ლაიბნიცის მემორანდუმის, სულხან-საბას ვერსალში ვიზიტის და ნაპოლეონის შესახებ

ლაიბნიცის მემორანდუმის, სულხან-საბას ვერსალში ვიზიტის და ნაპოლეონის შესახებ

პრესა.გე-ს ბლოგში გამოქვეყნებულ წერილში ვცადე გამეცა პასუხი კითხვაზე, რით იყო განპირობებული ევროპაში სულხან-საბას ვიზიტის წარუმატებლობა. ვცადე მეჩვენებინა, რომ ეს წარუმატებლობა ევროპელთა მისტიკურმა “გულცივობამ” კი არ განაპირობა, არამედ ლუი XIV-ის უკიდურესად არაშორსმჭვრეტელურმა პოლიტიკამ.

მეფე-მზემ თავისი იმ დროისათვის გიგანტური რესურსების მობილიზებას და აღმოსავლეთით აქტიური პოლიტიკის წარმოებას ამჯობინა დაუსრულებელ ომებში ჩაბმულიყო.

 

გარეგნული ბრწყინვალების მიუხედავად, ამ ომებმა ისე გამოფიტეს საფრანგეთი, რომ მან ზღვაზე ბატონობა საუკუნეების განმავლობაში ბრიტანეთს დაუთმო.

საფრანგეთის რესურსების არნახული გამოფიტვა ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი გახდა იმისა, რომ მეფე-მზის გარდაცვალებიდან რამოდენიმე ათეულ წელიწადში საფრანგეთი რევოლუციის ტალღამ მოიცვა.

 

არადა, ლუის ჰქონდა შანსი ერთიანი დასავლური ალიანსის შექმნისა და აღმოსავლეთში აქტიური ექსპანსიის დაწყებისა. ამ შემთხვევაში სულხან-საბას ევროპაში მოგზაურობა სრულიად სხვა დატვირთვას შეიძენდა.

ევროპის ყველაზე შორსმჭრეტელი ადამიანები (ლუი XIV ნამდვილად არ განეკუთვნებოდა მათ რიცხვს) კარგად ჭვრეტდნენ იმას, რომ დადგა მომენტი, როდესაც დასავლეთს შეეძლო განეხორციელებინა ექსპანსია აღმოსავლეთის მიმართულებით. ამისათვის აუცილებელი იყო  ერთი რამ: ევროპულ სახელმწიფოებს შეეწყვიტათ გაუთავებელი ომები ერთანეთთან და ყურადღება აღმოსავლეთისაკენ მიეპყროთ. ამ ექსპანსიის ფუძემდებლურ წანამძღვრებს ცოტა მოგვიანებით ჰეგელი გაიაზრებს ფილოსოფიურად.

 

მან, სრულიად სამართლიანად, დასავლეთის ექსპანსიის აუცილებლობა და ამგვარი ექსპანსიის წარმატების საწინდარი ინდუსტრიული ერის დადგომაში დაინახა.

ახალი დროის დასავლური საზოგადოების დახასიათებისას ჰეგელი წერს: “ამ საზოგადოებას აუცილებლობით ახლავს თან მოსახლეობის და მრეწველობის პროგრესირებადი ჭარბწარმოება... ამასთან მთელი მისი სიმდიდრის მიუხედავად ეს საზოგადოება არაოდეს არ იქნება საკმარისად მდიდარი ე.ი. ვერ მოახერხებს მხოლოდ თავისი შინაგანი შესაძლებლობებიდან ამოსვლით აღკვეთოს სიღატაკის  და უქონელი მოსახლეობის ოდენობის ზრდა”.

