9 აგვისტოს, ომის ვეტერანთა სამოქალაქო კავშირმა – საქართველოს ლეგიონმა რეგისტრაციის დღე გამოაცხადა. ორგანიზაცია, რომელიც ომის ვეტერანებს, თავდაცვის სისტემიდან დათხოვნილ ოფიცერთა უმრავლესობას და სამოქალაქო მოქალაქეებს აერთიანებს, მიხეილ სააკაშვილის მიერ გახმოვანებულ იდეას – ყველა სოფელში თავდაცვითი რაზმების შექმნის შესახებ ეპასუხება და აცხადებს:
„დიდი ყურადღებით დაველოდებით უსაფრთხოების სისტემაში შემუშავებული გეგმების განცხადებას, რამდენად უზრუნველყოფს ქვეყნის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გამტკიცებას. ამასთან, ქართული ლეგიონი თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ მაღალკვალიფიცირებულ უფროს ოფიცრებან ერთად, უახლოეს მომავალში შეიმუშავებს და საზოგადოების წინაშე განსჯისათვის წარმოადგენს საკუთარ ხედვას, თუ როგორ უნდა იყოს თავდაცვის სისტემა მშვიდობიანობისა და საომარი მოქმედების პერიოდში, სამობილიზაციო რესურსის გამოყენების და ორგანიზებული რეზერვის შექმნის წესი, ორგანიზაცია, დაკომპლექტება და განთავსება ტერიტორიის მომზადება მშვიდობიან პერიოდში“.
ქართული ლეგიონის შექმნა, თავისთავად საინტერესო ფაქტია, რაზეც ქვევით მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ პრესა.გე რუსეთ–საქართველოს ომიდან 2 წლის თავზე შეეცადა მიეღო პასუხები იმ მოვლენებზე, რასაც ხელისუფლებამ ხსოვნის კვირეული დაარქვა.
სიყალბე თუ პიარისთვის დაგეგმილი ღონისძიებები, პასუხისმგებლობის ტვირთი, რომელიც მხრებზე აწევს, როგორც ხელისუფლებას ისე საზოგადოებას, რატომ ვერ გამოგვაქვს განაჩენი დამნაშავეებისთვის და სად გადის ზღვარი ტრიბუნალსა და სახელმწიფო ინტერესებს შორის. რატომ ვერ იქცა ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ყაყაჩო რთიან სიმბოლოდ და როგორ უნდა ვაქციოთ ხსოვნის სევდიანი დღე სახალხო დღესასწაულად. ეს არის თემები, რომელზეც ინტერვიუ ჩავწერეთ ქართული ლეგიონის თავმჯდომარესთან გია ყარყარაშვილთან.
–პირველ რიგში, გვინდა სამძიმარი გამოვუცხადოთ აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს, მხნეობა ვისურვოთ ჩვენს ჯარისკაცებს და ამავდროულად, გვინდა გავაკეთოთ განცხადება – ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, უკვე საქართველოშიც შეიქმნა ქართული ლეგიონი, რომლის სიმბოლოც იქნება ყაყაჩო. ქართულ ცნობიერებაში, უფლისციხესთან ამოსული ყაყაჩო, როგორც დაღვრილი, ისე დასაღვრელი სისხლის მაცნე იყო ოდითგან და ამიტომ, ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში სწორედ ყაყაჩო იყოს, როგორც ხსოვნის, ისე სიკეთის და რწმენის სიმბოლო.
აგვისტოს ომის დასრულებისას, ალბათ, ბევრი ემოციური შეფასება გაკეთდა, ამიტომ საინტერესოა 2 წლის თავზე, ამ გადმოსახედიდან, თქვენთვის შეიცვალა თუ არა რაიმე ამ შეფასებებში?
