ცხინვალის რეგიონს უწყლობის გამო გაუდაბურება ემუქრება

ცხინვალის რეგიონს უწყლობის გამო გაუდაბურება ემუქრება

კოკოითის და ზოგადად სეპარატისტების მიზანი შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე მიღწეულია! სამაჩაბლოს მთლიანად რუსული საოკუპაციო ჯარი აკონტროლებს, საქართველოს იურისდიქციაში მყოფი ქართული სოფლები კი უწყლობისაგან თანდათან ნადგურდება. კოკოითის უშუალო ბრძანებით გადაკეტილი ერთადერთი სარწყავი არხი, წლების მანძილზე ქართულ სოფლებში მოსავლის მოყვანის უმთავრესი საშუალება იყო. წელს დიდი ლიახვის ქვემო წელის სოფლებს მოსავალი რომ აღარ ექნებათ, ეს უკვე აქედანვე ცხადია, თუმცა აღარავინ საუბრობს ერთწლიანი საკვები კულტურების განადგურებაზე. უწყლობამ და გვალვებმა მრავალწლიანი მცენარეები და სიცხის კარგად ამტანი ვაზებიც კი ჩაახმო. 

უწყლობით განსაკუთრებით სოფლები: ზემო და ქვემო ნიქოზი, ზემო და ქვემო ხვითი, ერგნეთი, ტყვიავი და მეღვრეკისი ზარალდება, თუმცა კარგ დღეში არც სხვა სოფლები არიან. მოსახლეობა ამ პრობლემის გადაწყვეტის თხოვნით ადგილობრივსა თუ გორის მუნიციპალიტეტებს არაერთხელ მიმართეს. სოფელ ხვითის მცხოვრებლებმა თბილისში, პარლამენტის წინაც კი მოაწყეს აქცია, ალტერნატიული სარწყავი საშუალებების აშენების მოთხოვნით, მაგრამ მათ მუდამ ერთსა და იმავე პასუხს სცემენ: “ახლა ბიუჯეტში სათანადო სახსრები არაა გათვალისწინებული, ცოტაც მოიცადეთ და, შემდეგში რაღაცას ვიღონებთო“. 

ამასობაში კი, ერთ დროს საქართველოში ყველაზე მოსავლიანი ხეობა მთლიანად გაუდაბურების საფრთხის ქვეშ დგას და ხელისუფლებამ დანაპირები რომც აასრულოს და სარწყავი სისტემა 2 წელში რომც გააკეთონ, შესაძლებელია იმ დროს, სოფლებში ერთი ჯანსაღი და მსხმოიარე ხეც კი აღარ იდგეს.

ნათელა კახნიაშვილი, დიდი ლიახვის ხეობის მკვიდრი: “კოკოითს სწორედ ეს უნდოდა, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება. ჯერ იყო და ხეობის სოფლებიდან გამოგვყარეს და ჩვენი სახლები ცეცხლს მისცეს, მერე კიდევ, არც აქეთ გადმოსულებს გვაგდებენ კარგ დღეში. ოსებმა და რუსებმაც კარგად იციან, რომ უწყლობით აქ ხალხი დიდი ხანი ვერ გაჩერდება. მაგათი მიზანი კი, ამ მიწიდან ჩვენი სამუდამოდ აყრაა. ჰოდა, რაც ჩაფიქრებული აქვთ, ამას აკეთებენ კიდეც.

ჩვენი ხელსუფლება გვაიმედებს: თუ მოსავალი არ მოგივათ, ფქვილსა და შაქარს დაგირიგებთო. ჯერ ერთი, ვის ეყოფა სათითაო, და თუნდაც 2–2 ტომარა ფქვილი და მეორეც – რატომ უნდა გავხდეთ ჩვენი მთავრობისა თუ უცხოური ორგანიზაციების მათხოვრები საკუთარ ქვეყენაში, სადაც თუ სარწყავი იქნება, ყველაფერი მოვა და არავისთან არ გვექნება სახვეწარი. სანამ სარწყავის პრობლემა არ მოგვარდება, მანამდე აქედან ხალხს ყოველთვის გაქცევაზე ეჭირება თვალი. ომისათვის გაგვიძლია და არ შეგვშინებია, მაგრამ უწყლობით საქონელიც კი იხოცება და ადამიანებმა როგორ ვიცხოვროთ?“

ძველი სარწყავი არხი, პატარა ლიახვის ხეობის სათავეებთან, ოსურ სოფელ ზონკარის წყალსაცავიდან გამოდის, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს აშენდა და ბუნებრივია მისთვის რეკონსტრუქციის ჩატარება ვერასოდეს მოხერხდა. ამის მიზეზი უპირველესად, სეპარატისტების მხრიდან პოლიტიკური ნების არქონა, იყო, რადგან არ სურდათ, რომ ქართველები (თუნდაც ჰუმანიტარული მიზნებით) ოსურ სოფლებში შეეშვათ. 

ომის შემდეგ კი, სეპარატისტებმა სარწყავი წყლის გამოშვების ნაცვლად ქართულ სოფლებში ფულის აგროვება მოითხოვეს, რაზეც ქართველებისაგან უარი მიიღეს. (ეს სარწყავი მხოლოდ ტერიტორიულად ეკუთვნის ე.წ. სამხრეთ ოსეთს, თორემ ოსური სოფლების დიდ ნაწილს არც დასჭირვებია და არც არასოდეს უსარგებლია) ამის შემდეგ კი, უკვე 2 წელზე მეტია, კოკიითის ბრძანებით სარწყავი საერთოდ გააუქმეს და როგორც ჩვენთან საუბარში ქართველი გლეხები ამბობენ, სეპარატისტებმა მილი შეგნებულად დააზიანეს, რათა მისით ქართველებს ვეღარასოდეს ესარგებლათო.

გოგი პარუნაშვილი, სამაჩაბლოს მკვიდრი: “ზუსტად არ მახსოვს ბოლოს როდის მოვრწყე ბაღი. ერთი ხანობა, ჩემი ბიძაშვილის მანქანით ვზიდავდი წყალს ბაღისთვის, მაგრამ ასე ამ ხერხით რას გავხდებოდი? ჰოდა, დავანებე თავი ამდენ უაზრო და ხარჯიან წვალებას. გაგიჟებას ვარ რომ ვხედავ, როგორ ხმება ყველაფერი ჩვენს მხარეში, მაგრამ პატრონი და გამკითხავი ჩვენ არა გვყავს და რა უნდა გქნათ?

ომი როცა ახალი დამთავრებული იყო, ლამის ყველა მინისტრი იყო აქ ჩამოსული და ყველა გვპირდებოდა – თქვენ ოღონდ რამე გვთხოვეთ და ყველაფერს გავაკეთებთო. გავიდა დრო და, ელემენტარულად წყლის პრობლემაც კი ვერ გადაგვიჭრეს. ყველამ კარგად იციან, რომ გლეხები საკუთარი ძალებით ახალ სარწყავ სისტემას ვერასოდეს გავაკეთებთ.

მიხმმარებით კი ბატონო, სულ უფასოდაც კი მივეხმარებით, ოღონდ ვინმემ ეს საქმე ითავოს, მაგრამ სასიკეთო პირი ამ საქმეს ჯერჯერობით ქვენც კარგად ხედავთ რომ არ უჩანს. ერთი ჟურნალისტები თუ ინტერესდებით ხოლმე ჩვენი გასაჭირით, მაგრამ მთავრობას თქვენც რომ ვერაფერს აგებინებთ, ეგაა მთელი უბედურება“