 

მისთვის დამახასიათებელი პრობლემების გადასაწყვეტად დასავლური საზოგადოება იძულებულია ზღვისიქითა ექპანსიას მიმართოს. ჰეგელი აგრძელებს: “ამ დიალექტიკის თანახმად, კონკრეტული ბურჟუაზიული (=ინდუსტრიალური-კ.კ.) საზოგადოება იძულებული ხდება გავიდეს თავის საზღვრებს გარეთ, რათა თავისი პროდუქციის მომხმარებელი და შესაბამისად თავისი არსებობისათვის აუცილებელი საშუალება ჰპოვოს იმ ხალხებს შორის რომლებიც მას (ინდუსტრიალ საზოგადოებას -კ.კ.) ჩამორჩებიან ან მრეწველობის განვითარების დონით ან ტექნიკური უნარ-ჩვევებით”.

 

ჰეგელი შორსმჭვრეტელურად ხედავს, რომ ამგვარი ექსპანსიის საფუძველი საზღვაო ვაჭრობა და ოკეანეზე სამხედრო ბატონობაა (გავითვალისწინოთ: როდესაც ჰეგელი ამას წერდა, მისი მშობლიური გერმანია იმ გუბურაში ჭყუმპალაობით იყო დაკავებული, რომელსაც “ბალტიის ზღვა” ჰქვია).

ჰეგელი სახელდობრ აღნიშნავს:” “მსგავსად იმისა, როგორც ცოლ-ქმრული ურთიერთობისათვის უპირველეს პირობას მყარი ნიადაგი, მიწა წარმოადგენს, ასევე მრეწველობისათვის მაქსიმალურად მაცოცხლებელი სტიქია ზღვაა”.

 

ამგვარი თავის-თავის-გარეთ-გასვლის, ექსპანსიის პროცესში დასავლეთს ძირეულად უნდა შეეცვალა აღმოსავლეთი, იქ არსებული ძალთა ბალანსი, მისი ცხოვრების წესი.

ასე რომ, სულხან-საბას მისია ობიექტურად არ იყო მხოლოდ ცალმხრივი აჯის აქტი, მიმართული ლუი XIV-სადმი. ობიექტურად ის ერთგვარი პასუხი იყო მე–17-18 საუკუნის დასასრულის უმთავრეს ტენდენციებზე.

სულხან-საბას ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე ლუი XIV-მ აღმოსავლეთში ექსპანსიის გეოპოლიტიკური პროექტი მიიღო. პროექტის ავტორი დიდი ფილოსოფოსი და იმ ხანის უდიდესი ინტელექტუალი ლაიბნიცი იყო.

 

ლაიბნიცმა თავის ცნობილ სამახსოვრო ბარათში ლუი XIV-ს აღმოსავლეთისაკენ ექსპანსიის და სუეცის არხის გაჭრის პროექტიც კი შესთავაზა.

ადმირალი მეჰენი, საზღვაო ძალის სტრატეგიის ფუძემდებელი თავის კლასიკურ შრომაში წერდა:  “ეს იდეა ლაიბნიცმა, კაცობრიობის ერთ-ერთმა უდიდესმა შვილმა გაახმოვანა. ის ლუდოვიკოს უთითებდა, რომ ფრანგული იარაღის მიმართვა ეგვიპტის წინააღმდეგ გამოიწვევდა საფრანგეთის გაბატონებას ხმელთაშუა ზღვაზე და აღმოსავლეთთან ვაჭრობაზე კონტროლს, ეს კი ჰოლანდიაზე უფრო დიდი გამარჯვება იქნებოდა, ვიდრე ნებისმიერი წარმატებული კამპანია ხმელეთზე (იგულისხმება მეფე-მზის გაუთავებელი სახმელეთო ომები ჰოლანდიის წინააღმდეგ-კ.კ.). ასეთი შედეგი განაპირობებდა აუცილებელ მშვიდობას სახელმწიფოს შიგნით და შექმნიდა საზღვაო ძალას, რომელიც უზრუნველყოფდა დომინირებას ევროპაში”.

