პარლამენტში "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების და დამატებების პროექტის ხელახალი ინიცირება მოხდა.
საუბარია პროექტზე, რომელიც ზვიად ქორიძემ, ლაშა ტუღუშმა, ელისო ჩაფიძემ, თამარ კორძაიამ მოამზადეს და რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლისა და აჭარის ტელევიზიის რეფორმირებას ითვალისწინებს.
პროექტი, რომელზეც მსჯელობა და უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ცხარე დებატები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, დეპუტატ ელისო ჩაფიძის ინიციატივით პარლამენტმა უკან გაიწვია. ბიუროს გუშინდელ სხდომაზე კი "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის ახალი ვარიანტის ინიცირება მოხდა. საკითხის ინიციატორები ჩაფიძე და მასთან ერთად მურმან დუმბაძე არიან.
"პარლამენტში თავდაპირველად ინიცირებული პროექტის უკან გაწვევა იმან განაპირობა, რომ რამდენიმე საკითხი იყო, რაც კონსულტაციების გაგრძელებასა და ვარიანტების შეჯერებას საჭიროებდა. სამი კომიტეტის: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საპროცედურო საკითხთა და რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაფართოებულ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საკითხი ხელახლა დამუშავებულიყო. კანონპროექტის ახალ ვარიანტში საუბარია, თუ რა ფორმით ყალიბდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი - მას აჭარის მთავრობა შექმნის, ასევე გადაეცემა ქონება, რომელიც აჭარის მთავრობის საკუთრებაა. ამ შემთხვევაში ქონებასთან დაკავშირებული საკითხები პრობლემატური და სადაო იყო. ახალ პროექტში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი კომისიის შექმნის ინიციატივა, რომელიც იმ კანდიდატებს გაცხრილავს, რომელთაც აქვთ სურვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე იყარონ კენჭი. მოხდა ამ მიმართულებით მექანიზმების დამუშავება და შეჯერება", - განმარტთა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ზვიად ქორიძემ.
ამასთან, პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბიუროს წევრებმა გუშინდელ სხდომაზე კენჭი უყარეს "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის კანონპროექტის ინიციატორის მოთხოვნას, მისი დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე. კენჭისყრის შედეგად წარმოდგენილ კანონპროექტს პარლამენტი ჩვეული რეჟიმით - არადაჩქარებული წესით განიხილავს, რადგან აღინიშნა, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია საკითხის საფუძვლიანად შესწავლა და განხილვა.