"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძეს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის შესახებ, "ძალიან არ მოეწონა" .
როგორც ბურჯანაძემ გადაცემა "პოზიციაში" აღნიშნა, არ სურს იფიქროს, რომ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" მეორე პოლიტიკურ ცენტრად "ნაციონალურ მოძრაობას" განიხილავს.
"საქართველოს მოსახლეობამ "ნაციონალურ მოძრაობას" ნათლად უთხრა "არა". პარლამენტში არსებული ბალანსი მოსახლეობის განწყობას არ ასახავს. "ნაციონალურ მოძრაობას" ხმათა 40% არ მიუღია. გარდა ამისა, სამართლიანობის აღდგენა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ მოსახლეობას აქვს ლეგიტიმური, არგუმენტირებული პრეტენზია, რასაც ჯერ პასუხი არ გასცემია. ამ პასუხების გაცემის შემდეგ, გამოძიებების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" ლეგიტიმური ოპოზიცია ვერ იქნება", - განაცხადა ბურჯანაძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტიის ხელმძღვანელ პირებს ხალხის წინაშე მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი.