"ნაციონალურ მოძრაობაში" იმედოვნებენ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ ვიწრო პარტიულ, არამედ საქართველოს ინტერესებს დაიცავს.
"ჩემი იმედი, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის, არის ის, რომ თვეების შემდეგ მაინც გააცნობიერებს პრემიერ-მინსიტრი თავის როლს - ევროსაბჭოში ის წარმოადგენს არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიას, არამედ საქართველოს სახელმწიფოს. იმედი მაქვს, მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა, იგი მოგვევლინება საქართველოს ინტერესების დამცველად და არა პარტიული ბრძოლით დაბრმავებულ, ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მიმდევარ პოლიტიკოსად. ასევე, ჩემი იმედია, რომ ყურადღებით მოეკიდება კითხვებს და დისკუსიას, რომელიც გაიმართება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" სტრასბურგში მყოფმა ქართული დელეგაციის წევრმა, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა.
რაც შეეხება იმას, როგორია მისი მოსაზრება საქართველოს ახალი ხელისუფლებისადმი ევროსაბჭოს დეპუტატების განწყობასთან დაკავშირებით, კანდელაკის თქმით, აღნიშნული მისთვის უცნობია, რადგან დელეგაციის უმცირესობის წევრებს არც ერთ ორმხრივ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.
"ორმხრივ შეხვედრებს ბიძინა ივანიშვილი მართავს. არც ერთ ორმხრივ შეხვედრაში უმცირესობის წევრებს მონაწილეობა არ მიგვიღია, რაც თავისთავად სამწუხარო ფაქტია და მეტყველებს სწორედ იმაზე, რომ ივანიშვილმა ბოლომდე ვერ გააცნობიერა ის პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრია – წარმოადგენდეს საქართველოს საზღვარგარეთ. გუშინ ასევე გაიმართა თანამომხსენებლებთან და რამდენიმე წამყვან დეპუტატთან ლანჩი, სადაც უმცირესობის წარმომადგენლები, მიუხედავად იმისა, რომ პროტოკოლით გვეკუთვნოდა, არ დაგვპატიჟეს, რამაც გამოიწვია საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების გაკვირვება და უკმაყოფილება", - აღნიშნა კანდელაკმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი თბილისის დროით 14:00 საათზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა, რის შემდეგაც დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.