დიტო გელოვანი: მიშა დიდ ქალაქში

დიტო გელოვანი: მიშა დიდ ქალაქში

[დიტო გელოვანი. ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში. “ვერსია”]

 

საერთოთ, ქართველები ბრაძიეგები არი სხვადასხვანაირი.

ერთი არი, რო ფული აქვენ: ყაჩაღობით თუ რაცხაით შონილობენ.

მეორე არი, რო პატარას მუშაობს რაცხა და ორ კაპიკს მოუყრის თავს, გოუგზავნის სახში და დანარჩენი აქანა უნდა იმყოფინოს.

მესამე არი, რო გდია და სხვას უნდა გამოართვას.

ეგენი არიან სუ კაცები, აქანაც ასთეა და გერმანიაშიც მასთეა.

სამივე ამფერი ხალხი არი ჩამბალი, რომ მაინც სად რა მოწიონ, სად რა დალიონ იოლათ.

ახლა, ოჯახიანი არი თუ სხვანაირი, იმას კი არ ვიტყვი, ეგენი სხვაა. ეგი მე ვამბოფ ბრაძიაგა ბიჭებზე, რო დავთვალო ასე, სამოცდაოთხ წელს და ზეით დაბადებულები. ეგი სხვა ხალხი ვართ.

(აკა მორჩილაძე, Maid In Tiflis)

 

გასული პირველი დღის, ანუ ორშაბათის, პირველი ნიუსი ასეთი იყო: “ლადო ვარძელაშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს ხვდება”. ამის შემდეგ მთელი კვირა მიშას დაეთმო – მიშა იყო იქ, მიშა შეხვდა იმას და უთხრა ეს. “იმას, იქ, ეს” - ეს იყო და ეს. თუმცა, სჯობს ქრონოლოგიით მივყვეთ.

 

“სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს ხვდება. პირისპირ შეხვედრა ლადო ვარძელაშვილსა და დილარ ხაბულიანს შორის დაახლოებით ნახევარი საათია მიმდინარეობს. სავარაუდოდ, შეხვედრის დასრულების შემდეგ, დილარ ხაბულიანი თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას გააკეთებს. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრი დღესვე მის სავარაუდო შემცვლელს დაასახელებს. ასევე, დღესვე გახდება ცნობილი ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვინაობა”.

 

ამ ამბავში ყველაზე მეტად სიზუსტე მომეწონა – ამ წუთებში ხვდება, ამდენი წუთია მიმდინარეობს, იმდენ წუთში გადადგება და ეგრევე ვიღაცა ვიღაცას დაასახელებს. ყველაფერი წუთებშია გათვლილი. ცირეკიძეს ტატამზე რომ არ დაეგვიანა, გერმანელები ვიქნებოდით, მაგრამ კიდევ კარგი დააგვიანა, რადგან ლადო შეხვდა დილარს და რამდენიმე წუთში გადააყენა. არადა, როცა მოკლეშარვლიან (სად იყო მაშინ შორტები) ლადოს დიღმის ტყე-პარკში კოღოები კბენდნენ, დილარ ხაბულიანი უკვე შს მინისტრი იყო და მოფერებით დოლარ ხაბულიანს ეძახდნენ. დიღმის ტყე-პარკს ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით.

 

ყველაფერი კარგი ისე ზუსტად აგიხდეთ, როგორც “ინტერპრესნიუსმა” იწინასწარმეტყველა – დილარი გაიქცა, ძიუდო თავისუფალია.

 

ვერ ვივაჟკაცეთ მაშინ, როგორც საჭირო იყო. გამსახურდიასთან ერთად ხაბულიანიც რომ გაქცეულიყო, არც ცირეკიძეს დააგვიანებდა ტატამზე.

 

სააკაშვილი ნიუ-იორკში დროულად ჩავიდა და გაეროს რეგლამენტშიც ჩაეტია. ზუსტად იმდენი სიტყვა თქვა, რამდენიც უნდა ეთქვა, მაგრამ საქმე იმაშია რომ გაეროში სიტყვა ითვლება, თბილისში კი – იწონება.

 

მიშამ თქვა: “იგზავნებოდა თანხები ჯანდაცვისთვის, საავადმყოფოები კი მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებდენ; ჩინოვნიკები საკუთარ შვილებსა და მეუღლეებს სამშობიაროდ საზღვარგარეთის საუკეთესო კლინიკებში აგზავნიდნენ”.

 

მიშა თბილისში რომ ყოფილიყო, ამ სიტყვებს აუცილებლად აწონიდა. საქართველოს ყველაზე დიდი ქალაქის (ქალაქს არ დავასახელებ) მერის (გვარს არ დავასახელებ) მეუღლემ (სახელი არ მახსოვს) ორიოდე თვის წინ ბავშვი (სქესს ვერ ვიხსენებ) ავსტრიის დედაქალაქში გააჩინა. კი, გასაგებია, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და რომ პირველი ევროპელები აქ ბინადრობდნენ, მაგრამ მაინც... აი, მე რომ დიდი გავიზრდები და ქალაქის მერი გავხდები, ჩემს ცოლს ვაიძულებ, დმანისში იმშობიაროს.

 

მინდა გითხრათ, რომ სააკაშვილმა ზუსტად იცის სად რა თქვას. მაგალითად ეს სიტყვები: “ჩვენ გავზარდეთ პირველადი განათლება 12 წლამდე, ასევე შევქმენით სპეციალური პროფესიული სკოლები”.

 

მიშამ იქვე მყოფ კახა ლომაიას გაუწია ანგარიში, თორემ თბილისში აქვე მყოფ შაშკინს სცემს ხოლმე პატივს და რეფორმის ავტორებს სულ უვიცებს და იდიოტებს ეძახის.    

 

“ყოფილა შემთხვევები, როდესაც ირიცხებოდა თანხები განსახლებისთვის, ჩინოვნიკები კი ამ თანხებით ფეშენებელურ ვილებს იშენებდნენ, ირიცხებოდა ფული განათლებისთვის და ჩინოვნიკები კი ამ თანხებით საკუთარ შვილებს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სასწავლებლად გზავნიდნენ” - ესეც გაეროს ტრიბუნიდან ითქვა. “ოცდამეხუთე ყრილობაა? ბრეჟნევს მიგავს რამე?” - გაიფიქრა თვალებგაფართოებულმა პან გი მუნმა, ამერიკის დელეგაცია კი ფეხზე წამოდგა და პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა. როდესაც ამერიკელები დარბაზიდან გადიოდნენ, ტრიბუნაზე უკვე მაჰმუდ აჰმადინეჯადი იდგა და ისე გამოვიდა, თითქოს ამერიკელებმა ირანის პრეზიდენტი ვერ აიტანეს. სინამდვილეში კი, როგორც ხვდებით, სააკაშვილის ტრაბახს ვერ გაუძლეს.

 

“ირიცხებოდა, იშენებდნენ, გზავნიდნენ” - ამბობდა მიშა, მის ინგლისური ენის მასწავლებელს კი ხელით ეჭირა გული, რომელიც წყდებოდა. “ირიცხება, იშენებენ, გზავნიან” - წესით, ასე უნდა ეთქვა მიშას. მასწავლებელს ჰგონია, რომ მიშამ არ იცის პრეზენთ ქონთინიუსი... იცის, ძალიან კარგად იცის, უბრალოდ, ისიც იცის, სად, როდის და რა თქვას.

 

1976 წლის 19 მაისს 29-ე სკოლის მოსწავლეები სიამაყისგან სახეალეწილები ვიდექით მუშთაიდში. პიონერთა რიგებში გვიღებდნენ. სკოლა ვიღაც კორნელი კეკელიძის სახელობის იყო, მაგრამ, სამაგიეროდ, პიონერთა რაზმეული ატარებდა სერგო ორჯონიკიძის სახელს... სწორედ ასეთი აღტაცებული სახეები ჰქონდათ საქართველოს პრეზიდენტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს. სხვებსაც, მაგრამ ესენი ისე იყვნენ გაკრეჭილები, რომ სხვები ვეღარ დავინახე.

 

“პროექტ “საქანელას” დონალდ ტრამპის ორგანიზაცია “Silk Road”-თან ერთად განახორციელებს. ამის შესახებ ტრამპის კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ კოენმა მიხეილ სააკაშვილისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის შემდეგ განაცხადა” - როცა ეს ნიუსი წავიკითხე, სიუჟეტი უკვე ნანახი მქონდა. ერთ-ერთი სახელმწიფოს პრეზიდენტი (მიშა), ეკონომიკის დედა (ვერა) და მეცნიერების მამა (გოკა) ერთ-ერთი მილიარდერის კაბინეტში - აღტკინებულები, აჟიტირებულები, აღფრთოვანებულები. ხოლო მილიარდერს ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. ზუსტად ასე იღიმებიან მასწავლებლები მაშინ, როდესაც მეექვსე გაკვეთილის დასრულების მაუწყებელი ზარი რეკს და ბავშვების ბედნიერებას საზღვარი არ აქვს.

 

კი, რა თქმა უნდა, გოკა გაბაშვილი, წესით, ბედნიერი უნდა იყოს მის ქვეყანაში ახალი ინვესტიცია რომ შემოდის, მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა. გოკას ის უხაროდა, დონალდ ტრამპი ახლოდან რომ ნახა. გოკას სრული ბედნიერებისთვის პედრო ალმოდოვართან განმარტოება აკლია. “დონალდო”, “პედრო”, “დონალდო”, “პედრო”... – ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ.

 

რაც შეეხება პროექტ “საქანელას”, მე მომწონს ეს იდეა და მომწონს ეს პროექტი. დარწმუნებული ვარ, პროექტი იქნება წარმატებული. მთავარია, ახლავე ვთქვათ უარი ნეპოტიზმზე და პროტექციონიზმზე. უნდა დასაქმდნენ ნამდვილი პროფესიონალები, რომლებსაც მსგავსი პროექტების განხორციელების გამოცდილება გააჩნიათ. მაგალითად, ხათუნა გოგორიშვილი. ხათუნამ უაღრესად მაღალ დონეზე რამდენჯერმე ჩაატარა “კრუსელი” და ვფიქრობ, არც “საქანელას” ჩატარება გაუჭირდება.

 

“ტრამპი ყველაზე ცნობილი ბრენდია მსოფლიოში და ეს სახელი საქართველოს შემდგომში მეტ ინვესტიციას მოუტანს”, - განაცხადა ქობალიამ. “კოკა კოლა” და თემურ ჭყონია დაავიწყდა. თურქული კრედიტის შესახებ არაფერი სმენია.  

 

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის წარდგენისას ავთანდილ დემეტრაშვილმა განაცხადა, რომ იგი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დახვეწის მომხრეა. ანუ, როდესაც პროცედურა დაიხვეწება, გვექნება დახვეწილი პროცედურა. მაგალითად, ლადო ვარძელაშვილი მივა პარლამენტში, პარლამენტი მას გამოუცხადებს უნდობლობას და გიგი წერეთელი ხელკავით გაიყვანს დარბაზიდან. არსებული პროექტით კი არასანდო მინისტრებს პარლამენტიდან პანღურით აძევებენ.

 

ეს ყველაფერი თამაში მგონია...

 

ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (IRI) „პოლიტიკური თამაშების“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. პროექტი USAID-მა დააფინანსა. “პროექტის მიზანია, ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა გამოიმუშავონ პოლიტიკური დებატების კულტურა, შეძლონ საკუთარი პოზიციების წარმოჩენა და მათი დაცვა” - აი, ასეთი მიზანი აქვს ამ პროექტს. მასში რვა პოლიტიკური პარტია და ორი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ჩართული. საინტერესოა, როგორ შეარჩიეს ეს პარტიები და ეს არასამთავრობოები. მკურნალობა ავადმყოფს სჭირდებაო და, ალბათ, ყველაზე უკულტუროები აარჩიეს, ისეთები, პოზიციიდან პოზიციაზე რომ ხტუნაობენ, რადგან საკუთარი არ გააჩნიათ. მაგას ჰქვია “პოლიტიკური თამაშები” და არა იმას, USAID-მა რომ დააფინანსა.

 

საუბრისა და მოსმენის კულტურა თუ არ გაქვს და პოზიცია თუ არ გაგაჩნია, მობრძანდი ბატონო და პრინტერზე ამოგიბეჭდავ სერთიფიკატს: “ეძლევა ათას პოზიციაზე გადამხტარს”.

 

ზემოთ ვთქვი, დიღმის ტყე-პარკს კიდევ დავუბრუნდები-მეთქი. ნიუსი: “არასამთავრობო ორგანიზაციებმა დიღმის ტყე-პარკის დასაცავად აქცია გამართეს. ღონისძიება ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს”, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, “ადამიანის უფლებათა ცენტრისა” და ანა გაბრიაძის საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული. გარემოსდაცვით აქციას იაპონიის ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა ესწრებოდა. აქციაიის მონაწილეებს ორგანიზატორებმა დურიგეს გულსაბნევები, წარწერით – “გადავარჩინოთ დიღმის ტყე-პარკი”.

 

აქ შეცდომაა. სინამდვილეში გულსაბნევზე აწერია Save Digomi Forest. ეს გულსაბნევი ახლა წინ მიდევს და სიამოვნებით დავცქერი, რადგან დიღომში ვცხოვრობ და “ლივერპულთან” ერთად “ნოტინგემ ფორესტის” ქომაგიც ვარ. 

