ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან კობა დავითაშვილი გუნდს გაემიჯნებოდა, - ეს განცხადება ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გაზეთ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
ხუხაშვილის თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კობა დავითაშვილი ინდივიდუალისტი პოლიტიკოსია და არა - გუნდური მოთამაშე.
"ზოგადად, კრიტიკა სასარგებლოა, თუმცა არსებობს გარკვეული წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთასაც პოლიტიკური გართულებები მოყვება. კობა დავითაშვილი კრიტიკიდან ბრალდებებზე გადავიდა და დავით სერგეენკოს ორმხრივი გარიგებების სახით მძიმე და აბსურდული ბრალდება წაუყენა", - აცხადებს გია ხუხაშვილი.
მისივე თქმით, არსებული სიტუაციის განვითარების ორი სცენარი არსებობს - კობა დავითაშვილი დასაბუთებულ არგუმენტებს დაასახელებს და საჭირო განმარტებებს გააკეთებს ან გუნდიდან დეპუტატის დისტანცირება მოხდება, რაც სრულიად მოსალოდნელია.
დეპუტატმა კობა დავითაშვილმა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კერძო სადაზღვევო კომპანიების ლობირებასა და კორუფციაში დაადანაშაულა.
კობა დავითაშვილის ბრალდებას დავით სერგეენკომ უპასუხა და აღნიშნა, რომ დავითაშვილმა თავისი არგუმენტები დოკუმენტების საფუძველზე უნდა წარმოადგინოს ან საჯაროდ ბოდიში მოიხადოს. თუმცა, დავითაშვილი მინისტრისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს.