რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომის შემდეგ ორი წელი გავიდა და პოსტ-საბჭოთა სივრცეში სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ბარაკ ობამას მიერ კურსის შეცვლამ ნაყოფი გამოიღო. ავღანეთში ტვირთის ტრანზიტის გარდა, ვაშინგტონმა სერიოზული ყურადღება დაუთმო კიდევ ორ საკითხს, რომელზეც რუსეთმა თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა - ბირთვული არსენალების შემცირება და ირანი.
ევროპული ქვეყნები, რომლებიც ადრე ადამიანის უფლებების დაცვას და საკუთარ ეკონომიკურ ინტერესებს შორის ვითარდებოდნენ, ასევე იძულებულები გახდნენ ახალი, უფრო რეალისტური მიდგომა გაეზიარებინათ. გაზაფხულზე ისეთი დოკუმენტის გაფორმებასაც კი, რომლითაც სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტს იჯარის ვადა 2042 წლამდე გაუგრძელდა, ევროპაში განსაკუთრებული რეაქცია არ მოჰყოლია.
დღეს ჩვენ ერთგვარი საერთო დიპლომატიურ ხედვის მოწმეები ვართ: რუსეთთან ურთიერთობა უნდობლობის გარემოში არ უნდა ვითარდებოდეს. მოსკოვის მიერ ნატო-ს წევრი ქვეყნისგან სამხედრო ხომალდის შესაძლო ყიდვა (ამ შემთხვევაში საფრანგეთს და მის „მისტრალს“ ვგულისხმობ) სულ ცოტა ხნის წინ რაღაც წარმოუდგენელი რამ იქნებოდა. მეტიც, დასავლურ კანცელარიებში დღეს წამყვანი თემებია: ეკონომიკა და უსაფრთხოება.
ამ ღიაობის ატმოსფეროს შექმნაში, თავის მხრივ რუსეთმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მოსკოვი მრავალფეროვანი მიდგომის მომხრეა და აშშ-სთან და ევროპასთან დაახლოებაზე საუბრობს. რუსული ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის სერიოზული უცხოური ინვესტიციებია საჭირო. დიმიტრი მედვედევი მთელი რიგი ინიციატივებით გამოვიდა, მათ შორის ევროპის უსაფრთხოების სტრუქტურის შეცვლის წინადადებით, რაც აქტიური დებატების დასაწყისი გახდა.
კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ერთი წლის წინ ვაშინგტონის მიერ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის თავდაპირველი პროექტის განთავსებაზე უარის თქმა, რამაც ჩეხეთი და პოლონეთი შოკში ჩააგდო. ეს უკანასკნელი დიდი ხნის განმავლობაში მთლიანად შეერთებულ შტატებს ეყრდნობოდა, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს. დღეს პოლონელები საერთო ევროპულ თავდაცვით სისტემაზე ფიქრობენ, რომლის რეალიზაციამდეც სამწუხაროდ ჯერ კიდევ ძალიან შორია.
ბუშის თავისუფლების პროგრამა წარსულს ჩაბარდა. ვაშინგტონს გათვლა იმაზე ჰქონდა, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ფერადი რევოლუციების ტალღა მათ მოსკოვის გავლენისგან იხსნიდა. ასეთი პოლიტიკა, ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოვებასთან ერთად, ახალი რუსული ნაციონალიზმის გაღვივებისთვის ნოყიერ ნიადაგად იქცა.
თუმცა, როგორც ეს უკრაინის მაგალითმა ცხადყო, დემოკრატიაზე რეცეპტი არ გაიცემა. 2010 წლის დასაწყისისთვის ე.წ. „ნარინჯისფერი“ ძალები საბოლოოდ დამარცხდნენ, ვერ გაუმკლავდნენ რა შიდა პრობლემებს. ამჯერად არც მოსკოვი და არც ვაშინგტონი ბრძოლაში ღიად არ ჩაებნენ, თუმცა ხელისუფლება მთლიანად ვიქტორ იანუკოვიჩის, ქვეყნის აღმოსავლეთის რუსულენოვანი პარტიის ხელში აღმოჩნდა.
ივლისის დასაწყისში უკრაინა რუსეთთან და ყაზახეთთან ერთად საბაჟო კავშირში გაწევრიანდა, რასაც პერსპექტივაში მის ტერიტორიაზე ერთიანი ვალუტის სახით შეიძლება რუბლის შემოღება მოჰყვეს. გარდა ამისა, კიევი სულ უფრო მეტად იხრება დიპლომატიური ნეიტრალიტეტისკენ და ევროკავშირში ინტერგაციის გეგმების რეალიზაციას გაურკვეველი დროით აჭიანურებს.
ყველაზე მეტად ევროპაში შექმნილი პრაგმატული ატმოსფეროს გამო საქართველო დაზარალდა. პუტინის საძულველმა მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა პრივილეგირებული მხარდაჭერა ამერიკული ადმინისტრაციის მხრიდან, რომელსაც აღარ სურს საქართველოს შეიარაღებული ძალების სპონსორის იმიჯი ჰქონდეს. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე აღებული ვალდებულების გახსენება უკვე აღარავის სურს. პოლონეთმაც კი, რომლის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ომის დაწყებისთანავე თავის ბალტიისპირელ კოლეგებთან ერთად თბილისში გაემგზავრა, სააკაშვილის რეჟიმისგან დისტანცირება გადაწყვიტა.
თუმცა, იმის დაჯერება, რომ ეს ახალი სისტემა მტკიცეა, მაინც არ ღირს. 1991 წლის შემდეგ ჩვენ ბევრჯერ გავხდით მსგავსი დათბობის ფაზების მოწმე, როგორც ეს იყო, მაგალითად ბილ კლინტონის და ბორის ელცინის დროს. იმისთვის, რომ ურთიერთობებში კვლავ არ აგრილდეს, მათი გაფრთხილებაა საჭირო. მაგალითად, სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმება შეიძლება ამ შემოდგომაზე რესპუბლიკელების შეტევის მთავარი ელემენტი გახდეს. თუკი მას ხელი არ მოეწერება, ობამას პოზიცია სერიოზულად დაზარალდება.
განიარაღების საკითხის გარდა, რომლის ფარგლებშიც რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია ზესახელმწიფოს სტატუსზე პრეტენზია გააჩნდეს, არცთუ ბევრია ისეთი სფერო, სადაც მოსკოვი ვაშინგტონის პრიორიტეტულ პარტნიორად რჩება. აშშ დღეს პირველ რიგში ჩინეთთან, პაკისტანისა და ავღანეთის ზონასთან გამკლავებითაა დაკავებული. რუსეთი მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციებში („დიდი რვიანი“, „დიდი ოცეული“, კლიმატის სამიტი) აქტიურ როლს არ ასრულებს და საკუთარ საზღვრებთან ალიანსებზეა (შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, კასპიის ქვეყნები, საბაჟო კავშირი) კონცენტრირებული.
ახალი სიტუაცია არც იმ დავების დასრულებას ნიშნავს, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებობს. ყირგიზეთის პრეზიდენტის დამხობამ და იმ მოვლენებმა, რომელიც მას მოჰყვა, ამ მთიანი რესპუბლიკის მოწყვლადობა დაადასტურა. ექსპერტები ასევე ყურადღებით აკვირდებიან ისლამისტურ მოძრაობებს შუა აზიის ტერიტორიიდან ჩრდილოეთ კავკასიამდე. მოლდავეთი პოლიტიკური ბლოკადის პირობებშია, ხოლო ბელორუსის ბედი საიდუმლო ბურუსითაა მოცული. პრეზიდენტი ლუკაშენკო მოსკოვში საშინლად აღიზიანებთ. იმ რეჟიმის მომავალი, რომელიც დღემდე უარს ამბობს აფხაზეთის და სამხრეთ- ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე, გაურკვეველია.
იმავდროულად ყველაზე დიდი გაურკვევლობა რუსეთთან დაკავშირებით არსებობს. პრეზიდენტ მედვედევის მიერ ერთი წლის წინ დაწყებული საუბარი მოდერნიზაციაზე კონკრეტულ ქმედებებში დღემდე არ ასახულა. ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას მმართველი პარტია აკონტროლებს, ოპოზიცია კი ინტერნეტშია გამომწყვდეული. გარეგნული ღიაობა და შიდა ჩაკეტილობა – ასეთი სიტუაცია თავად რუსულ ელიტაშიც უამრავ კითხვას ბადებს. ნუთუ მომავალთან დაკავშირებული ყველა ეს ხმამაღალი გეგმა სტაგნაციისკენ მიდის?
[foreignpress.ge]