გამოძიებასთან თანამშრომლობა ადამიანის სურვილზე არ არის დამოკიდებული, ეს ყველას მოუწევს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის დაწყებამდე სასჯელაღსრულების მინისტრმა, სოზარ სუბარმა განუცხადა.
როგორც მინისტრმა პრეზიდენტის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს პასუხისმგებლობის ეშინია.
"საერთაშორისო სასამართლოს ეთნოწმენდასთან დაკავშირებით მიმართეს სხვადასხვა დროს თინათინ ხიდაშელმა და უჩა ნანუაშვილმა, შესაბამისად, ჩვენ საერთაშორისო ვალდებულება გვაქვს ჩავატაროთ გამოძიება და გავარკვიოთ სიმართლე. გამოძიებასთან თანამშრომლობა ადამიანის სურვილზე დამოკიდებული არ არის და ეს ყველას მოუწევს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის თემატიკაზე გამოძიება დაწყებულია ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში და სწორედ ის ავალდებულებს საქართველოს მთავრობას შეისწავლოს რა მოხდა ქვეყანაში 2008 წელს.
"ძალიან საინტერესია, რატომ ეშინია სააკაშვილს ამ გამოძიების", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
საქართველოს პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მისი დაკითხვის ალბათობას გუშინ პოლონეთიდან გამოეხმაურა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა,
"ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს".