თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბრალდებული ბაჩო ახალაია მოსამართლემ სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევა. ამის მიზეზი ბაჩო ახალაიას მხრიდან პროკურორთან და საქმის ერთ-ერთ მოწმესთან პოლემიკაში შესვლა გახდა. მოსამართლე გიორგი დარახველიძემ ახალაიას განუმარტა, რომ პოლემიკაში შესვლის უფლება არ ჰქონდა და თუკი ასე გააგრძელებდა, დარბაზიდან გააძევებდა. ახალაიამ უპასუხა, რომ ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, რის შემდეგაც, დარბაზიდან გააძევეს.
პროცესზე, პროტესტის ნიშნად, ბაჩო ახალაიას ერთ-ერთმა ადვოკატმა რომეო საჯაიამ განაცხადა, რომ თავადაც ტოვებდა დარბაზს.
მოსამართლე დარახველიძემ მას განუმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში ის დაჯარიმდებოდა. რემეო საჯაიამ დარბაზი მაინც დატოვა, რის გამოც, მას 500- ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას პროცესი ამ დრომდე გრძელდება, თუმცა დარბაზი პროტესტის ნიშნად დამსწრეთა ნაწილმაც დატოვა.
ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობისდროინდელ ბრალდებებზე სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას დღეს რამდენიმე მოწმე დაიკითხა, მათ შორის ორი მოქმედი და სამი ყოფილი სამხედრო პირი.