შემდეგ მეჰენი აგრძელებს:  “ეს პროექტი (ლაიბნიცის სამახსოვრო ბარათი) ჩვენი კვლევის საგანგებო ინტერესს წარმოადგენს, ვინაიდან ლაიბნიცი მეფეს ურჩევდა სავსებით შეეცვალა პოლიტიკა ანუ საფრანგთის ტერიტორიული განვრცობა განეხილა როგორც მეორეხარისხოვანი რამ და პრიორიტეტი ზღვისიქითა სამფლობელოებისათვის   მიენიჭებინა;

ქვეყნის სიდიადის საფუძველად იაზრებოდა ზღვაზე დომინირება და საზღვაო ვაჭრობის განვითარება. მოცემული მომენტისათვის საფრანგეთის უშუალო მიზნად განიხილებოდა ეგვიპტის დაპყრობა, მაგრამ პროცესი ამით არ უნდა დასრულებულიყო. ხმელთაშუა და წითელი ზღვებით გარემოცული ეგვიპტე იძლეოდა საშუალებას გაბატონებისა იმ სავაჭრო გზაზე, რომელიც დღეს სუეცის არხითაცაა შევსებული... ასეთი საზღვაო ძალას, რომელიც დისლოცირებული იქნებოდა ეგვიპტეში, ოსმალეთის იმპერიის დეგრადაციის პირობებში, ხელეწიფებოდა  არა მხოლოდ ინდოეთთან და შორეულ აღმოსავლეთთან, არამედ ლევანტთან (მაშინდელი გაგებით ახლოა ღმოსავლეთი+ბალკანეთი-კ.კ.) ვაჭრობის კონტროლი.

მაგრამ საქმე ამით არ დასრულდებოდა. ხმელთაშუა ზღვაზე ბატონობის აუცილებლობა, ისევე როგორც ქრისტიანულ ხომალდთათვის ჩაკეტილ წითელ ზღვაზე გასასვლელის გაჭრა აუცილებელს ხდიდა ეგვიპტის ორთავ მხარეს მიმდებარე პუნქტების დაკავებას.

ამას ნაბიჯ-ნაბიჯ მოჰყვებოდა საფრანგეთის მიერ ინდოეთის და ისეთი პუნქტების დაკავება, როგორებიც იყო მალტა, კვიპროსი, ადენი, როგორც ეს ინგლისის შემთხვევაში მოხდა. ეს ახლა ნათელია, მაგრამ საინტერესოა მოვუსმინოთ არგუმენტებს რომლითაც ლაიბნიცი საფრანგეთის მეფის დარწმუნებას ცდილობდა ორი საუკუნის უკან.

მიუთითებდა რა თურქეთის სისუსტეზე და იმაზე, რაოდენ იოლი იყო მისი შემდგომი მოშლა მისთვის ავსტრიის და განსაკუთრებით საფრანგეთის ისტორიული მოკავშირის პოლონეთის დაპირისპირებით;

 

უთითებდა რა, რომ საფრანგეთს არა ჰყავს ღირსეული მოწინააღმდეგე ხმელთაშუა ზღვაზე და რომ ეგვიპტის მეორე მხარეს ის ჰპოვებს პორტუგალიის კოლონიებს, რომელიც დაინტერესებული საფრანგეთის მფარველობაში, რათა ინდოეთში თავისი კოლონიები დაიცვას ჰოლანდიელთაგან, ლაიბნიცი აგრძელებდა: “ეგვიპტის დაპყრობა შეუდარებლად იოლია ვიდრე შეერთებული პროვინციებისა (იგულისხმება ნიდერლანდები). საფრანგეთს სჭირდება მშვიდობა დასავლეთით და ომები შორეულ მხარეებში (პირველ რიგში იგულისხმება ახლო აღმოსავლეთში –კ.კ.).

 

ჰოლანდიასთან ომი დიდი ალბათობით გაანადგურებს ახალ ინდურ კამპანიებს (იგულისხმება ვესტ- და ოსტ–ინდოეთთან ვაჭრობისათვის შექმნილი ფრანგული კამპანიები –კ.კ.,) ისევე როგორც კოლონიებს და საფრანგეთში ახლახანს გაცოცხლებულ ვაჭრობას.