 

“ამ აქციით არასამთავრობოები ეწინააღმდეგებიან თბილისის საკრებულოს გასული წლის 11 სექტემბრის გადწყვეტილებას, რომლითაც დიღმის ტყე-პარკს რეკრეაციული ზონის სტატუსი მოეხსნა” - თქვა საქართველოს მთავარმა სოროსელმა, ქალბატონმა.

დალოცვილებო, თურმე ერთი წელია, რაც ტყეს სტატუსი მოუხსნეს და სად იყავით აქამდე? გრანტს ეძებდით? სად ეძებდით – 37-ე პარალელზე?! თუ ეგრეა, მაშინ ჰო, მაშინ ჰო...

 

მეგობრები გამინაწყენდებიან და, შესაძლოა, ფაშისტიც კი მიწოდონ, მაგრამ რა ვქნა – სხვანაირად ვერ ვამბობ, რბილად ვერ ვსაუბრობ.

 

“შემოწმების მასალებიდან დგინდება, რომ თითქმის 12 მლნ ლარი ამ კომპანიებზე განაწილებულია უკონკურენტო “ტენდერების” გზით. ასეთი”ტენდერები”, როგორც წესი, რბილად რომ ვთქვათ, გარიგებების შესაძლებლობას იძლევა” - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ზურაბ აბაშიძეს შეუძლია რბილად საუბარი. მაგის ადგილას ცოტა სხვანაირად ვიტყოდი და კულტურულ-სერთიფიცირებულები დამცინებდნენ – დებატების კულტურა არ გაგაჩნიაო. ვაღიარებ – არ გამაჩნია. და, ამიტომაც, გადავიდეთ კულტურის ამბებზე.

 

რუსთავქალაქობის დღესასწაულზე, 9 ოქტომბერს რუსთავში ცნობილი გერმანული ჯგუფი ”Modern Tockingჩამოვა. ჯერჯერობით, ზუსტად არ არის ცნობილი, რა დაჯდება “ლუი, ლუი, ლუი”-სა და “იუ არ მაი ჰართ, იუ არ მაი სოულ” (“ჩემი გული ხარ, ჩემი სული ხარ”) ცოცხლად მოსმენა, მაგრამ საუბარია 20 ათას დოლარზე. რუსთავის საკრებულოში უკვე წუწუნებენ, ძვირიაო, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, ნუგზარ ერგემლიძისა და გია როინიშვილის შენახვა ბევრად უფრო ძვირი ჯდება.

 

საქართველოს მთავრობა პოპულარულ ტელეარხთან - MTV, მოლაპარაკებებს აწარმოებს. მოლაპარაკება ბათუმში ყოველწლიური როკფესტივალების გამართვას შეეხება. თურმე, მას შემდეგ, რაც მალტაში ფესტივალი ტარდება, მალტას ყოველწლიურად დამატებით ათობით ათასი ტურისტი სტუმრობს და მალტელები ხიზილალას კოვზებით მიირთმევენ. “Black Eyed Peas, Lady Gaga და ენრიკე იგლესიასი წარსულში მალტის კონცერტებზე მთავარ ნომრებს ასრულებდნენ” - წერს ვინმე მოლი კორსო.

 

სულ რომ ოზი ოზბორნი ჩამოვიდეს, ბათუმის როკ-ფესტივალზე მთავარ არიას მაინც ნინა წკრიალაშვილი იმღერებს თუ, რა თქმა უნდა, იმ დროისთვის, სოხუმამდე ერთი ბილეთი არ ექნება აღებული.

 

სხვათა შორის, მიშამ გაეროს მაღალი ტრიბუნიდან გენდერულ თანასწორობაზეც ისაუბრა: ჩვენ ბედნირები ვართ რომ საქართველოში რევოლუცია, როგორც კაცმა ასევე ქალმა რეფორმატორებმა მოახდინეს... ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს პარლამენტში, ასევე უფრო მეტი ქალი გვაყვს მთავრობაში”. არა, ძმაო, ამ მცდელობას მიშას მართლა ვერავინ დაუკარგავს. ვერც იმას დავუკარგავთ, რომ საქართველოში ქსენოფობია ქსენოფილიით იცვლება, მაგალითს კი თავად პრეზიდენტი გვაძლევს.

