თურქული მხარე თანახმაა, გაითვალისწინოს ქართველი სპეციალისტების რეკომენდაციები იშხნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ყველა ეტაპზე. 17 აპრილს კი, თურქეთში ქართველი სპეციალისტებისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ამის შესახებ გადაწყვეტილება ანკარაში, თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარისა და თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე ოზგურ ოზასლანის ოფიციალური შეხვედრისას მიიღეს.
"თურქულმა მხარემ სრულად გაიზიარა ქართული მხარის პოზიცია, რომ მნიშვნელოვანი იქნება ქართველი სპეციალისტების ჩართვა რეკომენდაციებისა და მითითებების შესამუშავებლად, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს სამუშაოები იშხანზე და რა ხარვეზების გამოსწორებაა შესაძლებელი. თურქული მხარე თანახმაა, გაითვალისწინოს ქართველი სპეციალისტების რეკომენდაციები იშხნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ყველა ეტაპზე. მარინე მიზანდარისა და ოზგურ ოზასლანის შეხვედრაზე, ასევე, შედგა სიტყვიერი შეთანხმება - თურქეთის მხარის კეთილი ნების ნიშნად, ქართველი სპეციალისტები იშხანთან ერთად ოშკსაც მოინახულებენ", - ნათქვამია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე, თურქეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, თურქეთის კულტურული მემკვიდრეობისა და მუზეუმების გენერალური დირექტორატის დირექტორი აბდულა კოჯაფინარი, საგარეო ურთიერთობისა და ევროკავშირთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ონურ გოზე.