 

ჰოლანდიასთან ომი გაზრდის გადასახადთა ტვირთს და შეამცირებს მოსახლეობის სახსრებს. ჰოლანდიელები თავიანთ გამაგრებულ პორტებში ჩაიკეტებიან და უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს, დაამყარებენ რა იმედს საზღვაო ძალებზე.

 

საკმარისია საფრანგეთმა ვერ მოიპოვოს სრული გამარჯვება მათთან ბრძოლაში, რომ დაკარგავს მთელ გავლენას ევროპაში. ეს გავლენა საფრთხის ქვეშ დადგება გამარჯვების შემთხვევაშიც.

ეგვიპტეში კი საფრანგეთის დამარცხება, რაც თითქმის წარმოუდგენელია, არავითარ ცვლილებებს არ გამოიწვევს ევროპაში, ხოლო გამარჯვება საფრანგეთს გააბატონებს ზღვებზე, აღმოსავლეთსა და ინდოეთთან ვაჭრობაზე, მიიყვანს გაბატონებულ მდგომარეობამდე ქრისტიანულ სამყაროში.

ეგვიპტის დაპყრობა გზას უხსნის დაპყრობებს, რომლებიც ალექსანდრეს დაპყრობების ტოლფასია, ხოლო აღმოსავლეთის მცხოვრებთა უკიდურესი სისუსტე არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს .

 

ვინც ფლობს ეგვიპტეს, ის აგრეთვე ფლობს ინდოეთის ოკეანის სანაპიროებსა და კუნძულებს. სწორედ ეგვიპტეში შეიძლება ჰოლანდიის დამარცხება, რამეთუ აქ დაკარგავს იმას, რაც მისი კეთილდღეობის საფუძველს წარმიოადგენს – აღმოსავლეთის საგანძურებს”.

ლუი XIV-მ ლაიბნიცის მემორანდუმი უპასუხოდ დასტოვა. ისევე როგორც სულხან-საბას თხოვნა საქართველოს მფარველობის  შესახებ. და ამ ორ მოვლენას  შორის გარკვეული სიღრმისეული ლოგიკა არსებობს.

 

საერთოევროპულ კონტინენტალური ჰეგემონობისათვის ბრძოლაში ლუი XIV-ს არაფერში სჭირდებოდა საქართველო (ეს იყო უარის მიზეზი და არა რაღაც მისტიკური ირანის შიში).

მაგრამ ვითარება ძირეულად შეიცვლებოდა თუ ლუი ლაიბნიცის მემორანდუმს მიიღებდა და გაერთიანებული, ან ყოველ შემთხვევაში ძლიერი ევროპული ძალებით აღმოსავლეთში ექსპანსიას დაიწყებდა.

 

ამ შემთხვევაში საქართველოს როლი სულ სხვაგვარად წარმოდგებოდა და ცხადია არც “ცივ უარზე” იქნებოდა ლაპარაკი გამართლებული. ეს სცენარი რომ სრულიად საალბათო იყო, ლაიბნიცის ოპტიმიზმითაც დასტურდება მისი პროექტის რეალიზაციიის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

მაგრამ საფრანგეთმა პროექტი არ მიიღო. შედეგად ზღვათა მპყრობელად ბრიტანეთი მოგვევლინა და არა საფრანგეთი. ბრიტანეთის საზღვაო ექსპანსიის სტრატეგიაში კი საქართველოს და საერთოდ კავკასიას სხვადასვხვა მიზეზების გამო არ ეჭირა მნიშვნელოვანი ადგილი, განსხვავებით ლაიბნიცის რეკომენდირებული კურსისგან.

 

ასე რომ, საქმე იმაში კი არაა, რომ ქართველები მაინცადამაინც ობოლი და უპატრონო ერი ვართ, არამედ იმაში, რომ ლუი XIV-ეს არ ეყო შორსმჭვრეტელობა ის გრანდიოზული პერსპექტივა დაენახა, რომელიც მის წინაშე იდგა და რომელსაც სხვადასხვა ფორმით და ერთმანეთისაგან აბსოლუტურად დამოუკიდებლა სთავაზობდნენ ლაიბნიციცა და სულხან-საბაც.

