მუხლით უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. ეს დანაშაულებია: გამოძალვა, იძულება და თაღლითობა, რაც, საერთო ჯამში, 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სანამ გამოძიების დეტალებს გაეცნობოდეთ გეტყვით, რომ მუშაობის პროცესში შევხვდით და ვესაუბრეთ ყველა მხარეს, მოვიძიეთ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყველა საჭირო დოკუმენტაცია და მტკიცებულება, ფარული ჩანაწერები, საქმე გავაცანით და ვესაუბრეთ ექსპერტებს.
ურთიერთბრალდებებისა და ამ ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენამდე გაგაცნობთ, რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს კახა შენგელია და მისი ყოფილი პარტნიორი ბიჭიკო სულიაშვილი.
პრეისტორია
ბიჭიკო სულიაშვილი: - კახა შენგელია 2007 წელს გავიცანი. ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში მშენებლობის ბუმია. მითხრეს, რომ შენგელია დაინტერესებული იყო სამშენებლო ბიზნესით და მე მას ჩემი ბიზნესგეგმა შევთავაზე. გაგარინის ქუჩაზე მქონდა სახლი, 500 კვადრატული მეტრი, ძალიან კეთილმოწყობილი, თავისი 450 კვადრატული მეტრი ეზოთი. აქვე შეიძლებოდა ამხანაგობის შექმნა და კარგი კორპუსის აშენება. კახას ვუთხარი, მე მჭირდება პარტნიორი, რომელიც ამ პროექტის დაფინანსებასა და აშენებაში დამეხმარება-მეთქი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, კახა ამ წინადადებაზე დიდი სიხარულით დამთანხმდა, ბანკებთან ურთიერთობის პრობლემა არ არის, ყველაფერს მე მოვაგვარებო. დავაფუძნეთ ფირმა - შპს “ინტერსტანდარტ თბილისი”, სადაც კახამ, რადგანაც ამ დროს პარლამენტის წევრი იყო, დამფუძნებლად და 50%-იანი წილის მფლობელად თავისი ძმა ნუგზარ შენგელია შეიყვანა, მე კი, ჩემი მხრიდან, ასევე დამფუძნებლად და 50%-იანი წილის მფლობელად ჩემი სიძე - დავით ჯიჯიეშვილი. დირექტორად ჩემი სიძე დავით ჯიჯიეშვილი დაინიშნა, კომერციულ დირექტორად კი - ნუგზარ შენგელია. პირადად მე შევქმენი ამხანაგობა, რომელსაც ჩავუდექი სათავეში. მეზობლების წინაშე პასუხისმგებლობა მე ავიღე საკომპენსაციო ფართების გაცემასა და ქირის გადახდაზე. ეს ხალხი მე მენდობოდა.
მოკლედ, დაიწყეთ მშენებლობა...
