საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე შეკითხვის დასმის მსურველთა რაოდენობა უპრეცედენტოა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თინა ხიდაშელმა განუცხადა, შესაბამის სიაში ჩაწერილთა რაოდენობა უკვე 40-მდე ავიდა.
"ხვალ, როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა, შემდეგ კი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს. რაიმე განსაკუთრებულს არ ველოდები, თუმცა ვფიქრობ, საინტერესო დისკუსია იქნება, რადგან უპრეცენდენტოდ ბევრია იმ ადამიანთა რაოდებობა, ვისაც ბიძინა ივანიშვილისთვის შეკითხვის დასმა სურს - უკვე 40-მდე ავიდა სიაში ჩაწერილთა რიცხვი. ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია. მაქსიმალურად იქნება დაცული პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქვეყნებს შორის ბალანსი, სწორედ ამიტომ, ველოდები, რომ მივიღებთ მრავალფეროვან კითხვებს, რაც უფრო საინტერესოს გახდის ხვალინდელ დღეს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი იმედს გამოთქვამს, რომ დეპუტატები კრიტიკულ შეკითხვებსაც დასვამენ.
"იმედი მაქვს, რომ იქნება კრიტიკული შეკითხვები, რადგან სხვანაირად ხვალინდელ დღეს ინტერესი არ ექნება _ მხოლოდ ამის მოსმენა, "როგორი კარგები ხართ", "მევესალმებით" - როგორც წესი, არ არის საინტერესო", - აღნიშნა დეპუტატმა.
რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ხიდაშელის განმარტებით, ის ორმხრივ შეხვედრებს ეთმობა.
"უკვე გაიმართა შეხვედრა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ასევე იყო საქმიანი ვახშამი, რომელსაც, საქართველოს, როგორც ქვეყნის მონიტორინგის ჯგუფის წევრები და რუსეთ-საქართველოს ომის თემის მონიტორინგზე მომუშავე დეპუტატები ესწრებოდნენ. დღეს შეხვედრები ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან და ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართანაც გაიმართება. უკვე ოთხშაბათს კი, ბიძინა ივანიშვილი რუმინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდება", - განაცხადა ხიდაშელმა.