საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაკითხვის საკითხზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს.
"მინდა, განცხადება გავაკეთო და ნათელი მოვფინო ჩემს პასუხს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე 2008 წლის ომის გამო პრეზიდენტის დაკითხვასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, რომელმაც სრულიად უსაფუძვლო აჟიოტაჟი გამოიწვია. ომის თემას მხოლოდ ამ შეკითხვის კონტექსტში შევეხე და ხაზი გავუსვი პრეზიდენტის დამოკიდებულებას დაკითხვის მიმართ.
2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, პირველ რიგში, მინდა განვაცხადო – მე არასოდეს მითქვამს, რომ საქართველო იყო აგრესორი და ომი დაიწყო. ჩვენს ჯარს არ გადაუკვეთავს სხვა ქვეყნის საზღვარი და არ გადასულა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. სწორედ რუსეთმა დაარღვია სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული საზღვრები და განახორციელა აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რასაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.
ამასთან, მისივე განმარტებით, ამის მიუხედავად, "ჩვენი ვალია, უპასუხოდ არ დარჩეს არც ერთი კითხვა, რომელიც აღელვებს ჩვენს საზოგადოებას".
"ჩვენ უნდა გამოვიძიოთ და დავადგინოთ სიმართლე, რაც დარწმუნებული ვარ, არავითარ შემთხვევაში არ დააზარალებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს და ვერაფერი შეეხება მის ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან, რაც არ უნდა ემოქმედა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, ეს არ ამართლებს რუსეთის აგრესიას.
სიმართლის დადგენა აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის, მიუკერძოებელი გამოძიება დაასრულებს ომის თემით სპეკულაციებს, სამართლიანობის პრინციპის დამკვიდრება აამაღლებს საქართველოს ავტორიტეტს, მის სანდოობას. საჭიროა პასუხი გაეცეს ბევრ კითხვას, რომელიც ომთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების მიმართ არსებობს – რატომ ვერ შეძლო სააკაშვილმა აშკარა პროვოკაციის თავიდან აცილება, როგორ მოქმედებდა მთავარსარდალი და მთავრობა, რატომ ერეოდნენ ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები სამხედრო ოპერაციის მართვაში, რამაც ქაოსი და არეულობა გამოიწვია, რატომ მოჰყვა ამხელა მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობას შორის, რატომ ვერ შეძლო მთავრობამ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, როგორ დარჩნენ მეთაურის გარეშე ჩვენი რეზერვისტები, რომლებიც შემთხვევით გადაურჩნენ სიკვდილს,და მრავალი სხვა.
არავინ აყენებს ეჭვქვეშ ჩვენი შეიარაღებული ძალების თავდადებას, მათ გმირობას – ასობით ახალგაზრდა შეაკვდა ამ უთანასწორო ბრძოლას. კითხვები მხოლოდ პოლიტიკური ხელმძღვანელობის – მთავარსარდლისა და მთელი მთავრობის მიმართ ისმება და ისინი ვალდებული არიან კანონის წინაშე გასცენ პასუხი ამ კითხვებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ბიძინა ივანიშვილის აზრით, დამთავრდა ის დრო, როდესაც სააკაშვილი თავად განსაზღვრავდა, ვის უნდა ეპასუხა ხალხისთვის მტკივნეულ კითხვებზე და ვის - არა.
"ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა დამთავრდეს ეპოქა, როდესაც ქვეყნის მმართველი კანონზე მაღლა აყენებს თავს. ახლა კანონის უზენაესობა არის მთავარი და ყველას, მათ შორის პრეზიდენტს, იმდენჯერ მოუწევს დაკითხვაზე მისვლა, რამდენჯერაც საჭირო იქნება.
ის, რომ სააკაშვილი რუსეთის პროვოკაციას წამოეგო, უდავოა, თუმცა არც რუსეთი აღმოჩნდა ამ პროვოკაციით მოგებული და იმედია, ამას კარგად აცნობიერებენ თავად რუსეთშიც.
მჯერა, რომ სწორი, დიპლომატიური და გააზრებული ნაბიჯებით ჩვენი ქვეყანა აუცილებლადშეძლებს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას", - ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.