- დიახ, გავასახლეთ ეს ხალხი ქირით, გავაფორმეთ კომპენსაციებზე ხელშეკრულებები და ორიენტირი ავიღეთ წელიწად-ნახევარში კორპუსის დამთავრებაზე. “საქართველოს ბანკმა”, სადაც კახას მეუღლე ერთ-ერთი დეპარტამენტის თანამშრომელია, დაგვიმტკიცა 4-მილიონდოლარიანი საკრედიტო ხაზი და კონკრეტულად ამ მშენებლობისთვის გამოგვიყო 800 ათასი დოლარი. გარდა ამისა, ჩვენ საბანკო იპეთეკაში ნუგზარისა და დათოს მამის ბინები ჩავდეთ და “საქართველოს ბანკშივე” დამატებით ავიღეთ 45 ათასი დოლარი, რომელიც გამოვიყენეთ მშენებლობის წინა სამუშაოებისთვის. ამ წინა სამუშაოების დასრულების შემდეგ, კახას რეკომენდაციით გავაფორმეთ ხელშეკრულება ს/ს “იჟმშენთან” და დავიწყეთ კორპუსის მშენებლობა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, 2008 წლის დასაწყისში, 5 სართული რომ დავასრულეთ და ბანკის მიერ გამოყოფილი თანხაც რომ იწურებოდა, შევხვდი კახას და ვუთხარი, რომ უკვე საჭიროა პირველ სართულზე კომერციული ფართის გაყიდვა მშენებლობის დასასრულებლად-მეთქი. ფირმას ამ კომერციული ფართიდან 470 კვადრატული მეტრი ეკუთვნოდა, ხოლო 100 კვადრატული მეტრი ჩემი კომპენსაცია იყო, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლის. ამ დროს 1 კვადრატული მეტრი კომერციული ფართი, საშუალოდ, 3500-4000 დოლარი ღირდა და უპრობლემოდ იყიდებოდა. ფირმა მისი ფართის გაყიდვით მინიმუმ 1 მილიონ 650 ათას დოლარს მიიღებდა, რაც სრულიად საკმარისი იყო ბანკის ვალის გასასტუმრებლად და კორპუსის ბოლო ეტაპამდე მისაყვანად. ამის გარდა, ფირმას კიდევ რჩებოდა საცხოვრებელი ფართები, რომელთა გაყიდვითაც კორპუსიც დასრულდებოდა და მოგებასაც გავიყოფდით. კახას გეგმა მოეწონა, გადავწყვიტეთ, მოგვეძებნა კლიენტები. მეორე თუ მესამე დღეს დამირეკა, შეხვედრა მთხოვა და ასეთი რამ შემომთავაზა: ამ კომერციულ ფართს მე ჩემთვის დავიტოვებ, ოღონდ ასე ერთბაშად თანხა არ მაქვს, ნელ-ნელა მშენებლობას დავაფინანსებ და დანარჩენსაც “ქეშად” შემოვიტანო. თუმცა, თქვენი 100 კვადრატულიც მე უნდა დამითმოთ, რადგან ის წინა მხარეა და მაგის გარეშე დანარჩენ ფართს ფასი ეკარგებაო. მე, სიმართლე გითხრათ, ფული მჭირდებოდა და ჩემი ფართის გაყიდვას ისედაც ვაპირებდი. 4000-დოლარიანი კლიენტიც მყავდა, მაგრამ ვიფიქრე, ერთიანად გაყიდვა სჯობს-მეთქი და შევთანხმდით 2 მილიონ დოლარზე, რითაც 1 კვადრატული მეტრის ფასი 3500 დოლარი გამოდიოდა. ამ 2 მილიონი დოლარიდან 350 ათასი ჩემი კომერციული ფართის თანხა იყო, დანარჩენი 1 მილიონ 650 ათასი - ფირმის.
შეთანხმება იურიდიულად გააფორმეთ?
- არა, სიტყვიერად შევთანხმდით, პარტნიორი იყო, ოჯახებით ვახლობლობდით და არც მიფიქრია ოფიციალური ხელშეკრულების გაფორმება. ისიც მითხრა, შენი 350 ათასი დოლარი ფირმიდან აიღე და მერე მე დავფარავო. ასეც მოვიქეცი, ფული ავიღე და ფართი არც გადაუფორმებია. ამ ბიზნესის გაგრძელებასაც ვგეგმავდით და სხვა კორპუსის აშენებაზე ვფიქრობდით. ვენდობოდით ერთმანეთს. ყველაფერი მართლა კარგად მიდიოდა, კახაც ასრულებდა თავის ვალდებულებებს და “იჟმშენს” მშენებლობის შესრულებისთვის 923 ათასი დოლარი გადაუხადა, ბანკის პროცენტებს იხდიდა რამდენიმე თვე და ჩვენი ფირმისთვის გადასახდელი დარჩა დავალიანება 1 მილონ 77 ათასი დოლარი. 2009 წლის იანვარში კახას დამოკიდებულება შეიცვალა. ჯერ გვეუბნებოდა, ეს ფული არ მაქვს, ვიშოვი, ან სტუდენტები რომ შემოიტანენ, გადავიხდიო. ჩვენ ამ დროს მშენებლობა დასასრულებელი გვქონდა, ვყიდდით საცხოვრებელ ფართებს და დავამთავრეთ კორპუსი, თეთრი კარკასისა და მოსახლეობის ბინების რემონტების ჩათვლით, თუმცა ბანკის ვალია გასასტუმრებელი, კახას კი ფული არ მოაქვს. ერთ დღესაც გამოგვიცხადა: არ მაქვს ფული და არ ვიხდიო. მოკლედ, ამით დაიწყო უთანხმოება. ძალიან ბევრი საუბარი რომ არ გამომივიდეს, ფულის გადახდა არ უნდოდა. შევხვდით რამდენჯერმე, გამოსავალი რომ ერთად მოგვეძებნა, მაგრამ მისი ყველა ქმედება იმას ადასტურებდა, რომ მას მხოლოდ ჩვენი წილიდან გაგდება და ფულის არგადახდა აინტერესებდა. ამ მოლაპარაკებების ფონზე საქმეში ჩაერთო კახას მეუღლე, ხატია გოგლიძე და კახას პირადი იურისტი ნიკა პაპიძე. მოკლედ, მუქარითა და შანტაჟით გადაგვაფორმებინეს ფირმის წილი. მე ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები მაქვს და გადმოგცემთ კიდეც. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ამ მასალების გამოქვეყნების შემდეგ, თუ ჩემი, ან ჩემი ოჯახის წევრების მიმართ რაიმე სახის ზეწოლა ან უკანონობა განხორციელდა, ამაზე სრულ პასუხისმგებლობას კახა შენგელიას ვაკისრებ!!!
კახა შენგელია:
ბატონო კახა, “ინტერსტანდარტ თბილისთან” დაკავშირებით უნდა გესაუბროთ.
- რა არის ეს?
თქვენი სამშენებლო კომპანია...
- “ვაფშე” არ ვარ მე მანდ, კაცო...
ნუგზარ შენგელია თქვენი ძმა არ არის?
- კი, მაგრამ მე რა შუაში ვარ? სამ შვილს გეფიცები, “ვაფშე” არავითარი კავშირი არ მაქვს... “ვაფშე” არ ვიცი, რა ხდება.
თქვენს მეუღლესაც აქვს იქ კომერციული ფართი და ბინა...
- მაგრამ მე “ვაფშე” აზრზე არა ვარ. თუ მათ აქვთ, დაურეკეთ და მათ შეხვდით.
დავით ჯიჯიეშვილსა და ბიჭიკო სულიაშვილს იცნობთ?
- მე ვიცნობ, მაგრამ მართლა, ჩემს სამ შვილს გეფიცები, შეხება არ მქონია მაგ საქმესთან. თუ თქვენ მართლა გაინტერესებთ, ამ საქმეში რა ხდება, მე ჩემს ძმას ვეტყვი, ახლა ძმაკაც იურისტებს ვეტყვი, შეგხვდებიან და დაგელაპარაკებიან. უფრო უკეთესი - იურისტს დაგაკავშირებ, ნიკა პაპიძეს.
თქვენ საერთოდ რამე იცით ამ დაპირისპირების შესახებ?
- არ დაგიმალავთ, მე რაც ვიცი, გეტყვი. ჩემმა ძმამ დაიწყო პარტნიორობა მაგ ბიჭიკოსთან, მერე ამ ბიჭიკომ ფულები მოიპარა ამათგან, მილიონ დოლარზე მეტი მოიპარა. მერე ნუგზარმა და “სასტავმა”, ვინც მანდ იყო, ეს ბიჭიკო გააგდეს მაქედან, ეს შენობა დაამთავრეს, ხალხი გაისტუმრეს და ჩააბარეს შენობა, რა.
თუ მოიპარეს, თქვენმა ძმამ პროკურატურას რატომ არ მიმართა?
- რომ მიემართათ, მაშინ უნდა დაეჭირათ. როგორი საქმეა ეს? ამ ხალხმა რომ ფული მოიპარა და შეჭამა, ეს დოკუმენტები არსებობს. ეს იცის ყველაფერი ნიკამ რა, და ნუგზარმა - რა მოიპარეს, სად მოიპარეს, რამდენი მოიპარეს, რატომ გააგდეს ეს იქიდან... მოკლედ, ამ ბიჭიკომ მოიპარა მილიონზე მეტი, მერე ნუგზარმა დაიბარა იურისტთან ერთად, აუხსნა: სად წაიღე ეს ფული, ეს ფული, ეს ფული და დაახვიე აქედან, თორემ დაგიჭერო, უთხრა რა... მერე ამათ დაამთავრეს ეს კორპუსი, გასაყიდი რაც იყო, გაიყიდა, კიდევ ვალები შეეტენა მილიონი ჩემს ძმას და საქმე მაინც დამთავრდა.
თქვენი მეუღლე, ხატია გოგლიძე იყო რაიმე კავშირში ამ ბიზნესთან?
- ჩემი მეუღლე, უბრალოდ, ბანკის გამო... უბრალოდ, ეხმარებოდა ჩემს ძმას, რომ დაემთავრებინა ეს კორპუსი, მეტი არაფერი.
თქვენს მეუღლეს ამ კორპუსში საკუთრებაში აქვს 100 კვ.მ კომერციული ფართი...
- მაგას ყველაფერს გეტყვიან ისინი, რა... მანდ ყველაფერი გაკეთებულია კანონის დაცვით. ჩვენ მაგაში არაფერი არ იმასგვიქნია. მე ერთი მივქარე, რომ ეს ხალხი არ დავიჭირე “პროსტა”, რა... არ დავაჭერინე იმათ. მეტი არაფერი. ახლა ისე გაიჩალიჩებენ ეგენი, რომ დედას გეფიცები, გამოკრავენ ციხეს ხელს...
ვფიქრობ, საუბარს ეტყობა, რომ ბატონი კახა შენგელია ძალიან ნერვიულობდა. ალბათ, ამ ნერვიულობის ნიადაგზე გაახსენდა ნელ-ნელა ის, რაზეც ორჯერ სამი შვილი დაიფიცა, რომ არაფერი იცოდა. ყველაზე კარგად მისი აღელვება მაშინ გამოჩნდა, როცა შენგელიამ, დაპირებისამებრ, ჩვენი თანდასწრებით იურისტს დაურეკა. ამ საუბრისას კი რამდენჯერმე აერია ერთმანეთში - მას ეკუთვნოდა ბიზნესი თუ მის ძმას. ტექსტს სინქრონული სიზუსტით გთავაზობთ:
კახა შენგელიას ადვოკატ ნიკა პაპიძესთან საუბრის ჩანაწერი:
- “ნიკა ჩემთან არის ჟურნალისტი. როგორც ჩანს, ჯიჯიეშვილისგან, არ ვიცი, ვიღაცისგან მიუღია ინფორმაციები ჩემი... თქვენი ფირმის, რა, ნუგზარის და თქვენი ფირმის და ჩემზე აქვთ რაღაცეები, ზეწოლები და რაღაცეები. მოკლედ, ჩვენი ძმები რომ არიან... თქვენი ძმები რომ არიან... მე ასი წელი სულ ყ...ეზე მკიდია ეგენი, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ბინძურად იმასშვებიან, გეთამაშებიან თქვენ. ამ შემთხვევაში მე, რა... ეს ბიჭი ჩემთან არის ეხლა. მინდა, რომ შეხვდე და გაესაუბრო. არ ვიცი ახლა მე ვაფშე და მე რა შუაში ვარ. მე რა შუაში ვარ ვაფშე, ჩემამდე არ დადის, დედას გეფიცები...
- ...
- კაი...”
მოკლედ, ბიჭიკო სულიაშვილი კახა შენგელიას იძულებითა და მუქარით ბიზნესის წართმევაში, ანუ გამოძალვაში ადანაშაულებს, ხოლო კახა შენგელია ბიჭიკო სულიაშვილს - ფულის მოპარვაში, ანუ ქურდობაში. ახლა ვნახოთ, კონკრეტულად რას ამბობენ და რა მტკიცებულებები აქვთ მხარეებს ამ ბრალდებების დასადასტურებლად. დავიწყოთ კახა შენგელიას ბრალდებით ბიჭიკო სულიაშვილის წინააღმდეგ:
ქურდობა
(სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მე-4 ნაწილი. ითვალისწინებს 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას)
ნიკა პაპიძე, კახა შენგელიას ადვოკატი: - ჩვენი ჩართვის შემდეგ კომპანიაში ასეთი სიტუაცია დაგვხვდა: ბანკის დავალიანება - 800 000 დოლარი, ბიუჯეტის დავალიანება - დაახლოებით 500 000 დოლარამდე, დაუმთავრებელი მშენებლობის ვალდებულება - 100 000 დოლარი, ქირის ვალდებულება, რომელიც გვეგონა, რომ თავის დროზე იყო გადახდილი - დაახლოებით 100 000 ლარამდე. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბიუჯეტის დავალიანება. აქ ფართები იყო გაყიდული და გადახდილი არ იყო დღგ. ამ კომპანიაში ვინმე რომ შემოსულიყო მაშინ, ბატონი დავითი და ბატონი ბიჭიკო ახლა ცოტა სხვაგან იქნებოდნენ. ამის შემდეგ, როცა ჩვენ გადავიფორმეთ ფირმა, მოვთხოვეთ, წარმოედგინათ ხარჯთაღრიცხვა, რაში რა გადაიხადეს. ვნახეთ 1 მილიონ 37 ათასი დოლარი სხვაობა, რაზედაც გვითხრეს, რომ ეს თანხაც ექვემდებარებოდა გაშიფვრას. ორი თვეა, ვშიფრავ მათ მიერ წარმოდგენილ ხარჯებს და დღეის მდგომარეობით შეიძლება ვისაუბროთ 400 ათასამდე ლარის დასაბუთებულ გახარჯვაზე. ბუღალტრული დასაბუთება მე მხოლოდ ამ თანხაზე მოვიძიე.
ეს არის თქვენს შორის ვალდებულებები, მაგრამ მე მაინტერესებს, კონკრეტულად რა თანხები მოიპარეს სულიაშვილმა და ჯიჯიეშვილმა?
- არა, არა. მოიპარესო, ვინ თქვა?
ბატონმა კახამ მითხრა, რომ მათ მოიპარეს თანხა და ამის გამო ნუგზარ შენგელიამ ისინი გააგდო წილიდანო.
- არა, არა. ასე პირდაპირ ვერაფერს ვიტყვი.
პირდაპირ გკითხავთ, როგორც იურისტს, სულიაშვილმა და ჯიჯიეშვილმა ჩაიდინეს თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული?
- ჯერ ჩადენილი არაფერი არ იყო. დეკლარირება თუ არ მოხდებოდა ამ თანხების, მაშინ იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაული. თუმცა მას აღებული აქვს 450 ათასი დოლარი. ეს ფული არ უნდა აეღო, სანამ მოგება არ დადგებოდა.
როგორც სულიაშვილმა მითხრა, მან 350 000 დოლარი აიღო, როგორც პირადად მისი კუთვნილი ფართის საფასური.
- დიახ, მაგრამ როდის?
როცა არ უნდა აეღო, მოგება რა შუაშია ამ თანხასთან?
- არა, არა. თანხა უნდა აეღო მას. ჩვენ არ ვამბობთ, რომ თანხა არ უნდა აეღო, მაგრამ არ უნდა აეღო მაშინ, როცა აიღო. ის დანარჩენი 100 ათასი რაში აიღო, საერთოდ ვერ ამბობს.
ბიჭიკო სულიაშვილი: - მე როცა მითხრა კახამ, აიღე შენი 350 ათასი ფირმიდან და მე გავასწორებ ანგარიშსო, მაშინ ავიღე. რაც შეეხება 100 ათას დოლარს, ვეთანხმები, რომ წინასწარ ვისესხე სალაროდან, რადგან შევთანხმდით, რომ მოგების შემდეგ გავასწორებდით ანგარიშს. რაც შეეხება ფირმის ფინანსურ ვალდებულებებს, მართლაც იყო ამ დროისთვის დავალიანებები: “საქართველოს ბანკის” - 850 ათასი დოლარი, ბიუჯეტის - 210 ათასი, ბინის ქირებიც, ალბათ, 20 ათას დოლარამდე, კორპუსის დამთავრებასაც სჭირდებოდა 100 ათასი დოლარი, ანუ სულ 1 მილიონ 200 ათას დოლარამდე, მაგრამ ამავე დროს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კახას გადასახდელი ჰქონდა 1 მილიონ 77 ათასი დოლარი, კომერციული ფართის დავალიანება. სხვა მყიდველებსაც ჰქონდათ მოსატანი ნისიები, ჯამში, 150 ათასი დოლარი. ამას გარდა, ფირმის ბალანსზე დარჩენილი იყო 1108 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი, რაც მის გასაყიდ ფასზე, ანუ 800 დოლარზე გადაანგარიშებით 886400 აშშ დოლარია. ანუ, ფირმას მთლიანად უნდა მიეღო 2 მილიონ 100 ათას დოლარზე მეტი. მოკლედ, მთავარი პრობლემა სწორედ ის იყო, რომ კახა ფულს არ იხდიდა, თორემ ფირმას დავალიანებები დაუგროვდებოდა კი არა, 1 მილიონი დოლარი მოგება უნდა დარჩენოდა.
მერე, რას ელოდებოდით, კახა ფულს როდის მოიტანდა? გაგეყიდათ ფირმის კუთვნილი ფართები და ბანკისა და ბიუჯეტის დავალიანება გადაგეხადათ...
- თავიდან კორპუსის დასამთავრებლად ვყიდდით საცხოვრებელ ფართებს. სწორედ მაგ 1 მილიონ 37 ათას დოლარზე ამბობენ ესენი, გაშიფვრას ვაკეთებთო. კახა რომ გვეუბნებოდა, ცოტაც მაცადეთ და მოვიტან ფულსო, კორპუსის მარტო შავი კარკასი იყო დასრულებული. ამ საცხოვრებელი ბინების გაყიდვით შემოსული ფულით გადავხურეთ, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები ჩავსვით, მთლიანი კორპუსის შიდა და გარე შელესვა გავაკეთებინეთ, თავისთავად შიდა გადატიხვრები, სველი წერტილები, გაზი და ელექტროენერგია წერტილებამდე მივიყვანეთ და მთლიანი კორპუსის გარეთა ფასადი ტრიპლექსის შუშის ვიტრაჟით დავფარეთ და ამხანაგობის წევრების 1700 კვადრატულ მეტრამდე ბინებს რემონტები გავუკეთეთ. აი, ამაში დაიხარჯა ის 1 მილიონ 37 ათასი დოლარი და ამის დადასტურება რთული არ არის. ეს არის მათი მხრიდან ცილისწამება და აბსურდული ბრალდება. საცხოვრებელი ფართების გაყიდვით პირველი ეს გავაკეთე, რომ კორპუსი დამესრულებინა და მოსახლეობა შემესახლებინა. მერე უკვე ბანკი აღარ მაძლევდა ფართების გაყიდვის უფლებას. ეს სწორედ ის დროა, როცა წილის გადაფორმებაზე მიდის საუბარი.
(გაგრძელება იქნება)