–რაც მოხდა ყველამ შესანიშნავად ვიცით. ვიცით ის, რომ თუ სახელმწიფო არსებობს, მისი მთავარი ამოცანაა ომის თავიდან აცილება. ომი არ იწყება ერთ მშვენიერ დღეს მზის ამოსვლით და არ მთავრდება მთვარის ჩასვლით. ომს ყოველთვის წინ უძღვის ხელისუფლებების მიერ სახიფათო თამაშები, დაუფიქრებელი განცხადებები და რადიკალური ქმედებები. როცა სამხედრო პოლიტიკის არსენალში ჭარბობს ის მეთოდები, რომელიც ომის თავიდან აცილებას კი არა კონფრონტაციის გაღვივებას ემსახურება (სამხედრო, ეკონომიკური, პოლიტიკური, დიპლომატიური – ელჩის გამოწვევაც ერთ–ერთი ამის მიმანიშნებელია, რომ სახელმწიფოთა ურთიერთობა მწვავდება), ომები იწყება.
და მაინც მინდა გკითხოთ, ამ ომის ასაცილებლად ხელისუფლებას ნება არ ჰქონდა თუ რესურსი?
–ამ შემთხვევაში ამას მნიშვნელობა არ აქვს. მოხდა ის, რაც მოხდა, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა, დასავლეთის წამყვანმა ქვეყნებმა, იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, საკუთარი პოლიტიკა ჩვენს სასრგებლოდ ჩამოაყალიბეს, რათა არ გაგრძელდეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების პროცესი. ყველამ თავი შეიკავა უგუნური და უაპასუხისმგებლო ნაბიჯების შეფასებისგან და ჩამოყალიბებული მწყობრი პოლიტიკით, სავსებით სამართლიანად, გაეროს წესდების დარღვევას აგრესია, შემოჭრა და ერთი სახელმწიფოს მიერ, მეორე სახელმწიფოს ტერიტორიის დაკავება დაარქვა.
სამწუხაროთ თუ საბედნიეროდ, ჩვენ რომ ახლა ჩავუღრმავდეთ ხელისუფლების უპასუხისმგებლობას და უგუნურობას, ჩვენი ეროვნული ინტერესების საზიანოდ მივიღებთ იმას, რომ ნებსით, თუ უნებლიედ, ჩვენ არგუმენტს მივცემთ იმ აღიარებას, რომელიც ანგრევს ჩვენს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, რომლის გარეშეც, საერთოდ, ქართველობას აზრი არ აქვს. ამიტომ, ჩვენ, პოლიტიკოსებმა და საზოგადოებამაც უნდა მივიღოთ ის რეალობა, რაც გვაქვს. შეიძლება ჩვენ შიგნით გავაქილიკოთ და საყვედური ვუთხრათ ჩვენს ხელისუფლებას, მაგრამ ეს ვერ იქნება ჩვენი იარაღი. ეს რომ გახდეს ჩვენი იარაღი, მაშინ ჩვენ საკუთარი ხელით მოგვიწევს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დანგრევა.
2008 წლის აგვისტომდე ჩადენილი უპასუხისმგებლო ნაბიჯების, მოქმედებების ფონზე, ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიყოთ იმაზე უფრო უპასუხისმგებლოები და იმაზე უგუნურები, ვიდრე იყო ჩვენი ხელისუფლება. ის, რაც ყველამ კარგად იცის, მაგრამ არ ლაპარაკობს საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენც გვავალდებულებს ასე მოვიქცეთ.
საზოგადოებამ შესაძლოა, ბევრ რამეზე თვალიც დახუჭოს, მაგრამ მთავარი ისაა, ხელისუფლება ახლა მაინც აცნობიერებდეს მის უპასუხისმგებლო საქციელს. ამჩნევთ თუ არა მსგავს სინანულს ხელისუფლებას?
-ხელისუფლება ისევე, როგრც მანამდე, ქედმაღლობით და ამპარტავნობით არის დაკავებული. მე ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს ეს პასუხისმგებლობა, რადგან ეს პასუხისმგებლობა, როგორც უკვე აღვნიშნე, შესაძლოა, ჩვენი ეროვნული ინტერესების საზიანოდ იქნას გამოყენებული. თუმცა, 2 წლის თავზე, ყველა მართლმადიდებელს, რომ ეკუთვნის სინანული და ამას რომ ვერ ვხედავთ, ამაზე ყველაზე მეტად მტკივა გული. მოვლენამ, რომელმაც დაგვაკარგვინა ტერიტორიები, მოგვიტანა უამრავი დაღუპული ადამიანი და კვლავ შავებში ჩაცმული დედები.
ალბათ, ამის მიზეზია, რომ ამ ომს დღეს ორი სიმბოლო აქვს, ერთი – ხელისუფლების მიერ, გმირთა მოედანზე დადგმული მემორიალი, ხოლო მეორე, რომელიც მსოფლიოს კიდევ დიდხანს ემახსოვრება – ბრძოლის ველიდან სამარცხვინოდ გაქცეული მთავარსარდალი.
–ნუ დავაკავშირებთ ერთმანეთს. ჩვენ სხვა კუთხით უნდა შევხედოთ. არა იმ კუთხით, როგორი ბრძოლა იყო, რამდენ დღეში დამთავრდა და რა მოხდა, ჩვენ შევხედოთ იქედან, რომ 20, 25, 30 წლის ადამიანებმა, რომლებსაც ყავდათ შვილები, მეუღლეები, დედები დაასრულეს სიცოცხლე და შეეწირნენ იმ ტრაგიკულ მოვლენას, რაც საქართველოს გადახდა თავს. გლოვა, ხსოვნა და ჭირისუფლობა, ეს არის ქართველების ის ღირებულება, რომელიც ჩვენს ღირებულებას, ჩვენს ტრადიციულობას წარმოაჩენს.
იყო კი ეს რეალური გლოვა და ხსოვნისადმი პატივის მიგება, როცა სწორედ იმ ბიჭების ნაწილის შვილებს, დედებს, მეუღლეებს და ნათესავებს დღეს დევნილებად, შურაცხმყოფელ პირობებში უწევთ ცხოვრება და ხშირად ქუჩებშიც ერეკებიან?
–გეთანხმებით, ეს არ ჯდება არავითარ ლოგიკაში, მაგრამ ჩვენ მოვლენაზე ვლაპარაკობთ. ზუსტად ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ ხალხმა გლოვაც და ხსოვნაც უნდა ვაქციოთ იმ კატეგორიად, რომელშიც სიყალბე არ არის.
როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა ხსოვნაზე ვსაუბრობთ, რატომ იყოფიან გმირები ორად, რატომ არ ახსენდება სააკაშვილის ხელისუფლებას, როგორც თავად ამბობენ, შევარდნაძისდროინდელი გმირები, რომლებიც 90–ან წლებში იბრძოდნენ და თავი შესწირეს სამშობლოს?
–იმისთვის, რომ ეს გააკეთო, უნდა გტკიოდეს იმ ახალგაზრდების მოსწრაფებული სიცოცხლე და გული სინანულის განცდით უნდა გიძგერდეს. როცა ეს არ გტკივა და გმირების გახსენება მხოლოდ საქმეს სჭირდება, სწორედ ამიტომაა საზოგადოებაში უკმაყოფილების და უკმარისობის განცდა. ჩვენი ამოცანაა და ამისთვის შეიქმნა საქართველოს ლეგიონი, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ, ხსოვნაც და გლოვაც ვაქციოთ სახალხო დღედ.
შესანიშნავმა გაზეთმა „პრაიმ თაიმმა“ მიხედოს ვინ ვის გაშორდა, ვინ ვისთან აღმოჩნდა, რომელ საქათმეში შეიპარა მელა, მაგრამ ხალხი ვალდებული ვართ აგვისტოში ვიგლოვოთ აგვისტოს დაღუპულები, სექტემბერში ვიგლოვოთ სოხუმში დაღუპულები, ხოლო 26 მაისს ვიგლოვოთ ყველა დაღუპული და მათი ხსოვნისათვის, სწორედ ის ყაყაჩო, რომელიც მთელს მსოფლიოშია ხსოვნის სიმბოლო, უნდა გავხადოთ ხალხის საკუთრება. ეს არის ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანი და ვთვლით, რომ ეს დღე უნდა ვაქციოთ სახალხო დღედ, რომელიც არ გამორიცხავს, არც ლხინს და არც გლოვას.
