მიხეილ ყაველაშვილმა მკაფიო განაცხადი გააკეთა, როდესაც დანაშაულში მხილებულ ადამიანებს შანსი მისცა, რომ სრულყოფილად ჩაერთონ არჩევნების პროცესში, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
„წესით, ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, ვისაც სურს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ამ შანსით უნდა სარგებლობდეს და უნდა წერდეს შესაბამის განცხადებებს პრეზიდენტის სახელზე. თუმცა, ის გამოხმაურება, რომელიც მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, ერთ რამეზე მეტყველებს - რადიკალებს არა არჩევნებში მონაწილეობა, არამედ ქვეყანაში დესტრუქცია სურთ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
რამდენიმე ოპოზიციური პარტია პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებას გამოეხმაურა. პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ვთავაზობ მსჯავრდებულ პოლიტიკოსებს, მომმართონ განცხადებით შეწყალებაზე და დაადასტუროს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე".