ბოლო 48 საათია, რუსეთის მთავარ საინფორმაციო საშუალებებში ზეიმია, რომ საქართველომ ომის დაწყება საბოლოოდ აღიარა, - ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ვარშავაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და დასძინა, რომ "ამ თემაზე პოლონეთშიც გაუგებრობა, მხრების აჩეჩვა და სკანდალია".
2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
"ჩვენ უკვე შევეჩვიეთ ერთი და იგივე სურათს, როდესაც გამოდის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ამბობს რაღაც უცნაურს და აბსოლუტურად მიუღებელს. შემდეგ ჩნდებიან მისი მრჩევლები და განმარტებას მოაყოლებენ, თუ რას გულისხმობდა პრემიერ-მინისტრი. როცა ეს შიდა სისულელეებს ეხება, ამაზე არასდროს კომენტარს არ ვაკეთებ და ამას შეიძლება საერთოდ არ მივაქციო ყურადღება, მაგრამ ეს არ არის საბავშვო ბაღი. ის, რაც მან ამ ორი დღის წინ თქვა, იყო საქართველოს ფუნდამენტური საკითხების გადახედვა. მან განაცხადა ზუსტად ის, რასაც მთელი ეს წლებია რუსეთი აცხადებს. რუსეთს არასდროს უთქვამს, რომ მას საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ის ამბობდა, რომ საზღვარი გადმოკვეთა მას შემდეგ, რაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა იმოქმედეს. ყველამ - დაწყებული ტალიავინის კომისიიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებით დამთავრებული, თქვეს, რომ შემოსული იყვნენ და საქართველო იძულებული იყო, რომ ეპასუხა. ყველამ რუსეთი ოკუპანტად და აგრესორად გამოაცხადა. ასე რომ, მან პირველად, გარდა უგო ჩავესისა, პუტინისა და მედვედევისა, კიდევ დაადასტურა მსოფლიოში ის, რასაც მთელი ეს წლებია რუსები ამბობდნენ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, "ბოლო 48 საათია, რუსეთის მთავარ საინფორმაციო საშუალებებს მორთული აქვს ღრიანცელი, აჟიოტაჟი და ნამდვილი ზეიმი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ საბოლოოდ აღიარა". პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ "პოლონეთშიც ამ თემაზე გაუგებრობა, მხრების აჩეჩვა და სკანდალია". "ახლა გინდა განმარტებები მიეცი და გინდა ბოდიშები და გადათქმები აკეთე, სიტყვა უკვე გამოშვებული და ნათქვამია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.