შესაძლოა, დღეს პოლიტიკური ფონი არ მოგვწონდეს, რადგან ხსოვნას მეტი სინანული უხდება, მაგრამ ეს არ გვაძლევს უფლებას, რომ ზურგი შევაქციოთ ხსოვნის კვირეებს და ყაყაჩოს. ზედმეტმა პოლიტიზირებამ გაკეთა ის, რომ პირდაპირი ეთერიდან გამოსული ჟურნალისტი გულიდან იხსნის ყაყაჩოს.
საქართველოს ლეგიონი თვლის, რომ ხალხს სახლში უნდა ჰქონდეს ყაყაჩო და, როგორც კი გლოვის და თავდადებულთა პატივის მიგების დღე მოახლოვდება, ყველა ყაყაჩოს ემბლემით უნდა დადიოდეს. ეს იქნება სიკვდილზე გამარჯვება, ერთი მხრივ მიცვალებულის მშობლის ნუგეში, ხოლო მეორე მხრივ – სიამაყის და მხნეობის ელემენტი, რომელიც მუდამ შეახსენებს მომავალ თაობებს, რომ უგუნურებას ყოველთვის მოყვება მსხვერპლი.
აქ სულ დგას საკითხი პირველ რიგში – სახელმწიფო თუ ადამიანი. პირადად მე ყველა ომში მივიღე მონაწილეობა, მიცვალებულთა ცხედრებზე მომიწია გავლა და მერწმუნეთ, არცერთი პოლიტიკური მიზანი, არცერთი მიზეზი, ან საბაბი, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას აქვს, არცერთი იმ ბიჭის დაღვრილ სისხლად არ ღირს, მაგრამ ეს თვითონ უნდა შეიგნოს ხელისუფლებამ. ჩვენ, საზოგადოებას, მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ხელისუფლებას სიყალბე წავართვათ და ხსოვნის თარიღებიც გავხადოთ გულწრფელი.
როდესაც ადამიანებს ხელისუფლება უჩენს განცდას, რომ ისინი სახელმწიფოს არ სჭირდება და უყურებენ, როგორც საზარბაზნე ხორცს, როცა ადამიანები ხედავენ, რომ ვეტერანებს ქვეყანაში დაფასება არ აქვთ და სახელმწიფო მათზე არ ზრუნავს, ეს ართმევს თუ არა მოტივაციას თაობებს, რომ მათ თავი არ დაზოგონ და იბრძოლონ საკუთარი ქვეყნისთვის?
–გეთანხმებით, ასეა, მოტივაციას ართმევს, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, როცა ვხედავთ ყრუ კედელს, რომელსაც არ ესმის, რომ მეორე მხარეს არის ხალხი, საზოგადოება, ჩვენ ვართ ვალდებულები სწორად მოვიქცეთ. ჩვენ დღეს აღარც სასამართლოს უფლება გვაქვს აგვისტოს ომზე, რადგან, სამწუხაროდ, მისი განაჩენი ჩვენი ერის ინტერესების საზიანოდ შეიძლება იქნას გამოყენებული, მაგრამ, ჩვენ გვაქვს უფლება ხელისუფლება ვაიძულოთ, რომ სინანულის გრძნობით იცხოვროს. კონცერტებზე და საზეიმო ღონისძიებებზე კი არ მოიგონოს მიცვალებულები, არამედ, ეკლესიაში, მეტანიები გააკეთოს და მიწას თავი ურტყას, რომ რამენაირად მოინანიოს იმ დაღუპული ბიჭების წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა და რომ მან ვერ მოახერხა ომის თავიდან აცილება.