საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ახლა გინდა, განმარტებები და 50-გვერდიანი ბოდიშები თქვი, სიტყვა ნათქვამია და მსოფლიოს უკვე მოედო".
ასე გამოეხმაურა სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომთან და პრეზიდენტის დაკითხვასთან დაკავშირებით გაკეთებულ მორიგ განმარტებას.
"ჩვენ ყველანი უკვე შევეჩიეთ ერთი და იმავე სურათს. გამოდის საქართველოს პრემიერი და სრულიად უცნაურსა და მიუღებელს ამბობს, შემდეგ კი ალბათ, ღამე მისი მცველები ჩნდებიან და რამდენიმეგვერდიან განმარტებას მოაყოლებენ იმას, თუ რას გულისხმობდა ბატონი პრემიერ-მინისტრი. როცა ეს ეხება რაღაც შიდა სისულეელეებს, სხვა არ შეიძლება, ამას რამე ვუწოდო, მე ამაზე კომენტარს არასოდეს ვაკეთებ და შეიძლება, ამას ყურადღება საერთოდ არ მივაქციოთ, მაგრამ ეს არ არის საბავშვო ბაღი. ის, რაც მან ორი დღის წინ თქვა, ეს იყო საქართველოს სუვერენიტეტის ფუნდამენტური საკითების გადახედვა და ის არ არის ოპოზიციის ლიდერი, ან რუსეთში ნაშოვნი მილიარდების მფლობელი, ის ამჟამად საქართველოს ოფიციალური პირია. მან განაცხადა ის, რასაც მთელი ეს წლებია, რუსეთი აცხადებდა. რუსეთს არასოდეს არ უთქვამს, რომ მან საქართველოს საზღვარი არ გადაკვეთა. რუსეთი ამბობდა, რომ მან საქართველოს საზღვარი მას შემდეგ გადმოკვეთა, რაც საქართველომ შეიარაღებული მოქმედება დაიწყო. ყველა - დაწყებული ტალიავინის დასკვნიდან დამთავრებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებდა, რომ რუსეთი შემოსული იყო და შემდეგ საქართველო იძულებული იყო, რომ ეპასუხა. ყველამ რუსეთი ოკუპანტად და აგრესორად გამოაცხადა. ასე, რომ მან პირველმა, გარდა უგო ჩავესისა, პუტინის, მედვედევისა და რუსეთის სხვა ოფიციალური პირებისა, მსოფლიოში პირველად კიდევ ერთმა თანამდებობის პირმა ის დაადასტურა, რასაც რუსები ამბობდნენ. ახლა მართლა თავს ხომ არ გავისულელებთ. ბოლო 48 საათი რუსეთის საინფორმაციო სამსახურებს ღრიანცელი, აჟიოტაჟი და ნამდვილი ზეიმი აქვთ გამართული - აბა, რას გეუბნებოდითო, საქართველომ ეს აღიარა. ახლა გინდა, განმარტებები თქვი და გინდა 50-გვერდიანი ბოდიშები, სიტყვა უკვე ნათქვამია და ეს სიტყვა მსოფლიოს უკვე მოედო. მათ შორის, პოლონეთში გაუგებრობა, მხრების აჩეჩვა და სკანდალია ამ თემაზე", - განაცხადა სააკაშვილმა.