 

პროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებით ადმირალი მეჰენი წერს: “ ასი წლის შემდეგ ბევრად დიდი ადამიანი, ვიდრე ლუი XIV, ცდილობდა განედიდებინა თავისი თავი და საფრანგეთი იმ გზით, რომელზეც ლაიბნიცი უთითებდა;

 

მაგრამ ნაპოლეონს, განსხვავებით ლუი XIV-გან, არ ჰყავდა ამ ამოცანის განსახორციელებლად საჭირო ფლოტი... ლუდოვიკო, მიაღწია რა თავისი სამეფოს და ფლოტის განვითარების აპოგეას, მიადგა გზაგასაყარს და ირჩია გზა, რომელზე შედგომითაც საფრანგეთი დიდი საზღვაო ძალა ვერ გახდებოდა... ლუი XIV-ის მცდარმა პოლიტიკამ მისი მემკვიდრეები გასწირა წარუმატელობისათვის თავდაპირველად პერპექტიულ პოლიტიკაში ინდოეთის მიმართ “.

 

რაში მდგომარეობდა ლუი მეფე-მზის პოლიტიკის მცდარობა? იმაში, რომ მან ვერ გაიაზრა ინდუსტრიული ეპოქის ის თავისებურებები, რომლებზეც ზემოთ გვქონდა ლაპარაკი.

ლუდოვიკო თავს კვლავ აბსოლუტურ მონარქად აღიქვამდა (“სახელმწიფო, ეს მე ვარ”) და წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ XVIII საუკუნე იყო და ინდუსტრიული ერა იწყებოდა.

მან ვერაფრით გამოიცნო რაში მდგომარეობდა პაწაწინა ჰოლანდიის ძლიერება და, მით უფრო, ვერ განჭვიტა მომავალი მსოფლიო ჰეგემონის - ბრიტანეთის იმპერიის აღზევება.

 

ლუი, როგორც აბსოლუტური მონარქი, საფრანგეთის განდიდებას ფეოდალური ეპოქის დინასტიური ომებით ცდილობდა, რასაც ევროპაში გაუთავებელი ქაოსი მოჰყვა. აღმოსავლური პროექტი ამის გამო დაიღუპა და არა იმიტომ, რომ ევროპელებს “უზარმაზარი და უძლეველი ირანის ეშინოდათ”.

ასე რომ, სულხან-საბას პროექტი არც ისე უტოპიური იყო, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ლუი XIV-ს რომ ლაიბნიცისათვის დაეჯერებინა და მცდარი პოლიტიკა (მე არ ვაფასებ, ადმირალ მეჰენის სიტყვებია) არ აერჩია, მოვლენები შეიძლებოდა სრულიად სხვაგვარად გნვითარებულიყო.

მეჰენი ლაიბნიცის პროექტის რეალიზაციის მცდელობას ნაპოლეონს უკავშირებს, თუმცა ერთგვარი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ ნაპოლეონს არ ჰყავდა იმ დონის ფლოტი, რომელიც მოახერხებდა ლაიბნიცის მემორანდუმში დასახული მისიის შესრულებას.

თანაც, იმ არასრულ ას წელიწადში, რომელიც ლუი XIV-სა და ნაპოლეონის ზეობას შორის სუფევდა, ევროპულ პოლიტიკაში ორი ახალი ფაქტორი გაჩნდა: ბრიტანეთის სრული ჰეგემონია მსოფლიო ოკეანეზე და რუსეთის იმპერიის ძლევამოსილებისათვის საფუძვლის ჩაყრა. ამ ფაქტორებმა ნაპოლეონის პროექტის რეალიზება უტოპიად აქციეს.

გვხვდება რაიმე დასტური იმისა, რომ ნაპოლეონის წარმატების შემთხვევაში მისი პროექტი რაღაც ფორმით საქართვლოსაც შეეხებოდა? დიაღაც რომ გვხდება და ყველაზე უფრო სანდო წყაროში, რომელიც  კი შეიძლება არსებობდეს - ეს თავად ნაპოლეონ ბონაპარტია.

