საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან გასაუბრების დეტალებს განმარტავს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ შორის გასაუბრება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ, ჟან კლოდ მინიონის ორგანიზებით გამართულ სადილზე მოხდა.
"ბატონი მინიონის ინიციატივით და მიწვევით ვიყავით იქ, მათ შორის იყვნენ რუსული დელეგაციის წევრები, რაც რატომღაც არ მოეწონათ ჟურნალისტებს. მე მოვახერხე სუფრასთან მათთან გასაუბრება, მოვახერხე გასაუბრება პოლონელ დეპუტატთანაც, რომელმაც ყველაზე მკაცრი კითხვა დამისვა, თუმცა ჟურნალისტებმა ამას არ მიაქციეს ყურადღება და რატომღაც მარტო რუსეთის დელეგაციის წევრებთან გასაუბრება დაიმახსოვრეს. სხვათაშორის, ძალიან დავუმეგობრდი პოლონელ პოლიტიკოს, რომელმაც გაუგებარი კითხვა დასვა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, საქართველოს პრემიერმა მისი სტრასბურგში ვიზიტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.
"ვფიქრობ, სტრასბურგში ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული და საერთოდ, ყველა საგარეო ვიზიტი მაქსიმალურად წარმატებით განვახორციელეთ. მგონი, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. აინტერესებდათ ახალი მთავრობა და დაინახეს; ვფიქრობ, კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ", - აღნიშნა ივანიშვილმა.