მოკლული ბიზნესმენის, ავთანდილ ადუაშვილის ოჯახის ახლობელი ზაზა მესხი არ გამორიცხავს, რომ ადუაშვილის მკვლელობაში ბრალდებულები ჩვენებებს სოსო პავლიაშვილის ზემოქმედების შედეგად ცვლიდნენ. როგორც ზაზა მესხმა დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, აქვს ინფორმაცია, რომ პავლიაშვილის ცოლის ძმას, ბრალდებულ ვახტანგ ჩხაპელიას და სხვა ბრალდებულებს პროკურატურისთვის ჩვენება ზეწოლის ქვეშ არ მიუციათ.
"ბრალდებულ ჩხაპელიას შეეძლო, მანამდე განეცხადებინა, რომ ჩვენება პროკურატურის ზეწოლის შედეგად მისცა, სანამ საქმე სასამართლოს გადაეცემოდა. ახლა კი ამის თქმა თვითგადარჩენის ინსტინქტია. რატომ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულებზე ზემოქმედებას მეორე მხარე, ანუ თავად სოსო პავლიაშვილი ახდენდეს და სწორედ ამის გამო სურდეთ ჩვენებების შეცვლა", - განაცხადა ზაზა მესხმა, რომელიც საქმეში მოწმის სტატუსით არის წარმოდგენილი.
მისი თქმით, სოსო პავლიაშვილს და ავთანდილ ადუაშვილს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა ბოლო პერიოდში მათ ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა. ამის კონკრეტული მიზეზი ადუაშვილის ნათესავმა არ იცის.
როგორც ცნობილია, ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობაში ბრალდებულები პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებებს, სადაც ისინი ბრალს აღიარებენ, ცვლიან. ამის შესახებ დაცვის მხარის ადვოკატებმა განაცხადეს და აღნიშნეს, რომ ჩვენებები ზეწოლის შედეგად არის მიცემული.
ამასთან, ერთ-ერთი ბრალდებულის, ვახტანგ ჩხაპელიას ჩვენების მიხედვით, ადუაშვილის დასჯისთვის საჭირო თანხა - 50 ათასი დოლარი მისმა ცოლის ძმამ, სოსო პავლიაშვილმა გადაიხადა.