 

სამარცხვინოა, მაგრამ ჩვენს ლიტერატურაში მინიშნებაც კი არ არის ნაპოლეონის მდივან გრაფ დე ლას-კასასის დღიურებზე, რომლებსაც ეს უკანასკნელი წმინდა ელენეს კუნძულზე აწარმოებდა და რომელშიც სკრუპოლოზურად აღნუსხავდა ყოფილი იმპერატორის ყველა მნიშვნელოვან გამონათქვამს (ლას-კასასის როგორც მემატიანის კეთილსინდისიერება ეჭქვეშ არავის დაუყენებია).

 

ლას-კაზასის დღიურებში ვკითხულობთ ნაპოლეონის შემდეგ გამონათქვამს (29 მარტი, 1816 წელი): “ ეს კამპანია (რუსეთის - კ.კ.) წარმატებული რომ ყოფილიყო, მე ჩემი კონგრესები, ჩემი წმინდა კავშირები მეყოლებოდა (მინიშნება ვენის კონგრესსა და “წმინდა კავშირზე” ბრიტანეთის, რუსეთის, ავსტრიის, პრუსიის და საფრანგეთის შემადგენლობით - კ.კ.).

 

მთელი ევროპა ერთ ხალხად, ერთ ოჯახად იქცეოდა. ყველგან ერთი კანონები, ერთი ფულადი ერთეული, ერთი საზომები იქნებოდა. მე მოვითხოვდი რომ არა მხოლოდ ზღვები, არამედ მდინარეებიც კი გახსნილიყო საყოველთაო ვაჭრობისათვის, რომ სახელმწიფოთა ჯარები მხოლოდ მათი მეუფეთა გვარდიებით შემოფარგლულიყვნენ (წარმოიდგინეთ ზეპიკანტური სიტუაცია: ნაპოლეონი, როგორც ევროპის მთავარი პაციფისტი!!!-კ.კ.). დასრულდებოდა ჩემი დიქტატორული მმართველობა და დაიწყებოდა კონსტიტუციური მმართველობა... ასეთი იყო ჩემი ოცნებები”.

 

30 მარტის ჩანაწერში ლას კაზასი წერს, რომ ევროპაში წარმატების შემთხვევაში ნაპოლეონი აღმოსავლეთით დაიძრებოდა: ალეპოსკენ, დამასკოსკენ, ევფრატისაკენ..

აღმოსავლეთში კი როგორც ხაზგასმით ამბობდა ნაპოლეონი იმედი ჰქონდა ქრისტიანი ხალხების: სომხების, სირიელების, ქართველების. შემდეგ კი იმპერატორი, მისსივე თქმით, აპირებდა კონსტანტინოპოლისა და ინდოეთისაკენ წასულიყო; “წარმოიდგინეთ რა ცვლილებები მოხდებოდა დედამიწის ზურგზე” –პათეტიკურად განაცხადა დატყვევებულმა იმპერატორმა. 

 

ამრიგად ნაპოლეონის პროექტი, ლუი XIV-ს საპირისპიროდ, გულისხმობდა ევროპელთა ერთ ოჯახად ქცევას და აღმოსავლეთში ევროპის კონტროლის დამყარებას.

 

ამ პროექტში კი, როგორც თავად იმპერატორის გამონათქვამი ადასტურებს, ქართველებს არცთუ უმნიშვნელო როლი ენიჭებოდათ. უბრალოდ იმპერატორის მიერ დასახული ამოცანა იმდენად გრანდიოზული აღმოჩნდა, რომ მას თავი ნაპოლეონმაც კი ვერ გაართვა. არადა შანსი იყო. ისე საინტერესოა რა მოხდებოდა სულხან-საბა ვერსალში ლუი XIV-ს კი არა, ნაპოლეონ ბონაპარტს რომ მიეღო?