 

სტატია, რომელიც საქართველოში ქსენია სობჩაკის ვიზიტის შესახებ მოგვითხრობს, ქსენია სოკოლოვას დაუწერია და მალე გამოქვეყნდება. ანონსმა უკვე იხილა დღის სინათლე. “მიხეილ სააკაშვილი კი აღფრთოვანებულია იმით, რომ მაგალითად რომელიმე ახალგაზრდა დასავლელ არქიტექტორს იცნობს და მას რაიმეს შეუკვეთავს. ან მაგალითად, იგი ფიქრობს – ასეთი კარგი, 28 წლის გოგონაა და მოდი, ეკონომიკის მინისტრად დავნიშნავ” - წერს ქსენია სოკოლოვა. “ასეთი დაბღვერილი ბიჭია და მოდი თავდაცვის მინისტრად დავნიშნავ” – ალბათ, ასე დაინიშნა ირაკლი ოქრუაშვილი. “რუსეთის მოქალაქეა და მოდი საგარეო საქმეთა მინისტრად დავნიშნავ” - ეს გრიგოლ ვაშაძის დანიშვნის ჩემეული ვერსიაა”.

 

“ლეიბორისტული პარტია” საკონსტიტუციო კომისიის წევრებისთვის მაღალი ანაზღაურებებისა და სამთავრობო პრივილეგიების მინიჭებას აპროტესტებს და ვერც ამჩნევენ, რა დახვეწილები არიან.

 

დახეთ, როგორი დახვეწილია გია მურღულია: “პირველ სკოლაში ხვალ სოციალურ ქსელ “ფეისბუქელთა” პოეზიის საღამო გაიმართება. როგორც “ინტერპრესნიუსს” ღონისძიების ორგანიზატორმა გია მურღულიამ განუცხადა, ასეთი საღამოს მოწყობის იდეა “ფეისბუქზე” გაჩნდა, როდესაც გაირკვა, რომ ამ სოციალური ქსელის მომხმარებლებს საკმაოდ საინტერესო ლექსები აქვთ”.

 

მურღულიას რა ენაღვლება – ხვალ პრეზიდენტად ნოღაიდელი რომ მოჯდეს, მაშინვე “ადნაკლასნიკელების” პოეზიის საღამოს მოაწყობს და თუ “ფეისბუქელებს” 20-25 სტრიქონით ზღუდავს, “ადნაკლასნიკელებს” პოემებს დაუბეჭდავს - “ოდა პუტინს”, “ხოტბა “გაზპრომს”, “ქებათა ქება ჟირინოვსკის”. ისე, “ადნაკლასნიკელების” პოეზიის საღამოს მოწყობას სააკაშვილის მმართველობის პერიოდშიც არ გამოვრიცხავ.

 

ლევან გაჩეჩილაძე, კოკა გუნცაძე და ეროსი კიწმარიშვილი ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდნენ. ისხდნენ, ღვინოს სვამდნენ და ტელევიზორში “რემბოს” უცქერდნენ. გაჩეჩილაძე ღვინის ხარისხზე საუბრობდა, კიწმარიშვილი მაუწყებლობის ხარისხს აფასებდა, ოქრუაშვილი კომპეტენტურად დასცინოდა სტალონეს. რას აკეთებდა გუნცაძე?

რაც არ ვიცი – არ ვიცი. რაც არ ვიცი, იმაზე არ ვსაუბრობ. სწორედ ეს არის პოლიტიკური დებატების კულტურა.

 

“ერთადერთი, რაც ჩემს პირად მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს, ის არის, რომ, ცოტა წონაში დავიკელი”, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში გამოსვლისას”.

 

ამას ჰქვია პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობა. როცა ერთ უმშვენიერეს დღეს ყველას პასუხს მოთხოვენ, მიშა იტყვის, მე რა შუაში ვარ, მე მხოლოდ წონაში ვიკლებდიო. მიშამ იცის სად, როდის და რა თქვას.

 

ვერ შეეკამათები – კაცი წონაში იკლებდა. და ვინ სუქდებოდა?

 

ბენდუქიძე – იუდა!!!

 

წავედი.

 

... (წავედი ავჭალაში დასალევად) გაგულისდები ხანდახან: ამნაირი ქალაქიაო და მის მეტი არ უნდათ აფერი, არ იჭერენ აქანე და თუ არ დეიჭერენ უსაბუთობაზე, ხო ეგდება სანამ მიატანს, არადა გაგიშალენ პასპორტი, გევიდა ვიზა და ხარ მაინც აქანა, პანღური და შეგაჟენდნენ თვითმფრინავში, წაი შენ სახშიო. ბოდიში, პანღურს ვინ გაკადრებს, პადრუჩქით შეგიყვანენ.

(აკა მორჩილაძე, Maid In Tiflis)