შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი - 1957 წელს დაბადებული გ.ბ., 1980 წელს დაბადებული რ.ა. და უკრაინის მოქალაქე 1970 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს.
მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი "მცენარე კანაფის" უკანონო დათესვა-მოყვანა.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, შემდგომი რეალიზაციის მიზნით დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: 300 გრამზე მეტი „კოკაინი“, 479 აბი „მეთადონი“, 283 შეკვრა „მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, კერძოდ: წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და ელექტრო სასწორები. ასევე ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.