საგანმანათლებლო სისტემაში ორი სიახლეა. პირველი – სკოლებში სავალდებულო ცეკვის გაკვეთილებს ეხება, ხოლო მეორე – სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს. მეორე ინიციატივა უკვე განხორციელებულია, ხოლო ცეკვის თაობაზე დიდი განხილვები მიმდინარეობს.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, სკოლებში ცეკვის გაკვეთილები შემოდის. ახალი საგნის სწავლებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
სხვათა შორის, შეხვედრას ესწრებოდნენ ნაციონალური ბალეტის - ანსამბლ “სუხიშვილების”, სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ “ერისიონის”, ანსამბლ “რუსთავის” ხელმძღვანელები და სხვა ცნობილი სახელმწიფო ცეკვის ანსამბლების წარმომადგენლები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს თუ რა ფორმით უნდა მოხდეს სკოლებში ცეკვის გაკვეთილების დანერგვა, როგორ წარიმართება სწავლების პროცესი, ვინ ასწავლის და რა რესურსები იქნება ამისთვის გამოყენებული. ეს ის დეტალებია, სადაც პირველ რიგში პროფესიონალთა მოსაზრებებია გასათვალისწინებელი.
კონსულტაციები ახალი საგნის შემოღებასთან დაკავშირებით მომავალშიც გაგრძელდება. გარდა დარგის სპრეციალისტებისა, სამუშაო პროცესში ჩართულნი იქნებიან სამინისტროს სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტები, დაინტერესებული პირები, გათვალისწინებული იქნება ყველა კომპეტენტური მოსაზრება.
სკოლებში შემოვა, როგორც ქართული, ისე სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული ცეკვების შემსწავლელი თეორიული და პრაქტიკული კურსის სწავლება. ეს სიახლე პილოტირებას ჯერ რამდენიმე სკოლაში გაივლის და შემდეგ ყველა სკოლაში დაინერგება.
მეორე ინციატივა პრეზიდენტისგან არ მომდინარეობს. იგი განათლების სამინისტროში შეიმუშავეს და ახლა მისი განხორციელება მიმდინარებს. საქმე ეხება სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს, რომლებიც ახალ გარემოში ისწავლიან.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გურჯაანის, ბოდბისა და კოხნარის სკოლა-პანსიონებიდან 12 მოზარდი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილ თბილისის მე-200 სპეციალურ სკოლა-პანსიონში გადაიყვანეს.
სამინისტროს ინიციატივით, მოზარდები სწავლას მე-200 სკოლა-პანსიონში გააგრძელებენ. მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ისინი პირადად მოინახულა და მათი ცხოვრებისა და სწავლის გაუმჯობესებულ პირობებს გაეცნო.
შაშკინის თქმით, მოზარდები არასათანადო პირობებში ცხოვრობდნენ, სასწავლო პროცესში სერიოზული სირთულეები არსებობდა. მკურნალობის, სწავლისა და საზოგადოებაში ადაპტირებისთვის არ იყო შესაბამისი პირობები.
სააგენტო “ინტერპერსნიუსის” ცნობით, 12 მოსწავლე მე-200 სკოლაში მიყვანამდე კონსულტაციას ფსიქოლოგებთან და სოციალურ მუშაკებთან გადიოდა, დაიგეგმა ბავშვებისთვის გარემოში ინტეგრაციის ღონისძიებები, თითოული მოსწავლისათვის შემუშავდა ინდივიდუალური საგანმათლებლო გეგმა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შედგა პროგრამა, სადაც სკოლის ახალი ბენეფიციარები სკოლის სხვა მოსწავლეებთან ერთად ჩაერთვნენ ერთობლივ აქტოვობებში. სკოლას ჰყავს ფსიქოლოგები, მასწავლებლები, რომლებიც მუდმივ მონიტრონგს გაუწევენ ბავშვების საგანმათლებლო პროცესში ჩართულობას.