განათლების მინისტრი მიხეილ სააკაშვილს სახალხო მთქმელს ამსგავსებს და აცხადებს, რომ მისი გამონათქვამების კომენტირება უჭირს.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, სააკაშვილის განცხადებების კომენტირებით უკვე დაიღალა და ეს განსაკუთრებით მას შემდეგ უჭირს, რაც საქართველოს პრეზიდენტს ავტოკატასტროფა შეემთხვა.
"აღლუმი არის სასიხარულო დღე, ჩვენ ყველას გვახარებს ეს დღესასწაული და როგორ გამოვხატავთ ამ სიხარულს, ეს სხვა საკითხია. მთავარია, რომ ჩვენ ყველას გვეამაყება 26 მაისი. ერთადერთი 26 მაისი, რომელიც მე არ მეამაყება ეს არის 2011 წლის 26 მაისი. რატომ მაკეთებინებთ კომენტარებს სააკაშვილის განცხადებებზე, რომელიც უკვე სახალხო მთქმელია, აფორიზმებს ამბობს და მე ამ აფორიზმების გაშიფვრა ძალიან მიჭირს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 26 მაისს სამხედრო აღლუმის გამართვის აუცილებლობას ვერ ხედავს.
საქართველოს პრეზიდენტმა კი, გუშინ ასეთი კომენტარი გააკეთა - ”დღეს ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც დამოუკიდებლობის აღლუმის ჩატარება ეთაკილება”.